რეზონანსი
28.06.2025

ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენი მომავალი თაობები, ჩვენი ახალგაზრდები მაქსიმალურად ავაცილოთ ნარკო დამოკიდებულებას და ნარკოტიკის მოხმარებას, - განაცხადა ნარკოპოლიტიკისა და ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე საუბრისას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა".

მან აღნიშნა, რომ პრემიერის ინიციატივაზე პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე მომავალ კვირაში იმსჯელებს.

„პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ სამი დღის წინ დააანონსა ეს თემა და მომავალ კვირაში პრეზიდენტის ბრძანებით შეიკრიბება რიგგარეშე სესია, რომელზეც დაჩქარებული წესით, სამი მოსმენით განვიხილავთ ამ კანონს. დაწყებულია ყველა იმ პროექტზე მუშაობა პარლამენტში და მთავრობაში, რაც მისაღები და განსახილველია", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

მისი შეფასებით, ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა.

„ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე ჩვენმა გუნდმა დააანონსა, რომ ვაპირებთ ნარკომანიასთან, ნარკორეალიზატორებთან სერიოზულ ბრძოლას. პარლამენტმა უკვე მიიღო რამდენიმე კანონი, სადაც გამკაცრდა როგორც რეგულაციები, ასევე სასჯელი. შემდეგი ნაბიჯი არის ჩანაცვლებითი თერაპიის უფრო მაღალ სიმკაცრეზე აყვანა. საკმაოდ ჰყავს მომხმარებელი როგორც სახელმწიფო, ისე კერძო პროგრამას. ის რეზულტატი, რაც საჭირო იყო, სამწუხაროდ, ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ ვერ მოიტანა.

ამიტომ გვჭირდება გამკაცრება და ის, რომ სახელმწიფომ თავის ხელში მოაქციოს ეს საკითხები და თვალ-ყური ვადევნოთ ამ ადამიანებს, თუ როგორ მიდის მათი გამოჯანმრთელების პროცესი. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენი მომავალი თაობები, ჩვენი ახალგაზრდები მაქსიმალურად ავაცილოთ ნარკო დამოკიდებულებას და ნარკოტიკის მოხმარებას.

ჩვენი კანონები მაქსიმალურად არის ჰარმონიზებული ევროპულ კანონებთან და პაციენტის უფლებების დაცვის კანონიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვფლობთ მაგალითად, რა ხდება კერძო ჩანაცვლებით თერაპიებში. როდესაც მთლიანად ეს რაოდენობა მოექცევა სახელმწიფოს ხელში, გაიოლდება კონტროლი. ასევე გვექნება ნათელი სტატისტიკა, სად გვჭირდება ძალების მეტი მოზიდვა. ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრებმა სამწუხაროდ, არ მოგვცა ის შედეგი, რისთვისაც იყო შექმნილი და როგორსაც ველოდით. ამიტომ თუ სტატისტიკა ამას გვაჩვენებს, ჩვენ ვალდებული ვართ, გავაკეთოთ რეაგირება, უფრო გავამკაცროთ ნარკოპოლიტიკა და რა თქმა უნდა, ლიბერალური მიდგომა აქ უკვე აღარ გამოგვადგება", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიციარების რაოდენობა სახელმწიფო პროგრამებში ოთხჯერ მეტია, ვიდრე კერძოში და კერძო პროგრამებში ჩართული ბენეფიციარები დაახლოებით 20 სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებულნი.

„ბენეფიციარების ეს 20% იგივე მომსახურებას მიიღებენ სახელმწიფო დაწესებულებაში და არა კერძო კლინიკებში. დრო ჯერ კიდევ გვაქვს, კანონი ძალაში შევა 2026 წლის 1 მარტიდან და ეს გონივრული ვადაა იმისათვის, რათა სახელმწიფომ მოახერხოს სათანადო მედიკამენტების შემოტანაც, ახალი ცენტრების შექმნაც, რომლებიც გატანილი იქნება მუნიციპალიტეტების ცენტრებიდან. ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში უკვე მოხდა ასეთი ცენტრის ქალაქგარეთ გატანა მჭიდროდ დასახლებული უბნიდან. იგივე მოხდება სხვა ქალაქებშიც", - განაცხადა ლომინაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×