თამთა ჩაჩანიძე
01.07.2025

საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციაა. ათავისუფლებენ ძირითადად იმ თანამშრომლებს, რომლებიც დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობდნენ. მათ შორის მათაც, ვისაც უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვს.

ისინი სამინისტროს ხელმძღვანელობას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ და სამსახურიდან გათავისუფლებებს, წინა წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ საჯარო პეტიციაზე ხელმოწერებს უკავშირებენ, სადაც საუბარია, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწვრიანება, რისთვისაც ქართული დიპლომატია სრულ ძალისხმევას მიმართავდა, ქართველი ხალხის ნება და ისტორიული არჩევანია.

უწყების თანამშრომლებმა ეს პეტიცია მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასული წლის 28 ნოემბერს განცხადება გააკეთა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე 2028 წლამდე. თავად ყოფილი თანამშრომლები ყვებიან, რომ პეტიციაზე ხელი 250-მდე თანამშრომელს აქვს მოწერილი. ბოლო ორ დღეში კი მხოლოდ ცენტალური აპარატიდან 40-მდე პირი გათავისუფლდა.

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „რეჟიმის მორჩილი პირები ცდილობენ გაწმინდონ საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა სტრუქტურებიც იმ ხალხისგან, რომლებიც ერთგული არიან იმ პოლიტიკური კურსის, რომელიც გულისხმობდა ევროიტეგრაციას, დასავლეთთან ურთიერთობას და ცდილობენ მიიყვანონ ის ხალხი, რომლებიც იქნებიან უტყვი მონა-მორჩლილი ამჟამინდელი ხელისუფლებისა".

ანალიტიკოს პეტრე მამრაძის აზრით კი, რეორგანიზაცია დაკავშირებულია როგორც ხსენებულ წერილთან, ისე სამინისტროში გაბერილი შტატების არსებობასთან.

ამ მოვლენებს ოპოზიციაც გამოეხმაურა. „ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას თქმით, მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის ორი თვის წინანდელი დაპირება, რომ არავის გაათავისუფლებდა თანამდებობიდან, ტყუილი აღმოჩნდა.

„ზუსტად ორი თვის წინ, 1-ლ მაისს გამართულ ბრიფინგზე, საზოგადოებას შევატყობინე, რომ „ქართული ოცნების" თვითგამოცხადებული საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი აპირებდა მოეწყო მასობრივი პოლიტიკური წმენდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. იმავე დღეს, 1-ლ მაისს, ჩემს განცხადებას გამოეხმაურა ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდეგ კი თვითონ ბოჭორიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ის არ აპირებდა არავის გათავისუფლებას. ეს იყო ისეთივე სამარცხვინო ტყუილი, როგორი სამარცხვინო და ანტიქართულიც ე.წ. „ქართული ოცნებაა".

„დღეს, ორი თვის თავზე, უკვე გათავისუფლებულია ათობით პატრიოტი ადამიანი, ვინც ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა ქართული სახელმწიფოს. პირველ რიგში, ეს არის ქართული საგარეო სამსახურის პროფესიონალი, პროდასავლელი პატრიოტებისგან დაცლის მცდელობა. ამავე დროს, ეს არის პირდაპირი და ღია თავდასხმა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე, რადგან თვითმარქვია მინისტრის დაუფარავი იერიში ხორციელდება სწორედ იმ ხალხზე, ვისზეც ათწლეულების განმავლობაში იდგა ევროპული კურსის ბედი", - ამბობს გეგელია.

უწყების ყოფილი ხელმძღვანელების პოზიცია

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით დონდუა საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციას და მის ფარგლებში თანამშრომელთა გათავისუფლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „წლების განმავლობაში დაგროვებული ინსტიტუციური მეხსიერება წყალში გადაიყარა".

ის სოლიდარობას უცხადებს ყველას, ვინც პროფესიული პრინციპებისა და სამშობლოს ინტერესების ერთგული დარჩა.

„საგარეო საქმეთა მინისტრად ირაკლი მენაღარიშვილის დანიშვნისთანავე, თავხედურად „შევაჭერი" მის კაბინეტში და ვუთხარი, რომ მაქვს crazy idea (გიჟური იდეა). „გისმენო" - მიპასუხა. მინდოდა ამეხსნა, რომ უწყებაში საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები ულოგიკოდ იყო მიმოფანტული, ზოგი კი საერთოდ „უპატრონოდ" იყო მიტოვებული. ამდენად, ნატო-ს ოთხკაციანი სამმართველოს ნაცვლად, კარგი იქნებოდა დიდი დეპარტამენტის შექმნა, სადაც თავს მოიყრიდა უსაფრთხოების სფეროს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.

„დავიწყე თუ არა საუბარი, მალევე გამაჩერა - „მივხვდი, რის თქმასაც აპირებ და ამაში crazy (გიჟური) არაფერია. ეს ყველაფერი მოხსენებითი ბარათით, ოფიციალურად მომაწოდე. დაასაბუთე აუცილებლობა და დაურთე დეპარტამენტის სტრუქტურის პროექტი, თავისი საშტატო ერთეულებით".

„ამ საუბრიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ სამინისტროში შეიქმნა სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტი, ოთხი სამმართველოთი და 18 თანამშრომლით (ზუსტად იმდენით, რამდენიც მოვითხოვეთ. არავის უვაჭრია „ამდენი რად გინდა", „ნაკლებიც გეყოფათო"). დეპარტამენტში თავი მოიყარა ნატო-სთან პარტნიორობამ, ეუთო-ს პირველმა განზომილებამ, განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის თემატიკამ, ექსპორტის კონტროლის ეროვნული სისტემის შექმნამ, აშშ-სთან და სხვა პარტნიორებთან თავდაცვის სფეროში ორმხრივმა ურთიერთობებმა, რუსეთთან მოლაპარაკებებმა სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე, აშშ-ის მხარდაჭერით ეროვნული გვარდიის, სანაპირო და საზღვრის დაცვის მოწყობის დიპლომატიურმა უზრუნველყოფამ და კონფლიქტების მოგვარების თემამ.

„დეპარტამენტში თავიდანვე ჩამოყალიბდა ერთგვარი esprit de corps (კორპორატიული სულისკვეთება), რამაც ხელი შეუწყო სპეციფიკური დარგის კვალიფიციური კადრების აღზრდას. შედეგად, ოცდაათი წლის განმავლობაში დეპარტამენტში დაგროვდა უნიკალური ინსტიტუციური მეხსიერება, რომელიც ესოდენ ფასეულია ნებისმიერი ქვეყნის საჯარო სამსახურისთვის. დღეს ეს ყველაფერი წყალში გადაიყარა. სოლიდარობა ყველას, ვინც პროფესიული პრინციპებისა და სამშობლოს ინტერესების ერთგული დარჩა! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! საქართველო ევროპაა!"- წერს დავით დონდუა სოციალურ ქსელში.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი (2015-2018 წლებში) პაპუნა ჯანელიძე დიპლომატებს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ ესაა პოლიტიკური დევნა.

„მინდა სოლიდარობა და თანადგომა გამოვხატო საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ, ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეების მიმართ, ვისაც მოუწიათ დიპლომატიური სამსახურის დატოვება პოლიტიკური დევნის გამო. უმეტესობას ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ არიან ძალიან კვალიფიციური და პატრიოტი დიპლომატები. ვიცი, რა რთულია მათთვის დიპლომატიურ სამსახურზე უარის თქმა, მაგრამ უფრო რთული იქნებოდა შეგუება ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკური კურსის ცვლილებასთან", - წერს ჯანელიძე.

რა პროცესი მიდის სამინისტროში

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საგარეო უწყების თანამშრომლების მხრიდან თავის დროზე წერილის გამოქვეყნება გამართლებული არ იყო, ხოლო გათავისუფლებები და რეორგანიზაცია, მისი აზრით, უკავშირდება ერთის მხრივ ამ წერილს და მეორეს მხრივ გაბერილ შტატებს საგარეო უწყებაში.

„წერილის გამოქვეყნება არაფრით გამართლებული არ იყო იმ ვითარებაში, რაც საქართველოში იყო. ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს, არათუ პროფესიონალ დიპლომატს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაკს, კარგად უნდა ჰქონოდა გაცნობიერებული, თუ მთლიანობაში რა რისკების წინაშე დგას საქართველოს სახელმწიფოებრიობა და რა კურსის გატარება უწევს ამ შემთხვევაში მთავრობას.

„ფაქტია, რომ წერილის გამოქვეყნებით მათ დაასხეს წყალი ანტიეროვნული ძალების წისქვილზე. ყოვლად დაუშვებელია მუშაობდე საგარეო საქმეთა სამინისტროში, პროფესიონალი იყო და არ გესმოდეს რეალური ვითარება, არ გესმოდეს რა არჩევანის წინაშე დგას უზენაესი პოლიტიკური ხელისუფლება და ამის წინააღმდეგ გამოდიოდე.

„რეორგანიზაცია რატომ არის აღქმული დევნად - იმიტომ, რომ ამბობენ ხელი მოვაწერეთო, ხომ? ჯერ ერთი, რეორგანიზაცია კადრების შემცირებას ნიშნავს ხოლმე. ყველამ იცოდა, რომ კადრები გაბერილი იყო. ამაზე ლაპარაკიც კი იყო საჭირო თავის დროზე, რომ ასეთ პატარა ქვეყანაში ამხელა სამინისტრო, ცოტა არ იყოს ეჭვებს იწვევდა. გავლენიანი ოჯახის შვილებს ყველას უნდა, რომ მაინცდამაინც საგარეოში იმუშაოს.

„(კადრების გათავისუფლება) გამართლებულია, როდესაც ადამიანი საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს და ძირითადი საკითხის მიმართ ადეკვატური არაა. თუ სწამდათ იმის, რაზეც ხელი მოაწერეს - ეს არაადეკვატურია, თუ არ სწამდათ - მთლად უარესი, ესე იგი შეგნებულად წყალს ასხამენ ანტიეროვნული ძალების წისქვილზე, რაც აგრეთვე დაუშვებელია. ვფიქრობ, ყველაფერი კეთდება სრულიად ადეკვატურად", - განაცხადა მამრაძემ.

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რეჟიმის მორჩილი ადამიანები ცდილობენ საგარეო უწყება გაწმინდონ იმ ხალხისგან, რომელიც დასავლური კურსის ერთგულები არიან. მისი თქმით, თავის დროზე პეტიცია აუცილებელი იყო და უფრო მეტსაც უნდა ამოეღო ხმა.

„იმ პროცესთან გვაქვს საქმე, რომ რეჟიმის მორჩილი პირები ცდილობენ გაწმინდონ საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა სტრუქტურებიც იმ ხალხისგან, რომლებიც ერთგული არიან იმ პოლიტიკური კურსის, რომელიც გულისხმობდა ევროიტეგრაციას, დასავლეთთან ურთიერთობას და ცდილობენ მიიყვანონ ის ხალხი, რომლებიც იქნებიან უტყვი მონა-მორჩლილი ამჟამინდელი ხელისუფლებისა. განსხვავებული აზრი მემგონი არავის არ აქვს. ვიღაცეებს ეს მოსწონთ და მგონია, რომ ესაა რეპრესიები პოლიტიკური ნიშნით.

„იყო დაფიქსირებული პოზიცია, რომ ქვეყანა უნდა მიდიოდეს ევროინტეგრაციის და იმ კურსის მიხედვით, რომელიც 30 წელია პრაქტიკულად უცვლელი იყო. ახლა ხელისუფლება ამ კურსს ცვლის და ბუნებრივია, უნდა გამოექვეყნებინათ და ხმა ამოეღოთ. მე რომ მკითხოთ, კიდევ უფრო მეტს უნდა ამოეღო ხმა", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×