რეზონანსი
02.07.2025

ტრამპი პუტინის გულის გასახარად უკრაინას „პეტრიოტისა“ და „ჰაიმარსის“ რაკეტების მიწოდებას უწყვეტს...

აშშ-ის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, შეიარაღების დარჩენილი მარაგის გათვალისწინებით და ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე, გაურკვეველი დროით შეწყვიტოს რიგი დასახელების იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდება უკრაინისთვის...

როგორც სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი წერს, რაღაც ამგვარი უკვე მოხდა ა.წ.-ის მარტში, როდესაც ახალმა დანიშნულმა პენტაგონის შეფმა პიტ ჰეგსეტმა ერთხელ უკვე შეაჩერა ამერიკული შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის, მაგრამ ის „პაუზა“ მხოლოდ ხუთიოდე დღეს გაგრძელდა და 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ტრამპისა და ზელენსკის სკანდალური წაკინკლავების გამოძახილი უფრო გახლდათ...

მეორედ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა - პიტ ჰეგსეტმა რუსული „შაჰიდ/გერანების“ ჩამომგდები „ვამპირის“ 20 ათასი რაკეტის გარეშე უკრაინა ივნისში დატოვა, როდესაც მისთვის განკუთვნილი ამ რაკეტების პარტიები ახლო აღმოსავლეთში გადაამისამართა ამერიკული სამხედრო ბაზების დასაცავად და შეიძლება, ისრაელის იმ საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლადაც, რომელსაც ირანიდან გაშვებული „შაჰიდების“ მოგერიება უწევდა.

დიდი ახსნა არ სჭირდება, თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით, „პეტრიოტის“ რაკეტები უკრაინულ ქალაქებზე დამიზნებული რუსული „ისკანდერებისა“ და „კინჟალების“ მოსაგერიებლად, რაც უკრაინელი მეზენიტეების არსენალში არსებულ სხვა ტიპის რაკეტებს, უბრალოდ, ტექნიკურად არ ძალუძთ - ეს ნიშნავს ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქის სასიკვდილოდ გაწირვას, თანაც იმის ფონზე, როდესაც ისრაელის ქალაქების ირანული ბალისტიკური რაკეტების შეტევებისგან დასაცავად არც ტრამპი და არც მისი თავდაცვის მინისტრი, ერთი წამითაც არ დაფიქრებულან, ისე უგზავნიდნენ იმავე ამერიკულ „პეტრიოტებს“ ისრაელის „ცახალს“...

„სტინგერის“ საზენიტო რაკეტების მიწოდების შეწყვეტაც რთულ მდგომარეობაში აღმოაჩენს უკრაინის დამცველებს, როგორც ფრონტის ხაზზე (მათ დაუცველს დატოვებს რუსული დამრტყმელი შვეულმფრენების, მათ შორის - „ალიგატორებისა“ და „მფრინავი ნიანგების“ შეტევებისგან), ისე - ზურგში, იმ მობილურ საზენიტო ჯგუფებს, რომლებიც სამი კმ-ის სიმაღლეზე მფრენ რუსულ „შაჰიდ/გერანებს“ მხოლოდ „სტინგერით“ თუ შეწვდებიან, რადგან ამ სიმაღლეზე მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების ცეცხლი არაეფექტიანი ხდება...

ირაკლი ალადაშვილის შეფასებით, იქნებ სწორედ ესეც არის ფარულად ჩადებული პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებაში, რომ უკრაინის არმიისთვის ამერიკული საბრძოლო მასალების მიწოდების სრული შეწყვეტითა და ფრონტის ჩამოშლის შიშით, აიძულოს ოფიციალური კიევი, უდიდეს დათმობაზე წავიდეს კრემლთან და პუტინთან კაპიტულაციური ზავი დაადებინოს?

სამაგიეროდ, პრეზიდენტი ტრამპი ხომ კიდევ ერთი, ყველაზე დიდი ომის "შემჩერებლის“ "ლავრს" მოიგებს და უფრო დიდ პრეტენზიას განაცხადებს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღებაზე?

ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს ინაუგურაციიდან ნახევარი წლის განმავლობაში ერთი ახალი სამხედრო დახმარებაც კი არ გამოუყვია უკრაინისთვის და რაც წელს უკრაინაში აქამდე იგზავნებოდა, ჯერ კიდევ პრეზიდენტ ბაიდენის პერიოდში, Ukraine Security Assistance Initiative (USAI) პროგრამის ფარგლებში იყო შეკვეთილი, ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის და ის არ გადიოდა უშუალოდ პენტაგონის საწყობებიდან, რომელთა დაცარიელების საფრთხე მოიშველია მიზეზად ტრამპის თავდაცვის მინისტრმა...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×