რეზონანსი
03.07.2025

 რუსთავის ნომერ მე-12 პენიტენციური დაწესებულების 208 საკნიდან გავრცელებული წერილის ერთადერთი ადრესატი, ოპოზიციაა. "ძლიერმა საქართველომ" ბარიერგადალახულ პარტიებს ჯერ პოლიტიკური სტრატეგია დაუწუნა, შემდეგ ტონი და კომუნიკაციის ფორმა. პირველი მამუკა ხაზარაძე იყო ვრცელი წერილით. ყველას, ვინც "ძლიერი საქართველო" პოლიტიკურ სამიზნედ გაიხადა - "ლელოს" ლიდერი ფოკუსის გასწორებას ურჩევს. ხაზარაძის შემდეგ, პოლიტიკურ პარტნიორებს ბულინგის დასრულებისკენ "ლელოს" სხვა წარმომადგენლებმაც მოუწოდეს.

გზავნილის მიღებიდან მალევე, ბრალდების მთავარმა ადრესატმა "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ლელოს" ლიდერი საერთო ოპოზიციური გეგმის ღალატში დაადანაშაულა და უთხრა, რომ ფოკუსი თავად აქვს გასასწორებელი.

"ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციის ღალატში ადანაშაულებს გახარიას გუნდსაც, სადაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი შიდა განხეთქილების მიზეზიც გახდა. ექსპრემიერთან პოლიტიკური თანამშრომლობა სიის მე-17 ნომერმა ელგუჯა ხოკრიშვილმა გაწყვიტა და სოციალურ ქსელში ღიად დაწერა, რომ კომფორტის ზონაში მყოფ გახარიასთან, საერთო აღარაფერი აქვს.

მწვავე რეაქცია არ დააყოვნეს ექსპრემიერის გუნდშიც. გახარიას პარტია ყოფილ თანაგუნდელს რამდენიმე საათში გაემიჯნა და თქვა, რომ ყოფილი დიპლომატი რევოლუციის მომხრეა.

ოპოზიციურ ველზე არსებული დაპირისპირება კლოუნადაა იაგო ხვიჩიასთვის. "გირჩი", რომელიც თვითმმართველობის არჩევნებისთვის უკვე დიდი ხანია ემზადება, დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახულების ბრძოლა მეორე ადგილისთვის პოლიტიკური კრახით დასრულდება.

ოპოზიციის მარცხსა და საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ბარიერგადალახულებმა, პოლიტიკური რეპუტაცია, უცხოური დირექტივების შესრულებისა და ამომრჩევლის მოტყუების გამო, თავად დაიზიანეს.

ვინ ჩაერთვება 4 ოქტომბრის მარათონში უახლოეს 2 კვირაში გაირკვევა. პოლიტიკურ პარტიებს, ვისაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურთ, რიგითი ნომრების მისაღებად რეგისტრაციის ვადა 17 ივლისამდე აქვთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×