რეზონანსი
07.07.2025

„ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გუნდს შევუერთდი. მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას. მალე შევხვდებით“, – ასე გამოეხმაურა გიორგი ქოჩორაშვილი  ლოსაბონის „სპორტინგში“ წარდგენას.

გიორგი ქოჩორაშვილი, რამდენიმე დღეა, პორტუგალიის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბს, ლისაბონის „სპორტინგს“ შეუერთდა, მაგრამ ის კლუბმა ოფიციალურად ახლა წარადგინა. 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა, რომლის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა.

„სპორტინგში“ შესაძლებლობა მექნება, პირველად ვითამაშო ჩემპიონთა ლიგაზე. როდესაც პატარა ვიყავი, ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს ეს მომხდარიყო. ბავშვობაში ჩემპიონთა ლიგის მატჩების ყურების უფლებას არ მაძლევდნენ, რადგან გვიანი იყო და უნდა დამეძინა, მაგრამ ახლა ამ ოცნებით ვცხოვრობ და მინდა, გუნდს დავეხმარო.

თანაგუნდელებმა ძალიან კარგად მიმიღეს. როდესაც ახალ სახლში შედიხარ, უცხოობას გრძნობ, მაგრამ აქ სულ რაღაც ორ დღეში თავი შინაურად მაგრძნობინეს.

კონტრაქტის გაფორმებამდე ვიცოდი, რომ „სპორტინგი“ დიდი კლუბია და მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი ჰყავს. ამიტომ ჩემი უდიდესი სურვილია, რაც შეიძლება მალე გავიდე მოედანზე და წარმატება ქომაგებთან ერთად აღვნიშნო.

რა თქმა უნდა, სირთულეები იქნება, მაგრამ ვიცი, რომ თუ ერთსულოვნები ვიქნებით, შევძლებთ იმის გაგრძელებას, რაც გაკეთდა. ბევრს ვიშრომებ, რათა ყველას ვაჩვენო, რომ ამ მაისურის ტარებას ვიმსახურებ.

გუნდური მოთამაშე ვარ, ყველაფერს ვაკეთებ დაცვასა და შეტევაში, ვცდილობ, თამაშის ტემპი ვაკონტროლო და საჯარიმომდე დროულად მივიდე.

გოლის გატანა ყველას გვიყვარს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საჭიროების შემთხვევაში თანაგუნდელებს დავეხმარო, იქ ვიქნები, სადაც საჭიროება მოითხოვს.

ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ვისიამოვნოთ იმით, რასაც ვაკეთებთ. ჩვენს საკუთარ წილ სამუშაოს შევასრულებთ და მჯერა, რომ ეს ძალიან ლამაზი სანახაობა იქნება“.

„სპორტინგის“ ოფიციალურმა გვერდმა გიორგის კომენტარი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საუბარი „კაპიტან ამერიკით“ დაიწყო – სუპერგმირით, რომელიც მისი შთაგონების წყაროა, გოლის აღნიშვნის დროს ქოჩორაშვილი Marvel-ის პერსონაჟს ჰბაძავს.

„კაპიტან ამერიკას ისტორიაში, მასზე ამბობდნენ, რომ სუსტი იყო, შემდეგ გარდაქმნეს და მან სამყარო გადაარჩინა, ხალხს დაეხმარა. როცა გოლს ასე აღვნიშნავ, მინდა, ბავშვებს, რომელთაც ხშირად ეუბნებიან, რომ გამოწვევებისთვის მზად არ არიან, მაგალითი მივცე. ჩემი მესიჯი ასეთია – თუ მე შევძელი, თუ კაპიტანმა ამერიკამ შეძლო, თქვენც შეძლებთ. გჯეროდეთ, იშრომეთ და გქონდეთ დისციპლინა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×