თამთა ჩაჩანიძე
07.07.2025

მას შემდეგ, რაც "გახარია საქართველოსთვის" და "ძლიერმა საქართველომ" 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ჩართვის გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღეს, ორივე პარტიიდან პროტესტის ნიშნად დატოვეს თანამდებობებიც და წევრობაც. ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას მიაჩნია, რომ არჩევნებში ჩართვა არის ღალატი.

მუნიციპალურ არჩევნებამდე სამ თვემდე რჩება, ანალიტიკოსები ნაკლებად ვარაუდობენ, რომ ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიამ გადაწყვეტილება გადაიფიქროს, თუმცა ნაწილი "ძლიერ საქართველოზე" ამას არ გამორიცხავს, თუ პოლიტიკური ლიდერების გადინება მასიურად დაიწყო.

მას შემდეგ, რაც 2 ივლისს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გახარიამ არჩევნებში ჩართვა ოფიციალურად დაადასტურა, პარტიიდან წავიდა ელგუჯა ხოკრიშვილი მიზეზით, რომ მას არჩევნებში მონაწილეობა მართებულად არ მიაჩნია. სამთავრობო მედია წერს, რომ გახარიას პარტიაში დაპირისპირებაა და არც ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ პარტია სხვა წევრებმაც დატოვონ.

რაც შეეხება "ძლიერ საქართველოს", 5 ივლისს განაცხადა, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას იღებს, რის შემდეგაც თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი და პარტია დატივა საბა ბუაძემ, დეა მეტრეველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობიდან გადადგა, პარტიის პოლიტსაბჭო დატოვა ანა ნაცვლიშვილმა. პარტია დატოვა თამუნა გიორგაძემ. ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ სხვა პოლიტიკურმა მნიშვნელოვანმა ფიგურებმაც დატოვონ პარტია.

წავლენ თუ არა პარტიებიდან მასიურად

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ვინც პარტიებიდან ემოციების ფონზე წავიდა, წავიდა. ახალი გადინება კი, ანალიტიკოსის აზრით, მოსალოდნელი არაა.

"საერთოდ ბოიკოტი დიდად გამართული გადაწყვეტილება არაა. უამრავი მაგალითი ვიცით, გინდ ჩვენი და გინდ უცხოეთის პრაქტიკიდან, როცა პარტია შედეგებით უკმაყოფილოა, მაგრამ მე მაგალითად არ მახსენდება, რომ პარტიას ბოიკოტი გამოეცხადებინოს არჩევნებისთვის. პირიქით, პარტია თუ უკმაყოფილოა, რაც შეიძლება მეტად ერთვება პოლიტიკურ ბრძოლაში, ცდილობს ამ ბრძოლიდან მიიღოს შედეგი და ხელისუფლებში მოვიდეს.

"აგერ ტრამპი უკმაყოფილო იყო, ლამის ციხეში ჩასვეს, რომ ეთქვა, ბოიკოტს ვაცხადებ და არჩევნებში არ მივიღებ მონაწილეობასო, მისი მეტოქე ბაიდენი აღფრთოვანებული დარჩებოდა. იმან კი პირიქით, იბრძოლა და ხელმეორედ მოვიდა ხელისუფლებაში. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, ცხადი გავხადო, რომ ბოიკოტით ბრძოლა ტიპიური არაა, რადგან არაა შედეგიანი, თორემ პოილიტოკოსებს და მით უმეტეს უცხოეთში მაგას ასწვალი?

"არაა დამაჯერებელი, რომ ბოიკოტის გზით რამეს მიიღებ, გარდა იმისა რაც "ოცნებას" უნდა, რომ იყოს ხელისუფლებაში და რაც შეიძლება შეუზღუდავად მართავდეს პროცესებს.

"ის, რაც ლოგიკურად გამართული არაა, ნელ-ნელა ქრება და მილევადია ხოლმე, ადრეც იყო ბოიკოტები და არ გაამართლა, ახლაც ვფიქრობ, რომ ბოიკოტის მხარე წამგებიან პოზიციაში იქნება.

"თუ ადამიანებს ბოიკოტი ლოგიკურად გამართლებულად არ მიაჩნიათ, ასეთ (პარტიიდან წასვლის) ნაბიჯებს იშვიათად დგამენ და მხოლოდ ემოციის ხარჯზე არ იღებენ გადაწყვეტილებას. გარკვეულმა პირებმა ემოციის ხარჯზე გადადგეს ეს ნაბიჯი, ალბათ მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩება იმ გადაწყვეტილების ერთგული, რომ პოლიტიკური ბრძოლა უნდა გაგრძელდეს",- განაცხადა ანალიტიკოსმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ უფრო "ლელოსგანაა" მოსალოდნელი, რომ სხვა პოლიტიკოსებმაც დატოვონ პარტია.

"უფრო მსალოდნელია, რომ "ლელოს"სხვა ლიდერებმაც დატოვონ პარტია და პოლიტსაბჭო, პირველ რიგში ეს უფრო "ლელოსთანაა" მოსალოდნელი. გახარიასთან იმდენად არა, რადგან მისი პარტიის წარმომადგენლები ყველა "ოცნების" ყოფილი პირები არიან, ისინი 2020 წლის არჩევნებში "ოცნების" სიით გავიდნენ და როცა გახარიამ პრემიერის პოსტი დატოვა ისინი მერე გამოეყვნენ. იქ სხვებიც არიან, რომელიც ივანიშვილს აქებდნენ და ადიდებდნენ და აქედან გადინება ნაკლებად მოსალოდნელია, მაინც ძირითადი ბირთვი დარჩება. უფრო სუფთა ადამიანები და უფრო მეტად პრინციპულები "ლელოში" არიან და ვფიქრობ, რომ ისინი პარტიას გაემიჯნებიან",- განაცხადა ჩიტაძემ.

შეცვლის თუ არა "გახარია საქართველოსთვის" და ლელო" პოზიციას არჩევნებამდე

კითხვაზე, იმის ფონზე, როცა არჩევნებამდე კიდევ დრო არის დარჩენილი, რამდენად მოსალოდნელია, რომ გახარიას პარტიამ და "ლელომ" გადაიფიქრონ თავიანთი გადაწყვეტილება და ბოიკოტს შეუერთდნენ, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ ეეჭვება.

"მეეჭვება, რადგან იმხელა დაძაბულობის ხარჯზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ არჩევნებში შესულიყვნენ, ახლა რომ შეცვალონ, მემგონი მათთვის ძალიან დამამცირებელი იქნება - ესე იგი, ვერ გაუძლეს და ამიტომ შეაბრუნეს გადაწყვეტილება. რეიტინგზეც ალბათ იმოქედებს, მაგრამ, თუკი არ მიიღებენ მონწილეობას, მათ რეიტინგსაც რა მნიშვნელობა აქვს",- განაცხადა საყვარელიძემ "რეზონანსთან" .

ამავე კითხვაზე ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსს" ეუბნება, რომ "ლელოს" პოზიციის ცვლილება მოსალოდნელია, გახარიას პარტიის ნაკლებად

"გახარიას პარტიაზე ნაკლებადმოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილება შეცვალოს. "ლელოზე" შესაძლებელია, თუ დაინახავს, რომ მათ ბევრი პოლიტიკოსი გამოეცალა. თუ ლიდერები გამოეცალნენ, ისედაც არ ჰქონდათ შანსი, თან ვინც ოპოზიციურად განწყობილია ბევრი არჩევნებზე წასვლას არ აპირებს.

"გახარიას პარტია მაინც იტყვის, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას იღებს, თუმცა ძალიან კარგად ვხედავთ "ოცნებასთან" ლოიალობას რა შედეგი მოაქვს, თუნდაც ახლა გახარია იძულებულია საზღვარგარეთ იყოს, ვერ ჩამოდის, ან მას რა ტონით ესაუბრებიან და ა.შ."-განაცხადა ჩიტაძებ "რეზონანსთან".

რას ამბობს ოპოზიციონერთა ორი ფრთა

"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე ამბობს, რომ პოლიტიკური ბრძოლა მხოლოდ თბილისით და რუსთაველის გამზირით არ უნდა იყოს შემოფარგლული.

მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის პოლიტიკური ბრძოლის დამატებითი ველი და ამ ბრძოლის ველის გამოყენებით უნდა მოხდეს პროტესტის გაზრდა, გაძლიერება, დივერსიფიკაცია და მთელს საქართველოში პროტესტის სხვადასხვა კერის შექმნა.

„ჩვენ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე განვაცხადეთ, რაც საზოგადოებისთვის მოულოდნელი სიახლე ალბათ არ იყო. ჩვენ იმ არგუმენტებზე ვსაუბრობდით, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის თვალსაზრისით სასარგებლო არგუმენტებია.

"ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ ოპოზიციურ სპექტრში ერთიანობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მზად ვიყავით, თუკი ერთიანობა შედგებოდა, გამოგვეთიშა ყველანაირი პარტიული ინტერესი, რაც კი შეიძლება არსებობდეს - მათ შორის ჩვენი პარტიული იდენტობის შენარჩუნების კუთხით.

"ჩვენ ვსაუბრობდით, რომ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, რომელიც ბოიკოტში არიან, ისეთი ერთიანობა შეგვეკრა, რომელიც მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის და არის საზოგადოების მოთხოვნა. სამწუხაროდ, ჩვენ ამ ადამიანების დარწმუნება ვერ მოვახერხეთ და მივიღეთ არამხოლოდ დაუმსახურებელი კრიტიკა, არამედ იერიში "ლელოს" წინააღმდეგ.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბრძოლა არის ის გზა, ის პროცესი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაჩერდეს. თეორიულად, ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება ყველა დაიჭიროს, მაგრამ სანამ არ მომხდარა ის, რაც გარდაუვალია, არ ვაპირებთ, რომ გავჩერდეთ და ბრძოლა მივატოვოთ.

"ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ პასიურ მდგომარეობაში და ბიძინა ივანიშვილს ლანგარზე მივართვათ ის, რაც მას სურს. ივანიშვილის სურვილია, რომ პროევროპული პარტიები პოლიტიკური ველიდან გააქროს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ მთელს ოპოზიციურ სპექტრს ივანიშვილისთვის ერთიანი ძალებით შეგვეტია.

"ვერავინ გაბედავს და იმ მთავარ მოთხოვნას ვერ შეცვლის, რომელიც გულისხმობს ახალი წესებითა და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციით პარლამენტის ახალი არჩევნების დანიშვნას და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას.იქნება ეს არჩევნები უთანასწორო ბრძოლა? - დიახ, იქნება! შევალთ ამ არჩევნებში და ვიბრძოლებთ.

"ჩვენ მეორე მხარეს დარჩენილ ოპოზიციურ სპექტრს არ ვუყურებთ როგორც ოპონენტს - ისინი ჩვენი თანამებრძოლები არიან. ჩვენ მათთან ვმეგობრობთ. ჩვენ მათთან ბრძოლის გამოცდილება გვაქვს. ამდენი ხანია მხარდამხარ გვიბრძოლია და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც მათთან ერთად ბრძოლას მოგვიწევს", - განაცხადა გიორგი სიორიძემ "პალიტრანიუსთან".

ენმ-ს ლიდერი ანა წითლიძე ამბობს, რომ „ლელოს" ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ ოპოზიციური პარტიის და სამოქალაქო ჯგუფის, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ", მისი თქმით, „რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებისთვის „ლელოს" აუცილებლად მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა".

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ „ლელოს" ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ ოპოზიციური პარტიის და სამოქალაქო ჯგუფის, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ.

"ლელომ" უნდა იცოდეს, რომ მისი მხრიდან ამ გზის არჩევა, რასაც ჰქვია "ოცნებასთან" კოალიციის შექმნა და ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის ის, რის საფასურსაც გადაიხდის როგორც საკუთარ ამომრჩეველში, ისე პოლიტიკურ წრეებში. ეს ეტყობა კიდეც იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს „ლელოში", სადაც ადამიანები ძალიან ღირსეულად ტოვებენ პოსტებს "ლელოს" იმ გადაწყვეტილების გამო, რაც მათ მიიღეს," - განაცხადა ანა წითლიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×