ნატალია ჯვარიძე
07.07.2025

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. რიჟვაძე გულმკერდის არეში დაჭრილი ჯერ საგარეჯოს რაიონში „ჯეოჰოსპიტალის" საავადმყოფოში მიიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობას თუ სხვა რამ.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა, თუმცა კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თორნიკე რიჟვაძე კლინიკაში დაახლოებით 06:30 საათზე გადმოიყვანეს და მისი მდგომარეობა იყო მძიმე.

„პაციენტი შემოყვანილია დღეს დილით, დაახლოებით 06:30 საათზე. გადმოყვანილი იქნა სხვა კლინიკიდან, მდგომარეობა შემოსვლისას იყო საკმაოდ მძიმე, ვინაიდან კლინიკურად სახეზე იყო ტრავმულ - ჰემორაგიული შოკის კლინიკა. ამ წუთში, მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა, ვინაიდან შოკის ხარისხი შემცირებულია, ჰემოდინამიკის პარამეტრები მეტ ნაკლებად აღდგენილია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, უტარდება ის სამკურნალო ღონისძიებები, რაც პროტოკოლითაა გათვალისწინებული",- განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში", შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში მეუღლესთან ერთად მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი" ავრცელებს. ყოფილ პრემიერ-მინისტრს კლინიკაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ამასთან, ტელეკომპანია „იმედი" თორნიკე რიჟვაძის წერილის შინაარსს ავრცელებს, რომელიც მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა. მათივე მტკიცებით, რიჟვაძე წერს, რომ აბრალებენ „კორუფციას და ბარიგების მფარველობას".

„ალეკო არაფერ შუაშია, ჩუმად ავიღე. ეს კაცი ძმობის მაგალითია. მიზეზი ერთია, მაბრალებენ იმას (კორუფციას და ბარიგების მფარველობას) რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც. დავიღალე - დიდი გამარჯვებაც ვნახე და წარუმატებლობაც. პატიებას ვთხოვ ოჯახს, პატრიარქს. მამა შენ ნომერი პირველი კაცი იქნები ჩემთვის ღირსებაში. დათა კაცური კაცი გაიზარდე, მიხედე ელის. დედა მიყვარხარ. მაპატიეთ ძმებო, ვერ გიტოვებთ მილიონებს, მაგრამ მიყვარხართ. ბატონ ბიძინას და პრემიერის იმედი მაქვს, რომ დაიცავთ ჩემს ოჯახს. ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები - ყველა ჩემი დავალებით და მითითებით მოქმედებდა. ყველა უდანაშაულოა. ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს. გთხოვთ არ გამკვეთოთ და არც არავინ დაადანაშაულოთ. ჩემი დაწერილია. ღმერთი ფარავდეს ჩემს საყვარელ აჭარას და საქართველოს", - აღნიშნულია წერილში, რომელსაც „იმედი" ავრცელებს.

პარლამენტის თავმჯდომარეის შალვა პაპუაშვილის განაცხადებით: „ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიება ყველა დეტალს გაარკვევს. თქვენს ვერსიებზე შეგიძლიათ თქვენ იფიქროთ. შინაგან საქმეთა მინისტრი თავად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. გამოძიება დაადგენს. სხვა დეტალი მე არაფერი არ ვიცი. ოპოზიცია რას იტყვის ახლა.. ოპოზიციის ნათქვამზე ხომ არ არის... მოხდა მძიმე შემთხვევა".

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შოკისმომგვრელი ამბავია. კითხვაზე, რამდენი ჭრილობა აქვს თორნიკე რიჟვაძეს მიყენებული, მინისტრის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარემს ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული.

„ერთი ჭრილობაა. საბედნიეროდ, მხოლოდ ფილტვია დაზიანებული და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს არ შეხებია ეს ცეცხლსასროლი ჭრილობა. ამჟამად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებულად ინტენსიურად ხორციელდებოდეს ჯანმრთელობის მეთვალყურეობა და რელევანტური მოქმედებები ხორციელდებოდეს, რაც რეალურად უაზრუნველყოფილია.

რაც შეეხება წერილს, მე ამაზე დაზუსტებით ვერ ვისაუბრებ. გადმოცემით რა ინფორმაციაც მაქვს ეს არის, რომ მის ტანსაცმელში იქნა აღმოჩენილი ეს წერილი. ეს არის ერთადერთი, რაც ამ წუთას შემიძლია გითხრათ. რასაკვირველია, ამოღებულია სათანადო წესით, დამაგრებულია ეს მტკიცებულება და შესაბამისად ამის თაობაზე საზოგადოება, კანონმდებლლობით დადგენილი წესით, სრულად ინფორმირებული",- განაცხადა სარჯველაძემ.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ „ეს არის რუსული მმართველობის ფორმა სადაც ძალაუფლების შენარჩუნების გზაზე არავის ინდობენ."

„გუშინ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავების ფაქტი და დღეს რიჟვაძის მძიმე შემთხვევა ნათლად აჩვენებს, რომ მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული. მათ შორის ის ადამიანებიც რომლებსაც დიდი როლი აქვთ რეჟიმის ამ სახით ფორმირებაში. სწორედ ეს არის რუსული მმართველობის ფორმა სადაც ძალაუფლების შენარჩუნების გზაზე არავის ინდობენ. რუსეთშიც იჭერენ და ფანჯრიდან ცვივა ის ადამიანები, რომლებიც სისტემას ემსახურებიან, იცით რატომ? - იმიტომ რომ იქ ადამიანს, მის სიცოცხელს, ღირსებას, თავისუფლებას არანაირი ფასი არ აქვს.

ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის მოქალაქის პირად უსაფრთხოებასა და მშვიდობასთან სასიცოცხლოდ დაკავშირებული საკითხი. სწორედ ამიტომ პოლიტიკაში არ ვერევი კი არა, რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვაშოროთ მოძალადე რეჟიმი საქართველოს", - განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×