შემოდგომის "დიდი გაფიცვის" შემდეგ, რომელმაც კრახი განიცადა, უცნაური რადიკალური კამპანია წამოიწყეს
გვანცა წულაია
07.07.2025

გაფიცვის შემდეგ კერძო სექტორის წარმომადგენელთა მცირე ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. საპროტესტო განაცხადი იმდენად პატარაა, რომ მას მხოლოდ 8 ბიზნესმენი აწერს ხელს, ამიტომ ექსპერტები მათ ამ განცხადებას სერიოზულად არ აღიქვამენ და იმასაც ამბობენ, რომ მას არანაირი ზეგავლენის მოახდენა არ შეუძლია, არც ბიზნესზე, არც ეკონომიკაზე და არც არჩევნებზე. 

ახალი პროტესტის მონაწილე ბიზნესის ეს ძალიან მცირე ნაწილი სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენელებისგან შედგება. რესტორატორ ქეთევან ბაქრაძის მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი "რეჟიმთან თანამშრომლობით" ვერ მიიღწევა.

"ვუერთდებით ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს, რადგან გვსურს საქართველო ევროპაში და გვჯერა, რომ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი რეჟიმთან თანამშრომლობით ვერ მიიღწევა. მოგიწოდებთ ერთიანობისკენ! არა რუსულ რეჟიმს! არა რუსულ არჩევნებს!"

განცხადება ხელს აწერენ: 

თამარ სიხარულიძე - გასტრონომიული კულტურის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელი, თავმჯდომარე 

მერიკო გუბელაძე - რესტორატორი 

ქეთევან ბაქრაძე - რესტორატორი 

ნატო მახალდიანი - კაფე "თონე”, 

ბუკა მაჭავარიანი - რესტორანი "გუდა”, 

თამუნა თანდაშვილი - ავიაციის ექსპერტი, 

ანი ალიბეგაშვილი - სასტუმრო "სტეპ ინის” თანადამფუძნებელი 

ლუკა ნაჭყებია - რესტორატორი.

კერძო სექტორის ძალიან მცირე ნაწილის პოზიციას ექსპერტები არასერიოზულად აღიქვამენ. როგორც ეკონომისტი ნოდარ კაპანაძე მიიჩნევს, "ასეთი განაცხადი ასეთი უმასშტაბო ერთეულებისგან ყურადსაღებიც კი არ არის”.

"საერთოდ რა ჯგუფია და რას აცხადებენ? ძალიან დიდი პრეტენზია ხომ არ არის რვა ადამიანისგან ასეთი "მასშტაბური" განაცხადი? ანუ რვა ადამიანი არ წავა არჩევნებზე და რა უნდა ვქნათ? ამ საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო აქტივობა იყო ძალიან მაღალი - 58%, ჩვეულებრივ არის ხოლმე 50-52% და ეს რვა ადამიანი შეუერთდება იმ ჯგუფს, ვინც არ წავა არჩევნებზე. 

ვფიქრობ, ყურადღების მიქცევაც კი არ ღირს ასეთ რამეზე. მათი არგუმენტაციაც კი არ არის საინტერესოა, რადგან მათი პოზიცია ისედაც გასაგებია. 

ჩვენ თუ ფოკუსირებას მხოლოდ გავაკეთებთ იმაზე, ვინმე რაღაცას ამბობს, გვეგონება, რომ ეს არის ყველაფერი და ამით პროცესები დასრულდა, მაგრამ ამას უნდა შევხედოთ მასშტაბებით. როდესაც რვა ადამიანი ამბობს, რომ ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, ეს ძალიან მცირე ჯგუფია. ადრე გაფიცვა გამოაცხადებს ვიღაცებმა, ჯამში ბიზნესის 1%-მა და ვნახეთ, რომ არაფერი არ მოჰყოლია. ასეთი ხმამაღალი განცხადებები, ასეთი უმასშტაბო ერთეულებისგან ყურადსაღებიც კი არ არის. მათ ჰგონიათ, რომ მათი ნათქვამი რაღაცას წარმოადგენს. ასე რომ, ამის სერიოზულად აღქმა არ შეიძლება”, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს” ნოდარ კაპანაძემ. 

ბოიკოტამდე იყო გაფიცვა და მოწოდება მასში მონაწილეობისკენ. შემოდგომის აქციებში გაფიცვას ბიზნესის ნაწილი მართლაც შეურთდა, მაგრამ მასშტაბები მაშინაც იმდენად მცირე იყო, რომ ოპოზიციურად განწყობილი კერძო სექტორის ნაწილის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ პროცესებზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. მით უმეტეს არც ეკონომიკას და არც არჩევნებს არ დააზარალებს რვა ადამიანის ახლანდელი გადაწყვეტილება. 

როგორც ექსპერტი ამირან სალუქვაძე ფიქრობს, ბოიკოტის გამომცხადებელი მცირე ჯგუფის წარმოჩენა ისე სურთ თითქოს მასში ასობით რესტორანი და კვების ობიექტი იყოს ჩართული.

"ეს კოლექტიური `ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი სცენარია, რაც მიანიშნებს პარტიული სტრუქტურების სისუსტეზე. ისინი ცდილობენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩართონ თავიანთ პოლიტიკურ აქციებში და მუდმივად აპელირებენ ერთ რამეზე - ყველას ეკონომიკისა და კერძო სექტორის სახელით ესაუბრებიან. რვა რესრორატორის წარმოჩენა ისე სურთ თითქოს ამ ბოიკოტში საქართველოში მოქმედი ასობით რესტორანი და კვების ობიექტია ჩართული. სინამდვილეში, ეს ერთი და იგივე ხალხია, კოლექტიური `ნაცმოძრაობის” პარტიული აქტივისტები არიან და რესტორატორი იქნება, ექიმი თუ მუშა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. 

აქამდე ვიხილეთ ბიზნესის წარმომადგენლების დამუნათება. ეკონომიკის დარგების პოლიტიკაში ჩართვა, განსაკუთრებით კი საბოტაჟში, რომელიც მოსახლოებას აზარალებს. მათი სურვილია, ჩამოაქციონ ეკონომიკა, დააზიანონ ყველაფერი და ამ ფონზე გამოიწვიონ პროტესტი. არ შეიძლება პარტიამ სტრატეგია ააგოს ნეგატივზე, ქვეყნის დაქცევაზე და მხოლოდ და მხოლოდ ოპონენტების გაშავებაზე. თეთრის შავად წარმოჩენა და ამ ფონზე პოლიტიკური დივიდენდების მიღება, სისულელა. 

რა თქმა უნდა, ხელისუფლებას უნდა აკრიტიკებდნენ, ეს ოპოზიციის მთავარი ამოცანაც არის და პოლიტიკური ინსტუმენტიც, მაგრამ ამავე დროს კრიტიკა უნდა იყოს ობიექტური და რეალობასთან შესაბამისობაში. დღევანდელი რეალობა უნდა გააკრიტიკონ და არა ვირტუალური, რომელსაც თავად ხატავენ, რომ თითქოს ყველაფერი დაქცეულია. ოპოზიცია მარტივად აქიკილებს ეკონომიკურ ზრდას, ეკონომიკურ ზრდაზე მხოლოდ ხელისუფლება ხომ არ საუბრობს, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ა.შ. 

რვა რესტორატორი არის რვა ადამიანი და ისინი თავიანთი რესტორნების სახელითაც კი ვერ გამოვლენ. იმასაც ვერ იტყვიან მათი თანამშრომლები წავლენ არჩევნებზე თუ არ წავლენ. უფლება არ აქვთ, რომ თანამშრომლებს აუკრძალონ არჩევნებში მონაწილეობა. რომელ დემოკრატიაზე და ევროპელობაზე საუბრობენ, როდესაც რესტორნების სახელებით გამოდიან. 

მსგავსი განცხადებები გაკეთება არის აბსოლუტური უწიგნურობა. ეს იგივეა, რომელიმე მსხვილმა კომპანიამ, მაგალითად, ბანკმა გამოუცხადოს ბოიკოტი არჩევნებს ან "კოკა-კოლამ”. თემურ ჭყონია იყო პრემიერთან შეხვედრაზე და მის შემდეგაც და მანამდეც გააკეთა კომენტარი, თუმცა ის ხომ არ გამოსულა თავისი კომპანიის სახელით და ხომ არ უთქვამ, რომ "კოკა-კოლა” ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს?! ის თავად პერსონალურად არის ჩართული, ჟურნალისტებს აფინანსებს და ათასნაირ დონაციებს აკეთებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის, მაგრამ არ ამბობს, რომ "კოკა-კოლა” უცხადებს ბოიკოტს არჩევნებს. 

არჩევნებში მონაწილობს ამომრჩევლები და პარტიები, ამიტომ რა შუაშია რესტორატორი და მცხობელი? პარტიებს შეუძლიათ ბოიკოტის გამოცხადება, მაგრამ ეს ნიშნავს თვითლიკვიდაციას და თუ კოლექტიური ნაცმოძრაობა” თვითლიკვიდაციისკენ წავა, ეს გააჯანსაღებს პოლიტიკას და სხვა ძალებისთვის გათავისუფლდება ადგილები”, - განუცხადა სალუქვაძემ "ბიზნეს-რეზონანსს”. 

ცნობისთვის, რვა ადამიანმა ბოიკოტი მანამდე გამოაცხადა, სანამ პრემიერ-მინისტრი ბიზნესის წარმომადგებელბს შეხვდებოდა. შევხედრიდან გამოსულმა ბიზნესმენებმა კი თქვეს, რომ ირაკლი კობახიძესთან ვიზიტი საკმაოდ ინფორმაციული იყო. მათ შორის ზომიერი კომენტარი გააკეთა თემუ ჭყონიამაც, რომელიც ხშირად მწვავე პოზიციით გამოირჩევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×