
ივა ჭყონიას შეფასებით, გიორგი რამიშვილის დაკავება ბიზნესისთვის მკაფიო სიგნალია, რომ ხელისუფლება მზად არის, ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის, ეკონომიკურად დამოუკიდებელი პირებიც, პოლიტიკური მოტივით დასაჯოს. მისი თქმით, ეს პროცესი განსაკუთრებით შეეხება იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებიც მჭიდრო კავშირში არიან სახელმწიფო სტრუქტურებთან და კორუფციულ სქემებთან. ჭყონიას თქმით, თუ ტენდენცია გაგრძელდა, სერიოზული რისკის წინაშე აღმოჩნდება მცირე და საშუალო ბიზნესიც.
პიველ რიგში, იმ ადამიანებს, ვინც სახელმწიფოსთან იყო შეზრდილი და ვინც მათთან ერთად იყო ჩაფლული კორუფციაში, პირველი მათ მოჰკითხავენ. პირველები იქნებიან ის ბიზნესის წარმომადგენლები დღეს, ვინც სახელმწიფოსთან ერთად ომფორტულად გრძნობენ თავს და ვინც დღეს იმ საქციელს, რასაც სჩადიან, "უპრავებენ". ერთადერთი, სტაბილურობის განცდა შედარებით ვისაც აქვს მცირე და საშუალო ბიზნესს, თუ ეს პროცესები ასე გაგრძელდა, აუცილებლად მათაც საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.
რა თქმა უნდა, ეს არის ის სიგნალი, რომელიც უნდათ, გაუგზავნონ ბიზნესს, რომ ნებისმიერი ადამიანის დასჯა შეუძლიათ ნებისმიერი მეთოდით, ნებისმიერი მიზეზით, იმიტომ, რომ სასამართლო დღეს საქართველოში არის 100%-ით პოლიტიზირებული და იმართება ვერტიკალურად. ბიზნესი ნამდვილად ვერ ეყოლებათ სრულ მორჩილებაში, მაგრამ ბიზნესს, რომელიც შეზრდილია სახელმწიფოსთან და გარეულია კორუფციაში, დაიქვემდებარებენ აუცილებლად, - ამბობს ივა ჭყონია.
ინტერნეტ ქსელის მფლობელს, Euronews Georgia-ს დამფუძნებელს და დონალდ ტრამპის ძველ ბიზნესპარტნიორს ხელბორკილები გუშინ აეროპორტში დაადეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბიზნესმენს აეროპორტში, ხელბარგის სკანირებისას ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს. უწყების ცნობით, აღნიშნული იარაღი რამიშვილს გაფორმებული ჰქონდა, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონია.