
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა გამთენიისას თბილისიდან ლონდონის მიმართულებით გაფრინდა. ვისთან გაემგზავრა ან რა მიზნით წავიდა ოპოზიციის ლიდერი საზღვარგარეთ, მას განმარტებები არ გაუკეთებია.
პარტიაში აცხადებენ, რომ ბოკუჩავასთან ერთად, ბრიტანეთში „ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებიც იმყოფებიან, რომლებიც შეხვედრებს „ქართული ოცნების" დასანქცირების მოთხოვნით გამართავენ.
პარტიაში ამბობს, რომ არ აქვთ ინფორმაცია, დაგეგმილია თუ არა შეხვედრა ლონდონში მყოფ დავით კეზერაშვილთან.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, ფიქრობს, რომ თინა ბოკუჩავა ლონდონში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად და მასთან პოლიტიკური საკითხების განსახილველად მიდის.
„გასაგებია, რომ კეზერაშვილი არის ამ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ჯიბე. ერთის მხრივ, ცდილობენ ფინანსების მოზიდვას, როგორც ჩანს, შემოაკლდათ და მეორე მხრივ, ცდილობენ სცენარის გავლას - რა, როგორ, ვის რა შეუძლია, ვის რა ფინანსური მოლოდინი უნდა ჰქონდეს ამ ადამიანისგან.
სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ იმიტომ, რომ ზოგიერთები აპირებენ შესვლას. არის სხვა ფაქტორები, კონტექსტები და როგორც ჩანს, აქვთ სურვილი, რომ გაიარონ, შეაფასონ, ნახონ, ნამდვილად ღირს თუ არა მოჩვენებითად, მაგრამ მაინც გადგომა, ხომ არ ჯობია ისინიც შევიდნენ", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.