
ეუთო/ოდირის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ორგანიზაცია წუხს საქართველოს ხელისუფლების განზრახვაზე, არ მოიწვიოს ოფისი დამკვირვებლად ადგილობრივ არჩევნებზე,პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" არ სურს ვინმემ მიუთითოს, რომ ის არჩევნებს აყალბებს.
"ქართულ ოცნებას" არ სურს, მიუთითონ, თუ რას აკეთებს, როგორ არღვევს, როგორ აყალბებს არჩევნებს. მეორე მხრივ, ვხედავთ მზაობას ეუთო/ოდირისგან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია, ნებისმიერი დასავლური ქვეყანა, რომელიც საქართველოს გვერდზე დგას, შესაბამისად მათი მისიები ჩვენთვის არის ღირებული", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, არჩევნებზე საერთაშორისო მისიების დაკვირვება მნიშვნელოვანია, თუმცა "ქართული ოცნება" ქვეყანაში ეუთო/ოდირის მოწვევას არ გეგმავს.
"რა თქმა უნდა, ეუთო/ოდირის დაკვირვების მანდატი არის მნიშვნელოვანი, თუმცა ვიხილეთ "ოცნების" განცხადებები, რომ ისინი არ აპირებენ [მოწვევას]. რეალობას "ოცნების" ვერანაირი ქცევა ვერ შეცვლის", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.