თამთა ჩაჩანიძე
08.07.2025

სომხეთში ვითარება კვლავ დაძაბულია - ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტი სომხური წარმოშობის რუსი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის გარემოცვის დაკავებაზე გადავიდა. თავად კარაპეტიანი ივნისში დაიჭირეს და ბრალი ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის საჯარო მოწოდებებში წაუყენეს. ის ღიად უჭერს მხარს სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსს, გარეგინ მეორეს, რომელიც მთავრობასთან უმწვავეს დაპირისპირებაშია.

8 ივლისის, ადგილობრივი დროით დილის 8 საათიდან პოლიცია „სომხეთის ელექტროქსელების" ცენტრალურ ოფისში შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. ადგილობრივი მედიის ცნობით, „ნიღბიანი ეროვნული უსაფრთხოების თანამშრომლები ელექტროქსელის ოფისში არავის უშვებდნენ".

ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველები ასევე შევიდნენ და გაჩხრიკეს სომხეთის ელექტროქსელების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ნარეკ კარაპეტიანის საცხოვრებელ სახლი. ეს უკანასკნელი სამველ კარაპეტიანის ძმისშვილია.

დაკავებულების ადვოკატმა ლუსინე მარტიროსიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლიციამ ბისნესმენ სამველ კარაპეტიანის სულ მცირე 10 თანამშრომელი დააკავა და ადვოკატებს მათთან შეხვედრის უფლება ამ დრომდე არ მისცემიათ. მარტიროსიანის თქმით, ფართომასშტაბიანი ჩხრეკა დილით ადრე დაიწყო როგორც „სომხეთის ელექტროქსელების" თანამშრომლების ბინებში, ასევე იმ მოქალაქეების სახლებში, რომლებიც, გამოძიების თანახმად, მონაწილეობდნენ 4 ივლისს დაკავებული ბიზნესმენის მხარდასაჭერად გამართულ აქციაში.

„დილიდან საგამოძიებო კომიტეტი მასშტაბურ ჩხრეკას ატარებს აქციაში მონაწილე პირების სახლებში. ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია ათი ადამიანი, რომლებიც დააკავეს და საგამოძიებო კომიტეტში გადაიყვანეს", - განაცხადა მარტიროსიანმა.

მისი თქმით, დაკავებულები არიან ქალაქ ტაშირიდანაც, საიდანაც კარაპეტიანია წარმოშობით. ამბობს, რომ „დაკავების მიზეზების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ერთადერთი ინფორმაცია მიტინგში მონაწილეობაა და ამის შესახებ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული რამდენიმე პოსტი".

თავის მხრივ კიდევ ერთმა ადვოკატმა, ტიგრან აირაპეტიანმა განაცხადა, რომ დაკავებულთა შორისაა სომხეთის ელექტროქსელების მუსალერის ფილიალის მთავარი ინჟინერი არა ავაგიანი და ის ერევნის განყოფილებაშია გადაყვანილი. ადვოკატმა დასძინა, რომ ბრალდება წაყენებულია სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც აღიძრა „სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ბრალდებულების საუბრების უკანონო მოსმენის საფუძველზე".

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ჩხრეკა ტარდება გამოძიებისთვის საინტერესო 51 მისამართზე, განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობის, განსაკუთრებით დიდი მასშტაბის ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტებზე აღძრული სს საქმეების ფარგლებში.

სომხური წარმოშობის რუსი ბიზნესმენი, „ტაშირის ჯგუფის" ხელმძღვანელი სამველ კარაპეტიანი ივნისში დააკავეს, ბრალი წაუყენეს „ხელისუფლების უზურპაციის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ან კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობისკენ საჯარო მოწოდებაში," რისი დამტკიცების შემთხვევაშიც, მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ბიზნესმენის სახლში ჩხრეკა მას შემდეგ ჩაატარეს, რაც სომხეთის სამოციქულო ეკლესიისა და მთავრობას შორის მწვავე დაძაბულობის ფონზე, ეკლესიის დასაცავად გააკეთა განცხადებები.

„თუ პოლიტიკოსები ვერ შეძლებენ, მაშინ ჩვენც ჩვენი გზით მივიღებთ მონაწილეობას ამ ყველაფერში," - განაცხადა კარაპეტიანმა.

პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ეკლესიის წინამძღვარი გარეგინ მეორე სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერასა და მრუშობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

„თუ კტრიჩ ნერსისიანი ვაზგენ გალსტანიანისა და გევორგ აჯაპაჰიანის დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს, მაშინ ის იზიარებს ზემოაღნიშნული პირების იდეოლოგიასა და გეგმებს სამხედრო გადატრიალების განხორციელების, ხალხის კედლების ქვეშ გამოკეტვისა და ქვეყანაში ქაოსის შექმნის შესახებ. ვაღარშაპატის გაფართოებული თემის არცერთი ტერიტორია არ შეიძლება იყოს დახურული სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობისთვის, მით უმეტეს, რომ, კტრიჩის და კიდევ რამდენიმე პირის წყალობით, ეს ტერიტორიები არ არის დახურული მრუშობისთვის", - დაწერა ფაშინიანმა 7 ივლისს ფეისბუქზე.

8 ივლისსავე ეროვნული კრების სხდომაზე მმართველი პარტიისა და ოპოზიციური ბლოკის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმებისა" და ბლოკ „სომხეთის" წევრებს შორის კამათს ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

სხდომაზე განიხილებოდა ოპოზიციური ფრაქციის, „სომხეთის" წევრის, ქალაქ სისიანის ყოფილი მერის, არტურ სარქისიანისთვის დეპუტატის იმუნიტეტის გაუქმებისა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი. სარქისიანი ეჭვმიტანილია ტერაქტების მომზადებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში იმ მოძრაობის ფარგლებში, რომელსაც არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობს.

მანამდე, პარლამენტმა ფრაქცია „სომხეთის" ხელმძღვანელს, ქვეყნის თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სეირან ოჰანიანს ხელშეუხებლობა მოუხსნა. ოჰანიანი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2008-2016 წლებში იკავებდა. სომხური მედიის თანახმად, ხელშეუხებლობა ასევე მოუხსნეს ამავე ფრაქციის მდივანს, არცვიკ მინასიანს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×