
ოპოზიციაში „ლელოზე" ბულინგი გრძელდება. ენმ აღიარებს, რომ გარკვეული სარგებლის სანაცვლოდ „ლელო" რაღაცებზე თვალის დახუჭვას სთხოვდა. მათ შორის ურთიერთობის გამწვავების ფონზე ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს თანამშრომლობის შეუქცევად დასრულებას ნიშნავს.
„ცხადია, ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე არ მივლენ, მაგრამ რასაც ჰქვია პოლიტიკური თანამშრომლობა, აქ ზედმეტია საუბარი. მათ სიტყვებს ფასი არა აქვს-ხოლმე, მაგრამ უმძიმესი ბრალდებაა, როცა პოლიტიკაში ურთიერთობის სრულ დასასრულზე საუბრობ", - უთხრა ანალიტიკოსმა პეტრე მამრაძემ „რეზონანსს".
„ნაციონალური მოძრაობის" წევრ გია ბარამიძის თქმით, „ლელო" რბილად გაკრიტიკებას გარკვეული სარგებლის სანაცვლოდ სთხოვდა.
„ვაჭრობაში არ შევსულვართ, საუბარი მყისიერად მორჩა, როგორც კი გაიგეს ჩვენი პოზიცია, რომ ეს არ არის ვაჭრობის საგანი, ვაჭრობის თემა - ჩვენ სამშობლოთი არ ვვაჭრობთ. ადრე ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩვენი პარტნიორი, ვერავის მოვუწონებთ ამ მოღალატურ რეჟიმთან თანამშრომლობას, მათ სპეცოპერაციაში შესვლას, რაც რეჟიმის ლეგიტიმაციის ერთ-ერთი მცდელობაა. ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდაა ცნობილი ყველასათვის, ღიად ვსაუბრობთ და არაფერი გვაქვს დაფარული, არ ვაპირებთ ენის მოჩლექას არავისთან მიმართებით. თქვენ ამას ძალიან კარგად ხედავთ. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ვინც არ უნდა შევიდეს ამ სპეცოპერაციაში, ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლის ღალატი", - განაცხადა გია ბარამიძემ.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანი წითლიძემ ლევან სანიკიძესა და ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად ფეისბუქლაივის დროს განაცხადა: „ლელო" ფულს იხდიდა, მათ შორის ჩვენც გვეუბნებოდნენ, ოღონდ თქვენ არ დაგვარტყათ და... ამიტომ ვთქვი, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ბიძინა ივლის ჩემოდნით და იყიდის თუ მამუკა ივლის ჩემოდნით-მეთქი. სად ვართ, ხალხნო? წარმოიდგინეთ, სად ვართ. მართლა რა ჰგონიათ?".
ასევე, ანი წითლიძემ ტელეკომპანია „ფორმულას" ეთერში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა „ლელოს" გადაწყვეტილება:
„ლელომ" თავისი გადაწყვეტილებით ბევრი რამე აჩვენა. ჯერ ერთი საკუთარ ამომრჩეველს უღალატა, მერე მან ანახა, რომ არასაიმედო პარტნიორია პროდასავლურ ოპოზიციაში, რადგან ბოიკოტთან დაკავშირებით შეთანხმება დაარღვია. ასევე, ანახა ისიც, რომ არ აინტრესებს არაფერი პარტიის შინგით, ვინაიდან ბევრი პრობლემაა - ლიდერებმა დატოვეს პარტია. გამოდის, რომ ისინი არ ეთანხმებოდნენ ამ გადაწყვეტილებას. წინა გამომსვლელს ვუსმენდი, რომელმაც თქვა, რომ არგუმენტები ვერ მოვისმინეო, თუ მამუკას საფულეს იქნებით მიბმული, ვერასდროს გაიგებთ ბოიკოტთან დაკავშირებით", - განაცხადა წითლიძემ.
პეტრე მამრაძის შეფასებით, ეს უმძიმესი ბრალდებაა, რაც ყველანაირი ურთიერთობის დასრულებას გულისხმობს.
„ლელოსა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის ურთიერთობა საკმაოდ გამწვავებულია, ვინაიდან ერთმანეთს მოღალატეებს უწოდებენ. ცხადია, ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე არ მივლენ, მაგრამ რასაც ჰქვია პოლიტიკური თანამშრომლობა, აქ ზედმეტია საუბარი. კითხულობენ, აი, შემდეგ რა იქნება? რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა" ვერ შეცვლის ჩვენებას და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეიბას ვერ მიიღებს, რადგან როცა იმ მხარეს, რომელმაც მონაწილეობა გადაწყვიტა, მოღალატეს უწოდებ, შენ უკვე ამას ვერ იზამ. ასე რომ, მათზე შეიძლება დარწმუნებულები ვიყოთ, რომ მონაწილეობას ვერ მიიღებენ. მათ სიტყვებს ფასი არ აქვს-ხოლმე, მაგრამ უმძიმესი ბრალდებაა, რასაც ურთიერთობის სრულ დასასრულს ნიშნავს პოლიტიკაში",- განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით კი „ლელოსა" და ენმ-შორის სიტუაცია ამაზე მეტად ვეღარ დაიძაბება. როდესაც არ არსებობს მტკიცებულევები და თან ენას ძვალი არ აქვს, ნებისმიერი რამე შეიძლება თქვა. მითუმეტეს, ამ მხრივ ქართული პოლიტიკა გამორჩეულია. „რას ამბობენ, რომ „ლელოსგან" იყო შეთავაზება, ჩუმად იყავით და ფულს გადაგიხდითო? არ ვიცი, ვერ გეტყვით",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".