მარიამ ვეკუა
08.07.2025

სტრატეგიული დაძაბულობა წითელ ზღვაში - ჩინეთი, რომელიც თავის ზესახელმწიფოებრიობას თითქმის ყოველთვის ეკონომიკური ბერკეტებით ამყარებდა, ახლა სამხედრო აქტივობაზე გადავიდა. წითელ ზღვაში მომხდარი ინციდენტი, მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკურ დონეზე რაიმე დამანგრეველი შედეგი არ მოჰყოლია, შეიძლება ფრიად შორსმიმავალ ამბად იქცეს სტრატეგიული თვალთახედვით, რადგან პირდაპირი და ერთმნიშვნელოვანი კონფრონტაციის ნიშნებს შეიცავს.

გერმანიამ ჩინეთის ელჩი დაიბარა და წითელ ზღვაში ლაზერის გამოყენებაზე პასუხს ითხოვს, რაც ჩინურმა სამხედრო ფრეგატმა ევროკავშირის მისიის ფარგლებში მოქმედ გერმანულ თვითმფრინავზე დაასხივა. გერმანია ინციდენტს „საოპერაციო საფრთხედ" აფასებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბერლინში ჩინეთის ელჩი მას შემდეგ დაიბარა, რაც ჩინურმა სამხედრო ხომალდმა წითელ ზღვაში ევროკავშირის ოპერაციაში მონაწილე გერმანულ თვითმფრინავზე ლაზერი გამოიყენა.

„ჩინეთის სამხედროებმა ევროკავშირის ოპერაციაში მონაწილე გერმანული თვითმფრინავის მიზანში ამოღების მიზნით ლაზერი გამოიყენეს. გერმანელი პერსონალის საფრთხეში ჩაგდება და ოპერაციის ჩაშლა სრულიად მიუღებელია. ჩინეთის ელჩი დღეს ფედერალურ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე თვითმფრინავს მრავალსენსორულ- სადაზვერვო კატეგორიას მიაკუთვნებენ, რომელიც ცნობილია როგორც „მფრინავი თვალი" - მას ზღვაზე ფართო დიაპაზონის სათვალთვალო შესაძლებლობები აქვს.

თვითმფრინავი წითელ ზღვაში „რუტინულ ოპერაციულ ფრენას" ასრულებდა, როცა „ჩინურმა მხარემ ლაზერი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაუმიზნა" - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის მიერ ელექტრონული ფოსტით გავრცელებულ განცხადებაში.

მდგომარეობას უფრო საყურადღებოს ის ფაქტი ქმნის, რომ თვითფმრინავი, რომელიც ჩინური ლაზერის სამიზნე გახდა, ევროკავშირის მისიაში მონაწილოებდა.

უსაფრთხოების მიზნით, ფრენები დროებით შეწყვიტეს და თვითმფრინავიც ჯიბუტიში მდებარე ბაზაზე დაბრუნდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ფრენები უკვე განახლდა.

ჩინეთის საელჩომ კომენტარი ელჩ დენგ ჰონგბოს გამოძახებასთან დაკავშირებით არ გააკეთა.

ცნობისთვის, მიმდინარე პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული რეგიონის - წითელი ზღვის - უსაფრთხოებაზე მზარდი ზეწოლა ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტ მებრძოლებს უკავშირდება. მათ მიერ განხორციელებული იერიშები ისრაელსა და გემებზე, მათივე განცხადებით, ღაზაში მიმდინარე მოვლენებზე საპასუხო სოლიდარობის აქტია. ბოლო თავდასხმისას, სამშაბათს, ორი მეზღვაური დაიღუპა.

ევროკავშირმა კი 2024 წლის თებერვალში, წითელ ზღვაში სამოქალაქო ნავიგაციის დასაცავად, „ასპიდესის" მისია დააარსა, რაც ძველ ბერძნულად „ფარს" ნიშნავს. მისიის ფარგლებში გერმანიამ ჯიბუტიში სადაზვერვო თვითმფრინავები განალაგა.

გერმანიის სამხედროების მანდატი მაქსიმუმ 700 სამხედრო მოსამსახურის ყოფნას ითვალისწინებს.

გერმანიის გარდა, მისიაში მონაწილეობენ ბელგია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ნიდერლანდები და შვედეთი.

„შპიგელის" ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა გერმანული თვითმფრინავი ჩინურ ფრეგატს მიუახლოვდა. ჩინურფმა გემმა კონტაქტი განგაშის სიხშირეზე არ ან ვერ დაამყარა, რაც საზღვაო პრაქტიკის დარღვევად ფასდება.

ჯერჯერობით უცნობია, მიიღო თუ არა თვითმფრინავმა ტექნიკური დაზიანება - მიმდინარეობს შემოწმება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთის სამხედრო ძალებს ლაზერის გამოყენებაში ადანაშაულებენ. ლაზერული ზემოქმედება ხშირად იწვევს პილოტების დროებით დაბრმავებას და თვითმფრინავის ელექტრონულ სისტემებს საფრთხეს უქმნის.

2018 წელს აშშ-ის თავდაცვის უწყებამ ჩინეთის მოქალაქეები ჯიბუტიში ამერიკული ბაზის მახლობლად ლაზერული მოწყობილობების გამოყენებაში დაადანაშაულა. ერთ-ერთ შემთხვევაში, სატვირთო თვითმფრინავის ორი პილოტი დაშვებისას თვალის არეში მსუბუქად დაშავდა

ვაშინგტონმა ინციდენტზე ოფიციალური დიპლომატიური საჩივარი წარადგინა, თუმცა პეკინმა ბრალდებები უარყო.

საინტერესოა, რომ ჩინეთმა 2017 წელს აშშ-ის სამხედრო ბაზის მახლობლად ჯიბუტიში საკუთარი საზღვაო ბაზა გახსნა - ეს ნაბიჯი პეკინის სწრაფად მზარდ სამხედრო გლობალურ გააქტიურებას უკავშირდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×