"მოსახლეობა უკმაყოფილოა, სიძვირის გამო, მაგრამ ჯერ მაინც არ არის ინფლაცია იმ დონეზე, რომ საგანგაშო იყოს"
გვანცა წულაია
08.07.2025

ბოლო დროის ინფლაცია საქართველოსთვის უკვე გამოწვევად იქცა. მრავალთვიანი დადებითი ტენდენციის შემდეგ, ქვეყანაში უარყოფითი დინამიკა ვითარდება და არც ისაა გამორიცხული, რომ მაჩვენებელი კიდევ მეტად გაიზარდოს. ყოველ შემთხვევაში, იმაზე ყველა თანხმდება, რომ 2025 წლის ინფლაციური მაჩვენებელი მიზნობრივ 3%-ზე მაღალი იქნება, რაც მოსახლეობისთვის პრობლემაა, განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის. 

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ინფლაციის მაჩვენებელი მაღლა მიიწევს. ივნისში საქართველოში წლიური ინფლაცია 4% გახდა. ასეთი ტემპი, პირველ რიგში, სურსათის ფასების მკვეთრმა მატებამ განაპირობა, რაც წლიურად 10%-ით არის გაზრდილი. ქვეყანაში ასეთი მაღალი ინფლაცია 2023 წლის მარტის შემდგომ არ ყოფილა. 

სურსათის გაძვირება ყველაზე მეტად დაბალშემოსავლიან ოჯახებზე იმოქმედებს და როგორც ეკონომისტმა ირაკლი მაკალათიამ განაცხადა, აღნიშნულ ფენაში მსყიდველუნარიანობა უკვე შემცირებულია. 

"საერთო ინფლაციის მაჩვენებელი საგანგაშო არ არის, რადგან მიზნობრივზე ცოტა მაღალია. ამიტომ ძალიან ცუდი სურათის დახატვა არ გამოვა, თუმცა თუ ბოლო ტენდენციას დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ მზარდი ინფლაციის ტემპი აქვს საქართველოს. 2024 წელი დავასრულეთ მინიმალურ დონეზე, 2025 წლის იანვრიდან მოყოლებული კი ინფლაციის მაჩვენებლის ტემპი მზარდია, რაც უარყოფითი ამბავია. 

ინფლაციის საერთო მაჩვენებელი ერთნიშნაა და ივნისში 4%-მდე გაიზრდა, მაგრამ ჯგუფების მიხედვით თუ ვნახავთ, აღმოჩნდება, რომ სასურსათო და ჯანდაცვის კატეგორიაში, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის, ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებელი გვაქვს და ეს გარემოება მსყიდველობითუნარიანობაზე უარყოფითად აისახება. ეს მოცემულობა ყველაზე მეტად დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე გადატყდება, რადგან, ჯერ ერთი, მთლიან მოხმარებაში სურსათის წილი 30%-ია და მეორეც, რაც უფრო დაბალშემოსავლიანია ადამიანი, მისი ხარჯი სურსათსიკენ მით უფრო მეტად არის მიმართული. აქედან გამომდინარე, ეს ინფლაციის მაჩვენებელი მათთვის ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ის 4%-იანი საერთო ინფლაციის დოზე. შესაბამისად, დაბალშემოსავლიანი მოსახლოებისთვის მსყოდველუნარიანობა მკვეთრად არის შემცირებული. 

სასურსათო ჯგუფში ორნიშნა ინფლაცია გვაქვს, თუმცა თუ ინდივიდუალურ ინდექსებს ჩავყვებით, ვნახავთ, რომ აქ კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლები გვაქვს. სასურსათო ჯგუფში ყველაზე მეტად მოხმარებადი პროდუქტები ძვირდება. შესაბამისად, ხელმოკლე ოჯახების ცხოვრების დონე გაუარესებისკენ მიდის. 

ზოგადად არ არის რადიკალურად მძიმე მდგომარეობა, თუმცა ტენდენცია უარყოფითია, განსაკუთრებით სასურსათო ჯგუფში”, - განუცხადა ირაკლი მაკალათიამ "რეზონანსს”. 

მზარდი ინფლაცია რომ დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე განსაკუთრებით აისახება, ამაზე ისაუბრა კიდევ ერთმა ეკონომისტმა. როგორც გიორგი ხიშტოვანმა აღნიშნა, ინფლაციის ეს მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან 4%-იანი მაჩვენებლის უკან, დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვის ინფლაციის რეალური დონე უკვე კრიტიკულად მაღალი შეიძლება იყოს.

"დიდი ხნის პაუზის შემდეგ, სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 10%-ს გადააჭარბა და ივნისის მდგომარეობით 10.1%-ს შეადგენდა, რაც დამატებით საყურადღებოა, მთლიან ინფლაციაში, რომელიც 4%-ს შეადგენს, კონტრიბუციების მხრივ, სურსათის წილი 3,34%-ია.

ეს გარემოება, თავის მხრივ, ნიშნავს შემდეგს: არსებულ მთლიან სამომხმარებლო კალათაში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების წილი არის დაახლოებით 35%; ამავე დროს, სავარაუდოდ, სხვადასხვა შემოსავლის მქონე ოჯახს, სხვადასხვა ხარჯების სტრუქტურა ექნება (სავარაუდოდ, რაც მეტია შემოსავალი, მით უფრო მცირე წილი ექნება მთლიან დანახარჯებში ხარჯებს სურსათზე); შესაბამისად, თუ თქვენს ოჯახში, სურსათზე მიდის ხარჯების 50%, მაშინ, თქვენთვის ინფლაცია სადღაც 6% გამოვა; თუ თქვენს ოჯახში, სურსათზე მოდის ხარჯების 75%, მაშინ, თქვენთვის ინფლაცია 8.5% გამოვა; თუ თქვენს ოჯახში, სურსათზე მოდის ხარჯების თითქმის 100%, მაშინ, თქვენთვის ინფლაცია 11%-იანი იქნება.

რაღაცით, ეს სურათი დაქირავებულების საშუალო ხელფასის სიტუაციას მაგონებს, როდესაც, საშუალო ხელფასი 2200 ლარია, მაგრამ ასეთი ხელფასი მოსახლეობის მხოლოდ 35% აქვს. 

რომ შევაჯამო, ინფლაციის ეს მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან ამ 4%-იანი მაჩვენებლის უკან, დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვის ინფლაციის რეალური დონე უკვე კრიტიკულად მაღალი შეიძლება იყოს", - აღნიშნა ხიშტოვანმა.

ყველა თანხმდება იმაზე, რომ მიმდინარე წლის ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივზე მაღალი იქნება და საშუალო სავარაუდო შედეგი 5%-ია. მზარდ ტენდენციაზე ისაუბრა სტატისტიკოსმა გივი მომცელიძემ და აღნიშნა, რომ 2025 წლეს 3%-ზე მაღალი ინფლაციის დაფიქსირება საკმაოდ რეალურია. 

"რა თქმა უნდა, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი ყველაზე მეტად დაბალ ფენებს შეეხება, ეს ყოველთვის და ყველგან ასეა, მაგრამ ჯერჯერობით არ არის იმდენად საგანგაშო მდგლომარეობა, რომ ჰიპერინფლაციაში გადაიზარდოს და მოქალაქეებს უცებ დაეტყოს. შემდეგომ თვეებშიც თუ ასეთი მოცემულობა გვექნება, ანუ ტემპი გაიზრდება, მერე უფრო იქნება მოსახლეობაზე ასახვა. 

დიახ, მოსახლეობა უკმაყოფილოა, გაზრდილი ფასები გამო, მაგრამ ჯერ მაინც არ არის ინფლაცია იმ დონეზე, როგორც იყო 2021-22 წლებში. მაშინ, უფრო სერიოზულად გორდებოდა ინფლაციასთან დაკავშირებული ტალღა და მიმდინარე ეტაპზე ამ დონემდე არ ვართ მისული, მაგრამ თუ კიდევ გაგრძელდება ზრდა, ვითარება შემდეგ წინა წლების განწყობას. 

ჯერჯერობით, ჰორიზონტზე არ ჩანს ინფლაციის კლება და იმის დიდი შანია, რომ მიმდინარე წლის ინფლაცია მიზნობრივზე მაღალი იყოს. სამწუხაროა, მაგრამ ასეთი შედეგი რეალურია. 

საკვების გაძვირება ყველაზე მეტად ღარიბ ფენას უქმნის პრობლემას. სხვა ჭრილში კი ინფლაცია, არ არის გავარდნილი საგანგაშო მაჩვენებელზე”, - განუცხადა "რეზონანსს” გივი მომცელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×