
"ქართულ ოცნებაში" აღიარებენ, რომ ახლა საქართველოსა და აშშ-ს ხელისუფლებებს რთული პერიოდი უდგას. არ კონკრეტდება რაში გამოიხატება ეს სირთულე, თუმცა,ბოლო პერიოდში ბევრი საჯარო შეთავაზება ვნახეთ მმართველი პარტიის მხრიდან ურთიერთობის გადატვირთვის შესახებ, მათ შორის "კონკრეტული გზამკვლევითაც", უკუკავშირი კი აშშ-ს ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ საელჩოს დონეზე ხდებოდა.
ორმხრივი მოცემულობა ანალიტიკოებს განცდას უტოვებს და არ გამორიცხავენ, რომ მკაცრი ნაბიჯები გადადგას ვაშინტონმა და ეს "ოცნებაში" შესაძლოა იციან.
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი სირთულეების კონტექსტში "მეგობარ აქტს" ახსენებს, რომელსაც 6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო და ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას.
ასევე, კანონპროექტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში, დებს საქართველოსთან აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას.
აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი, რომელიმაც ცოტა ხნის წინ პესიაზე გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, "რადიო თავისუფლებასთან" ამბობს, რომ "სენატში რამდენიმე ადამიანისგან მოისმინა, რომ მათი აზრით ეს კანონი საბოლოოდ გავა". ელჩი ამბობს, რომ „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის მიერ ვაშინგტონში გაგზავნილი არასაჯარო წერილის შინაარსი "მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არასერიოზული იყო, რაც ვაშინგტონში უკიდურესად ცუდად იქნა მიღებული".
ამაზე ელჩს "ოცნებიდან" უპასუხეს, პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვიოლსკმა განაცხადა, რომ "დანიგანს ძალიან ბნელი მომავალი უნდა საქართველოსთვის, როგორც ჩანს. რა მოხდება, როგორ გავა, როგორ განიხილავენ, რა ფორმატში - ეს არავინ არ იცის. ჩვენ უნდა ვეცადოთ იმას, რო ამერიკის და საქართველოს ურთიერთობები იყოს იმ პოლიტიკური პარტნიორების დონეზე დაბრუნებული".
რას ნიშნავს რთული პერიოდი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნება" რთულ პერიოდში იმას გულისხმობს, რომ თავად აქვს ამერიკას რთული სიტუაცია და ურთიერთობების გაუარესებაში მისი ბრალი არაა.
"ქართული ოცნება" რასაც გულისხმობს, "რთული პერიოდი", ესაა რომ თითქოს ურთიერთობების გაუარესებაში მისი ბრალი არანაირად არაა. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ აშშ, თუნდაც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, "დიფ სთეითის" გავლენის ქვეშაა და აქედან გამომდინარე, სწორედ ოფიციალური ვაშინგტონის ბრალია ურთოერთობების გაუარესება, ჯერ ბაიდენის და დღეს უკვე ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში.
"ამასთანავე, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ სანქციებია მოსლაოდნელი, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიძლება იყოს მიღებული და ეს აღელვებს. ამიტომაც საუბრობენ, რომ მზად არიან გადატვირთონ ურთიერთობები, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არანაირად არ აღიარებენ თავიანთ დანაშაულს",- განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ურთიერთობებში რთული პერიოდია იმ მხრივ, რომ საქართველოს ხელისუფლებას კონგრესიდან და სენატიდან "ცილს სწამებენ და აბსურდულ რაღაცეებს აბრალებენ".
"რთულია იმ მხრივ, რომ კონგრესშიც, სენატშიც და სახელმწიფო დეპარტამენტშიც არიან კონკრეტული ადამიანები, ვინც ცილს სწამებს ამჟამინდელ ხელისუფლებას, აბსურდულ რაღაცეებს აბრალებენ.
მაგალითად, სენატორი უილსონი, რომ საქართველოს თურმე ჩინეთის კომპარტია და ირანის აიათოლები მართავენ. ასევე, სენატორები შაჰინი და რიში, რომლებმაც შესანიშნავად იცოდნენ რა დონის დანაშაული ხდებოდა საქართველოში სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების მიერ და მაშინ საჯაროდ ხმას არ იღებდნენ, თუმცა, პირად საუბრებში ამას ამბობდნენ.
"ახლა კი ჩვენს ხელისუფლებას ისეთ რაღაცას აბრალებენ, რომ არც კი გაუკეთებია. აბრალებენ მიუხედავად საქართველოს ასეთი მაღალი რეიტინგებისა, სწორედ დემოკრატიის, ათვისუფლების, კანონის უზენაესობის სფეროებში, რაც იგივე ამერიკული კვლევებითაა აღიარებული. გვახსოვს სახდეპის წარმომადგენლების მოქმედება - ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. ვიქტორია ნულანდი ის ქალია, კიევში მაიდანის დროს ორცხობილებს რომ არიგებდა და თავის ელჩს რევოლუციურ სცენარს რომ კარნახობდა ტელეფონით, ეს დიდი სკანდალი იყო. ამ ქალმა ჩვენს დიპლომატებს გამოუცხადა, რომ სააკაშვილი ჩემი პირადი მეგობარია და ეს უნდა გესმოდეთო.
"სწორედ ამის შემდეგ იყო, რომ მისივე დავალებით, კელი დეგნანი ითხოვდა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაეცათ ამერიკული ჯაველინები და საზენიტო დანადგარები, რაც უკრაინას გადაეცა, რის გამოც მოხდა ნამდვილი კონფლიქტი. ჩვენმა ხელისუფლებამ უარი თქვა და ამის გამო წამოვიდა ეს აგრესიული დამოკიდებულება, ამას გულისხმობს თენგიზ შარმანაშვილი, რომელსაც პირადად ახლოს ვიცნობ და მინდა დავადასტურო, რომ ფრიად კომპეტენტური ადამიანია ამ სფეროში",- განაცხადა მამრაძემ.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ რთული სათქმელია როდის შეიძლება დალაგდეს აშშ-სა და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობები, ან თუ შეიძლება ეს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მოხდეს.
"ეს მეტად რთული სათქმელია, რადგან კონკრეტული ინტერესები დღეს ტრამპის ადმინისტრაციას და შესაბამისად, სხვა სტრუქტურებს ნაკლებად აქვთ, იმისდა მიხედვით, თუ მსოფლიოში რა ხდება. იციან რა, რომ საქართველოში დგას რუსეთის ორი ძლიერი ბაზა, მათ შორის, პირდაპირ დედაქალაქთან 30 კმ-ში, ამის შემდეგ, რომ რაღაც აქტიურობა გამოიჩინონ, ნაკლებადმოსალოდნელია. ჩვენ არც კატარი არ ვართ, სადაც ძალიან დიდი ნავთობი და ფინანსებია, რომ აქტიური თემა ვიყოთ.
"ზოგიერთს კარგი ურთიერთობა მიაჩნდა, რომ თავის დროზე ნატოს წვრთნები ტარდებოდა. 2008 წლის 21 ივლისს, ვაზიანის ბაზაზე ფართომასშტაბიანი ქართულ-ამერიკული წვრთნა დაიწყო, რომლის სახელწოდებაც იყო "დაუყოვნებლივი პასუხი", რომელიც 31 ივლისს დასრულდა.
7 აგვისტოს კი სააკაშვილმა დაბომბა ქართული ქალაქი ცხინვალი და განწყობა იყო, რომ აგერ ამერიკელები ჩვენთან არიან და ბოლომდე გვეხმარებიან, მაგრამ ეს დახმარება იყო? მაშინ ურთიერთობა საუკეთესო იყო. ბუში სააკაშვილს არჩევას ულოცავდა, მაშინ როდესაც ეუთო/ოდირის დასკვნა საპირისპიროს ამბობდა.
"უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოსთვის კარგია ის ურთიერთობა, რომელიც მის უსაფრთხოებას ამყარებს და არა ანგრევს",- განაცხადა მამრაძემ.
მეგობარი აქტის მიღების პერსპექტივა
როგორც ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, მოსალოდნელია, რომ "მეგობარი აქტს" უმრავლესობის მხარდაჭერა ჰქონდეს და უახლოეს პერიოდში მიიღონ.
"მეგობარ აქტს" წარმომადგენელთა პალატამ მხარი უკვე დაუჭირა, ახლა სენატზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ისინი საქმის კურსში არიან, თუნდაც იმაში, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირანის საელჩოში რომ შევიდა და სამძიმრის წიგნში ხელი მოაწერა. ასევე თუნდაც იმ წერილზე, რომელსაც კობახიძე ამზადებდა ტრამპის სახელზე, ეს ყველაფერი ბუნებრივია სენატორების აღშფოთებას და გაღიზიანებას იწვევს და ბუნებრივია ამას რეაგირების გარეშე არ დატოვებენ.
"ვფიქრობ "მეგობარ აქტს" უახლოეს პეროდში მიიღებენ, ვნახოთ.
"ოცნებაში" ამიტომაც აცხადებენ, რომ მზად არიან ურთიერთობები გადატვირთონ, თუმცა რეალობას მაინც ვერ, თუ არ აცნობიერებენ",-განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია "მეგობარი აქტი" გაიტანონ და ჰქონდეს მას მხარდაჭერა, ანალიტიკოსმა პეტრე მამრაძემ გვითხრა:
"სავსებით შესაძლებელია, ისაც იგივე მიზეზის გამო. მოწინააღმდეგე ვინ იქნება? ტრამპს ძალიან შემცირებული რეიტინგის გამო, კონგრესში და სენატში ყოველი ხმა სჭირდება. ის, რომ ადმინისტრაციამ კონგრესსა და სენატში აქტიურად იმუშაოს, რომ არა, არ მიიღოთ ეს აქტიო, ეს მოსალოდნელი არაა.
"არც ისაა მოსლაოდნელი, რომ აქტი მიიღონ და ტრამპმა მერე წინააღმდეგობა გაუწიოს საქართველოს გამო და ხელი არ მოაწეროს, დღეს აშშ-ში ეს ინტერესი არაა",- თქვა მან.
დამატებით კითხვაზე, უახლოეს მომავალში თუ მოსალოდნელია ატქის მიღება, მამრაძემ გვითხრა, რომ ზუსტად საუბარი ძნელია.
"რასაც ვხედავ, ჩემი ინფორმაციით, ცოტა არ იყოს ეს ამბავი მიჩუმდა, ისე აქტიური არაა და ვნახოთ. ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინფორმაცია, რომ ზიუსტად ვილაპარაკოთ, თავად სენატორებმაც არ იციან ხოლმე რას იზამენ",- განაცხადა მამრაძემ.
რას ამბობს შარმანაშვილი
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აღიარებს, რომ საქართველოს აშშ-სთან რთული პერიოდი აქვს და ამბობს, რომ "მაგობარი აქტ"-ის მსგავსი აქტი შეიძლება, აშშ-მა კიდევ ბევრი მიიღოს.
ამის მიუხედავად, თენგიზ შარმანაშვილი იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან აშშ საქართველოსთან სამართლიან ურთიერთობას დაუბრუნდება.
"ურთიერთობა აღდგება. ახლა არის რთული პერიოდი, მაგრამ ეს დაიძლევა მე დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ ჩემ წარმოდგენაში, ღმერთმა ეს წარმოდგენა არ შემაცვლევინოს, მაინც ფლაგმანი არის სამართლიანობისა აშშ და ეს უსამართლო დამოკიდებულება დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს წესით.
"ეს სირთულეები იქნება და ასეთი აქტები შეიძლება კიდევ ბევრი მიიღონ, მაგრამ ადრე თუ გვიან აშშ საქართველოსთან სამართლიან ურთიერთობას დაუბრუნდება და მე ამის მჯერა," - განაცხადა შარმანაშვილმა.