
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, გადაყვანა ოჯახის სურვილით განხორციელდა. პარალელურად, სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა რიჟვაძის მეგობარი, ალექსი ახვლედიანი, რომელიც იარაღის დაუდევრად შენახვისთვის იყო ბრალდებული. გამოძიება მიმდინარეობს, ოპოზიციაში სკეფსისია, მმართველი პარტია კი მოლოდინის რეჟიმშია.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის კომენტარიდან ირკვევა, რომ თორნიკე რიჟვაძის თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანა ოჯახის სურვილი იყო.
„წუხელ ღამე 2 საათზე, თორნიკე რიჟვაძე გადაყვანილ იქნა სტამბოლის კლინიკაში, საჰაერო გზით, ოჯახის მოთხოვნა იყო ასეთი, მანამდეც საუბრობდნენ ამაზე, თუმცა, ჩვენ ამის შესახებ იმიტომ არ ვთქვით, რომ ამაზე ჩამოყალიბებულები არ იყვნენ, გვიან ღამით გადაწყვიტეს, გამოიძახეს რეანომობილი და გადაიყვანეს თურქეთში"-განაცხადა ლელა ტურძელაძემ.
მისივე თქმით, რიჟვაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება.
ბრალდებული ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა ლალი აფციაურმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რიჟვაძის ოჯახმა ახვლედიანის გათავისუფლების თხოვნით პროკურატურას მიმართა.
„ჩემთვის სასამართლოში გახდა ცნობილი, რომ ბატონ თორნიკეს [რიჟვაძის] მშობლებმა მიმართეს მთავარ პროკურატურას, რომ არ გააჩნიათ არანაირი პრეტენზია და რომ ბატონი ალექსი არის მათი უახლოესი მეგობარი და ითხოვდნენ მის გათავისუფლებას სხდომის დარბაზიდან.
ბატონი ალექსის ძმა, ბატონი აკაკი არის "აგროჰაბის" დამფუძნებელი, არის ბიზნესმენი, აქვს შესაბამისი შემოსავალი და შეუძლია გირაოს თანხის გადახდა", - განაცხადა ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა ლალი აფციაურმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდებულს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს, ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
შეგახსენებთ, 7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში", შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიჟვაძეს მხოლოდ ფილტვზე აქვს მიღებული დაზიანება, თუმცა ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვებზე, აქვს თუ არა რიჟვაძეს ცეცხლსასროლი იარაღით მიღებული ჭრილობა მხოლოდ ფილტვზე, ექიმები არ პასუხობენ.
საქმის დეტალები
პროკურორმა ჟურნალისტებთან საქმის დეტალებზე ისაუბრა.
გამოძიების ინფორმაციით, 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თორნიკე რიჟვაძე სტუმრად იმყოფებოდა საგარეჯოში, თავისი მეგობრის ალექსი ახვლედიანის სახლში. 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში.
„გამოძიებით დადასტურებულია, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ე.წ. ფანჩატურში, სადაც საქეიფო სივრცე იყო, ბრალდებულმა დაუდევრად დატოვა. ის იყო ტყავის ჩანთაში მოთავსებული. თორნიკე რიჟვაძე მალულად დაეუფლა აღნიშნულ იარაღს, შევიდა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და გულმკერდის არეში მოახდინა გასროლა.
გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა. ალექსი ახვლედიანს ჰქონდა იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
მოცემულ სიტუაციაში დასტურდება, რომ იყო მეგობრული გარემო, სუფრაზე იმყოფებოდნენ სხვა პირები, შემდეგ ისინი წავიდნენ და დარჩნენ თორნიკე რიჟვაძე და ალექსი ახვლედიანი. ყველა იქ მყოფი პირი იდენტიფიცირებული და გამოკითხულია. თორნიკე რიჟვაძის მამაც ესწრებოდა აღნიშნულ სუფრას და სიძეც.
რაც შეეხება წერილს, თორნიკე რიჟვაძის ტანსაცმელთან ერთად ამოღებული იქნა წერილი საგარეჯოში მდებარე "ჯეოჰოსპიტალიდან". გამომძიებელმა ამოიღო", - განაცხადა ალექსი ახვლედიანის საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ
ოპოზიცის პოზიცია და პრემიერის კომენტარი
პრემიერი ირაკლი კობახიძე წუხელ იმ კლინიკაში მივიდა, სადაც რიჟვაძე იყო მოთავსებული, შემდეგ კი ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა, კობახიძესთან ერთად, კლინიკაში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი.კობახიძეს თქმით, ის თავად დააკვირდება გამოძიების პროცესს, გარდა ამისა, ყურადღება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მედიის როლზე გაამახვილა:
„არის უამრავი შეურაცხყოფა, უამრავი ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. მაგალითად, „ტვ პირველი", „ფორმულა". ზოგადად გარემო არის პოლიტიკოსისთვის სტრესული, სტრესულია პოლიტკოსის ცხოვრება, მას აბრალებენ ათას ტყუილს, შეურაცხყოფას აყენებენ, ეს არის, რა თქმა უნდა, ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს, რომ დათესოს სიძულვილი ჩვენ ამ პრობლემაზე ხშირად გვისაუბრია და ეს არის ერთ-ერთი ეროვნული პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. მე არ მითქვამს, რომ მედიები იგულისხმება [რიჟვაძის წერილში], მე ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე და დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ
„რა თქმა უნდა, არა მარტო მე, არამედ პირველ რიგში დაინტერესდა გამოძიება ამ საკითხით და ბუნებრივია, მეც გავაკონტროლებ გამოძიების პროცესს"-დასძინა მან.
ოპოზიციაში კი ნაკლებად ვარაუდობენ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სიმართლე გაირკვევა. ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი ირაკლი კობახიძის განცახდებას გამოეხმაურა:
„რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, ეს დღევანდელი ხელისუფლების ჩვეული სტილია, რომ მათი კორუფციული, მოღალატეობრივი ქმედებები და დანაშაულებების გადაბრალება სხვაზე მოხდეს...
ეს ყველაფერი არის მათი დაწერილი სცენარი, მათი განხორციელებული პროცესი და ამ ხელისუფლების პირობებში თუ არა, დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მალე გაირკვევა, როცა აღარ იქნება ხელისუფლებაში ის რეჟიმი, რომელმა რეჟიმმაც ქვეყანას სუვერენიტეტი, დემოკრატია მოუსპო. ფაქტობრივად, კორუფცია გაამეფა და ის დანაშაულებები, რომელ დანაშაულებებსაც ჩვენ ყოველ დღე ვხედავთ", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
„იმედს ვიტოვებთ, რომ რაღაც სიმართლე გაირკვევა, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში, იმედი ნაკლებად გვაქვს"-დასძინა მან.