მარიამ ვეკუა
09.07.2025

რუსეთის თავდასხმების გაძლიერებისა და უკრაინაში ომის გაჭიანურების ფონზე, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპას საკუთარ თავდაცვაზე ზრუნვისკენ მოუწოდებ, ხაზგამით ამბობს, რომ ევროკავშირმა სამხედრო ინვესტიციები უნდა გაზარდოს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ინიციატივა ევროკავშირი ბიუჯეტით დაფინანსებულ ერთობლივ თავდაცვით პროექტებზეა ორიენტირებული და მიზნად წევრი ქვეყნების გადაიარაღებას ისახავს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა აშშ-ის პოლიტიკური გაურკვევლობა ევროპული უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი, „რეზონანსთან" სამხედრო ინვესტიციების ზრდის მნიშვნელობასა და დეფინიციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს რესურსები წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებას მოხმარდება.

„ევროპის სამხედრო ინვესტიციების გაზრდა გულისხმობს, პირველ რიგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტების ზრდას, რაც პრინციპულად შეთანხმდა ნატოს სამიტის პერიოდში და, თავის მხრივ, გულისხმობს ევროკავშირის ერთიანი ბიუჯეტის ზრდას, რომელიც ეხება ევროკავშირის ერთიან საგარეო და საშინაო უსაფრთხოებას და მოემსახურება ევროკავშირის სამხედრო და თავდაცვის სფეროში ერთობლივ პროექტებს.

რაც უფრო დიდ ხანს გრძელდება ომი უკრაინაში და რაც უფრო მეტი საფრთხე იქმნება ევროპისთვის ამ ომში ჩართვის, რაც უფრო დიდია საფრთხე რომ რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიას გააგრძლებს და შემდგომ ამ აგრესიას მიიტანს ევროკავშირის წევრ სახელწმიფოზე, ამ კონტექსტში ევროკავშირი აქტიურად მუშაობს თვდაცვისუნარიანობის გაზრდასა და ერთიანი კოორდინირებული მოქმედებების შემუშავებასა და განხორციელებაზე" - განაცხადა გოგოლაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ იქონია ზეგავლენა ევროპის სამხედრო ინვესტიციების გაზრდის გადაწყვეტილებაზე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის რიტორიკამ, კახა გოგოლაშვილმა უპასუხა:

„ყოველ შემთხვევაში, იყო დაპირება ამერიკის მხრიდან, რომ შეერთებული შტატები დარჩება ნატოს ერთგული ალიანსის წევრი, თუმცა, თავის მხრივ, ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ ამერიკამ შესაძლოა შეიკავოს თავი ალიანსის აქტიური მხარდაჭერისგან (ევროპული ქვეყნების მხარდაჭერისგან, ამ შემთხვევაში), რადგან ტრამპმა არაერთხელ აჩვენა მერყევი პოზიციები ამასთან მიმართებაში. თავისთავად, ამ ფონზე ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ცდილობენ შესაძლებელობების მეტად გაზრდას, თუმცა ნატო ისევ რჩება უმთავრეს ინსტრუმენტად ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის".

კახა გოგოლაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე ევროპის ახალ ინიციატივებს თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო ბიუჯეტის ზრდის შესახებ მიესალმება:

„დიახ, რა თქმა უნდა, სხვა გამოსავალი ევროპას არ აქვს - სამხედრო ინდუსტრიაში რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია უნდა გაკეთდეს, ხელი შეუწყოს პრაქტიკულად ევროპული სახელმწიფოების გადაიარაღებას და სამხედრო საწარმოო კომპლექსის განვითარებას. ამ კონტექსტში წევრ ქვეყნებს შორის მეტ კოორდინაციას უნდა ველოდოთ", - განაცხადა გოგოლაშვილმა.

რა ინიციატივით გამოვიდა ფონ დერ ლაიენი

„ევროპის დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას 9 ივლისს განაცხადა.

„არ შეგვიძლია, რომ ევროპის დასაცავად სხვებზე დამოკიდებულები ვიყოთ. ევროპის დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

როგორც ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ევროპის სამხედრო ინვესტიციების გაზრდა „კარგია, არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის, არამედ სამუშაო ადგილების შესაქმნელად".

საყურადღებოა ისიც, რომ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 740-ზე მეტი დრონითა და რაკეტით განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმასაც გამოეხმაურა.

„ნათლად ვხედავთ, რომ ომი კვლავ მძვინვარებს და რუსეთის საფრთხე კვლავ არსებობს. რუსეთი სწრაფ გადაიარაღებას ახორციელებს", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×