
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტერორისტული აქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი კიდევ შვიდი პირი დააკავა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ყველა დაკავებული ოპოზიციური პარტია დაშნაკცუტუნის წევრია. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი სომხეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ რუსეთმა ტერაქტების სერია წამოიწყო. მისივე თქმით, ეს პროცესები საქართველოზე გავლენას მოახდენს.
„რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია, ამიტომ ახლა ტერაქტებს გეგმავს. საერთოდ, რაც უფრო დაკარგავს აზერბაიჯანს და სომხეთს, მით უფრო გააძლიერებს კონტროლს საქართველოზე", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
როგორც საგამოძიებო უწყების ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, რამდენიმე მისამართზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ელექტროდეტონატორი, საბრძოლო ყუმბარა, დენთი და სხვა მასალები.
როგორც სომხეთის საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, დაკავებულია შვიდი პირი, რომელთაგან ერთს ბრალი უკვე წარუდგინეს ტერაქტის მომზადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიება გრძელდება.
ცნობისთვის, მანამდე ტერორისტული აქტების მომზადებაში ბრალი დასდეს მოძრაობა „წმინდა ბრძოლის" ლიდერს, არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანს და კიდევ 15-მდე პირის. დაკავებულები აცხადებენ, რომ მათ პოლიტიკური მოტივით დევნიან.
პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, რუსეთი გავლენების შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს. მისივე თქმით, შეიძლება დღეს ის სამხრეთ კავკასიიდან გავიდეს, თუმცა ხვალ აუცილებლად დაბრუნდება.
„აშკარად ჩანს, რომ რუსეთი სომხეთის საქმეებში ხელებს აფათურებს და მან ვერაფრით მოახერხა ფაშინიანის საწინააღმდეგო სახალხო გამოსვლების აგორება. ეკლესიაც კი აამხედრა მის წინააღმდეგ, მაგრამ ყველაფერი ჩაუვარდა. ამიტომ, როგორც ჩანს, ახლა დაიწყო ტერაქტების დაგეგმვა. ფაშინიანი საზოგადოებაში პოპულარულია და არჩევნების გზით მისი მოშორება არ გამოვა. ასევე, საზოგადოებაში ანტირუსული განწყობები იზრდება. ამ ფონზე, როგორც ჩანს, რუსეთს ტერაქტების გარდა არაფერი დარჩენია, რაც სომხეთის ხელისუფლებას შეუმჩნეველი არ დარჩა და კარგია, რომ მკაფიოდ მოახდინეს რეაგირება. ეს არის ის მოცემულობა, რაც სომხეთშია.
„რა თქმა უნდა, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში გავლენების შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ სამაგიეროდ საქართველოში ძლიერდება. რაც უფრო დაკარგავს აზერბაიჯანს და სომხეთს, მით უფრო გააძლიერებენ კონტროლს საქართველოზე, ვინაიდან ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ქართული ოცნება" რუსეთთან ამყარებს ურთიერთობას. რუსეთი არ კმაყოფილდება რაღაც მიღწეულით, ან თუნდაც წაგებით. ის ყოველთვის აძლიერებს მოგებას და ასუსტებს წაგებას. ამიტომ თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი დღეს კავკასიიდან გადის და ხვალ არ შემობრუნდება, ასე არ არის. მშვენიერი მაგალითია ჩერნოგორია, ნატოს წევრი ქვეყანაა, მაგრამ რუსეთი ყველანაირად ხელს უშლის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, არადა ნატო უფრო საშიშია რუსეთისთვის. არ თმობს ბრძოლის ხაზსს, ყოველთვის ბოლომდე იბრძვის.
„ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს გაგდებული რუსეთი, ხვალ შეიძლება ისევ დაბრუნდეს. ამას ახლა აკეთებს სომხეთში და ეს გაგრძელდება საქართველოსა და აზერბაიჯანშიც. ამიტომ საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა. დღეს სავარაუდოდ, სომხეთი და აზერბაიჯანი მნიშვნელოვან შეთახმებას მიაღწევენ, ანუ ძლიერდება სომხურ-აზერბაიჯანული კონტექსტი, რაშიც თურქეთი ეხმარება. კარგი იქნება, თუ საქართველო მოახერხებს თურქეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის კონტექსტში ჩაერთოს და რუსეთს აგრძნობინოს, რომ საქართველო მარტო არ არის. ჩვენ შეგვიძლია ამ ალიასნში მოვახერხოთ მეტი უსაფრთხოებისა და თავდაცითი ღონისძიებების განხორციელება. სამწუხაროდ, ამას „ოცნება" არ აკეთებს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".