მარიამ ვეკუა
10.07.2025

„ლელოსა" და გახარიას პარტიის გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობაზე კვლავ ოპოზიციური დაპირისპირების ეპიცენტრშია - ბოიკოტის მოწოდებების ფონზე პარტიები არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობენ. „ლელოს" ურჩევენ, „შეცდომაში არ გაჯიუტდეს", თუმცა თავად პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიციის ოპოზიციაში არ ჩადგებიან. განსხვავებული პოზიციები შეინიშნება გახარიას პარტიაშიც - ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას არ ემხრობა.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებას მნიშვნელობა არ აქვს და ყველა მუნიციპალიტეტში საკუთარ გამარჯვებას პროგნოზირებენ.

ენმ-ის წევრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია კიდევ ერთი დასტურია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში პარტიების მონაწილეობა „ოცნებას" ლეგიტიმაციას შესძენს. ის „ლელოს" კიდევ ერთხელ აზრის შეცვლისა და არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებს:

„მინდა მოგილოცოთ ევროპარლამენტის მიერ მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული რეზოლუციის მიღება... ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე ვიბრძოლოთ, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი, არაძალადობრივი მეთოდებით. მაგრამ პრინციპულად, თანმიმდევრულად, უკომპრომისოდ, ამ მოღალატეობრივი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პარტია „ლელოს", გააცნობიეროს შეცდომა და ნუ გაჯიუტდება მის შეცდომაში, ნუ დაარღვევს ოპოზიციურ ერთობას და რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობით ნუ შეუქმნის ლეგიტიმაციას „ქართულ ოცნებას", როგორც ეს ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ერთიანობითა და ერთად უნდა ვიბრძოლოთ", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

„ლელოსთან" შემდგომი ოპონირების აზრს ვერ ხედავს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ჩემი აზრით, „ლელოსთან" შემდგომ ოპონირებას აზრი არ აქვს. უნდა შემოვიფარგლოთ სინანულის გამოხატვით და კიდევ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ რუსულ-ქოცური სპეცოპერაციის ბოიკოტირებაზე და ნამდვილი არჩევნების მიღწევაზე. მით უმეტეს, რომ ევროპარლამენტიც ჩვენს პოზიციაზე დგას."

„მინდა იმედი ვიქონიო, რომ გიორგი გახარიას პარტია და „ლელო - ძლიერი საქართველოსთვის" ცდება და ბოლო მომენტამდე არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას შეცვლიან. მინდა, რომ ცდებოდნენ და არ იყოს სხვა რამ. შეცდომის გამოსწორება კი არასდროს არის გვიან", - აცხადებს კაკო ბობოხიძე „ევროპული საქართველოდან".

„გავაცოცხლოთ ქარტია"

ოპოზიციაში არსებული დაპირისპირების ფონზე ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალი ინიციატივით გამოდის - ის ოპოზიციონერებს წინააღმდეგობის პლატფორმის გაცოცხლებისკენ მოუწოდებს და ისევ ოპოზიციურ ერთობას ქადაგებს:

„რაც გვჭირდება, ეს არის პროგრამა და ეს გვაქვს - ეს არის „ქართული ქარტია", რომელსაც სჭირდება განახლება, რადგან მისი მიღების შემდეგ რაღაცები შეიცვალა, თუმცა არსებითი ნაწილი არ შეცვლილა. დღევანდელი დღის შემხედვარე ცოტა უნდა შევცვალოთ. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი სამოქმედო გეგმა.

უკვე გვაქვს დოკუმენტი, რომელიც ასახავს წინაპირობებს, რაც უნდა იყოს მიღწეული იმისთვის, რომ ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 9 ივლისის ბრიფინგზე.

მოწოდებები არ ჭრის - არჩევნებისთვის მზადება გრძელდება

„ლელო" და „საქართველოსთვის" ბოიკოტში მონაწილე ოპოზიციონერების მოწოდებების მიუხედავად, არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობენ.

„ლელო - ძლიერი საქართველო" მონაწილეობას იღებს თვითმმართველობის არჩევნებში. თვითმმართველობის კალენდარულ არჩევნებს „ქართული ოცნების" ლეგიტიმაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებს განვიხილავთ როგორც ბრძოლის დამატებით ინსტრუმენტს და შევდივართ ამ ბრძოლაში," - ამის შესახებ „ლელოს" წევრმა ლანა გალდავამ განაცხადა.

„ოპოზიციას რაც შეეხება - ოპოზიციის ოპოზიციაში ვერ შევალთ, ვერ ვუპასუხებთ თავდასხმებს. ჩვენ ვამბობთ, რომ პატივს ვცემთ ოპოზიციის გეგმებს, ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სამოქმედო სტრატეგიასა და გეგმას, და ამავდროულად ვამბობთ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ ერთიანობისთვის და ერთობისთვის, მაგრამ სადაც ერთობა არ გამოვიდა იმ საკითხებში, რა თქმა უნდა, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის პოზიციებს", - განაცხადა ლანა გალდავამ.

იგივე გაიმეორე „ლელოს" კიდევ ერთმა წევრმა, გიორგი სიორიძემ: „ჩვენ კვირების განმავლობაში გვესმის უსამართლო და დაუმსახურებელი კრიტიკა „ლელო - ძლიერი საქართველოსთვის" წინააღმდეგ. ოღონდ ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ვინც ვართ ბრძოლაში, წინააღმდეგობის მოძრაობაში რუსული რეჟიმის, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი სამიზნე - გვყავს ერთი მეტოქე და ეს არის ბიძინა ივანიშვილი."

გახარიას გუნდშიც რიტორიკა არჩვენებში მონაწილეობის თაობაზე უცვლელია, ისინი მზადებას განაგრძობენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ პარტიის შიგნით აზრთა სხვაობაცაა. საინტერესო იყო დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადება:

„ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ პირობებში გამართულ არჩევნებში, ხელს შეუწყობს არსებული სტატუს-კვოს ნორმალიზებას და იქნება ისეთივე პასუხისმგებელი მოსალოდნელ შედეგებზე, როგორც თვითონ „ქართული ოცნება"", - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის" წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„გაერთიანება-არგაერთიანებას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს"?

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ გაერთიანდებიან თუ არა ოპოზიციონერები, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. პრემიერის თქმით, „ოცნება" ყველა საკრებულოში მოიგებს:

„ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ყველა მათგანი არის ერთი დიდი აგენტურა. გაერთიანდებიან თუ არ გაერთიანდებიან, რა სცენარში ჩაჯდებიან - ეს არის მათი პატრონების გადასაწყვეტი. „ქართული ოცნება" მოიგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცახადა.

თბილისის მერი კახა კალაძე კი ოპოზიციაში არსებულ მდგომარეობას „არეულს" უწოდებს:

„ისინი ერთ დღეს ერთს ამბობენ, მეორე დღეს - მეორეს. აშკარად ჩანს, რომ არეულები არიან. გარკვეული პარტიები ამბობენ, რომ არჩევნებისთვის ემზადებიან. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ისინი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. მთავარია ჩვენი პოზიციები - „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" უკვე დაწყებული აქვს მზაობა არჩევნებისთვის. ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ წინასაარჩევნო კამპანიას. საზოგადოებას მივაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას პროექტებზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლებში.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება", რადგან ის არის ერთადერთი ძალა, რომელიც საქართველოს, ქართველ ხალხს ემსახურება და არ იმართება გარედან, როგორც რადიკალები იმართებიან", - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×