
სახელმწიფოს მხრიდან მრავალი მცდელობის მიუხედავად, წყალტუბოს, როგოც კურორტის განვითარება, მაინც ვერ ხერხდება. „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ საინვესტიციო პროექტის ფარგლებში რამდენიმე სანატორიუმია გასხვისებული, თუმცა ინვესტორებისთვის რეაბილიტაციის პროექტები წამგებიანი აღმოჩნდა და რამდენიმე მათგანი სახელმწიფოს კვლავ უკან დაუბრუნდა. ეკონომისტები მმიაჩნიათ, რომ ინვესტორებს ისეთი ვალდებულებები აქვთ, რომლის უზრუნველყოფა მათთვის არახელსაყრელია.
თუ წყალტობოს მუნიციპალიტეტის მერის განცხადებას დავეყრდნობით, ქალაქში ძველი სანატორიუმების რეაბილიტაციის პროცესი დაწყებულია. როგორც გენადი ბალანჩივაძემ აღნიშნა, სანატორიუმ "თბილისის" სრულ რეკონსტრუქციას კერძო პირი ახორციელებს.
"ჩვენი მუნიციპალიტეტი, როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ასევე სუფთა, ჯანსაღი გარემოს შექმნაზე აქტიურად ზრუნავს. სწორედ ამიტომ, წყალტუბოში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ახალი რეკრეაციული სივრცეების, სკვერების, განათლებისა და სპორტული ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად მიმდინარეობს, რაც წყალტუბოს ტურისტულ და სამკურნალო პოტენციალს კიდევ უფრო ზრდის", - განაცხადა ბალანჩივაძემ.
ამ განცხადების პარალელურად კი, ცნობილი ხდება, რომ ბოლო ორ წელში წყალტუბოში გასხვისებული სანატორიუმებიდან 3 კვლავ სახელმწიფოს დაუბრუნდა, ესენია: „მედეა“, „ცისკარი“ და „მეშახტე“. სამივე შემთხვევაში პრივატიზაციის გზით ქონების მიმღებ კომპანიებს ადგილზე სასტუმროების ბიზნესი უნდა განევითარებინათ, თუმცა საინვესტიციო ვალდებულებები ვერ შესრულდა. გარდა ამისა, სხვა გასხვისებული ობიექტების რეაბილიტაციაც არ მიმდინარეობს.
სპეციალისტები ,,რეზონანსთან" საუბრისას წყალტუბოში პროექტების ჩავარდნის მიზეზად არაერთ გარემოებას ასახელებენ, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავენ იმას, რომ მრავალ მიზეზთაგან ერთ-ერთი არასწორი მიდგომაა.
ბიზნეს კონსულტანტ ლევან კობერიძის შეფასებით, მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ არის მკაფიოდ განსაზღვრული შემდეგი 30-50 წლის განმავლობაში წყალტუბო, როგორც კურორტი როგორ უნდა განვითარდეს.
,,როგორც ბრენდინგის სპეციალისტი ვიტყვი, რომ წყალტუბოს მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ არის მკაფიოდ განსაზღვრული შემდეგი 30-50 წლის განმავლობაში წყალტუბო, როგორც ბრენდი, როგორ უნდა განვითარდეს. ნებისმიერ საინვესტიციო პროექტებში, რომლებიც უკავშირდება ადგილებს, ქალაქებს, ტურისტული პოტენციალის მქონე ბალნეოლოგიურ კურორტებს, პირველ რიგში, საჭიროა სტრატეგიის შექმნა. ასეთი კონცეპტუალური ხედვის გარეშე ძნელია ინვესტორთან და ტურისტთან საუბარი და შესაბამისად, სწორი ინვესტორის შერჩევაც.
უნდა გავერკვეთ იმაში, რა მიმართულებით ვითარდება კურორტი. პრობლემა სწორედ ესაა. ინვესტორმა უნდა იცოდეს, რომ ამა თუ იმ პროექტთან მიმართებით სახელმწიფოს მხრიდან რა ხედვა არსებობს. მაგალითად, მსოფლიოში ძალიან განვითარებულია ,,სიცოცხლის გახანგრძლივების" ცენტრები. შვეიცარიაში, ავსტრიაში, ინგლისში და ბევრ სხვა ქვეყანაში ასეთი სტილის კურორტებია. იქაა ადგილები, სადაც მკურნალობასთან ერთად, ბევრ საინტერესო სამედიცინო თუ არასამედიცინო ჯანსაღი, ცხოვრების გახანგრძლივების პროცედურებს გადიან. რატომ არ შეიძლება წყალტუბოც ერთ-ერთ ასეთი ცენტრო გახდეს? ამისთვის კი აუცილებელია შესაბამისი პირობები შეიქმნას", - განუცხადა ,,რეზონანსს" ლევან კობერიძემ.
მისი აზრით, ინვესტორების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად სწორი ხედვის აუცილებლობაა საჭირო. რაც არ უნდა კარგი ისტორია და სამკურნალო წყლები გვქონდეს, არავინ ჩამოვა, თუ მას საინტერესოს და მიმზიდველს არ გავხდით.
,,პირველი და უმთავრესი, ადგილის გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებაა. წყალტუბოს ბევრი პოტენციალი გააჩნია. ადგილი ისტორიულია, იქვეა ქუთაისის აეროპორტი. წყლები უნიკალურია და გასაგებია, მაგრამ ამისთვის არავინ ჩამოვა. ამას სჭირდება განვითარდება.
ყველგან და ყველაფერში არასწორი მიდგომით შექმნილი წარუმატებლობა გვჭირს. სინამდვილეში, თუ გონივრულად მოარგებ შენს ადგილს, ყველა მიმართულება ამართლებს. ბათუმში წყალტუბოს ლოგოები დახატეს და გამოფინეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ინვესტორს მოიზიდავ. ბრენდი, ეკონომიკაში განიხილება როგორც რეგიონის განვითარების ახალი ინსტრუმენტი. დროა, თანამედროვე ტექნოლოგიებით შემოვიდეს ეკონომიკის მართვა და არა ნაცნობობით. ამ მიმართულებით პროგრესია საჭირო", - აღნიშნა კობერიძემ ,,რეზონანსთან" საუბრისას.
წყალტუბოზე და მის განვითარებაზე არაერთხელ გაამახვილა სახელმწიფომ ყურადღება. მოქალაქეებისთვის იმედისმომცემად ჟღერდა მასთან დაკავშირებული არაერთი განცხადება, თუმცა კურორტი დღემდე ვერ განვითარდა.
წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის წარუმატებლობის მთავარ მიზეზად, სახელმწიფოს მხრიდან არასწორ ვალდებულებებს ასახელებს ეკონომიკის ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი რამაზ გერლიანი.
,,წყალტუბოს პროექტთან დაკავშირებით რეაბილიტაციის მეთოდი არასწორადაა არჩეული. ინვესტორს ვალდებულებით ტვირთავენ, ისინი მას ვერ უზრუნველყოფენ და საბოლოოდ უარს აცხადებენ. უნდა ითქვას ისიც, რომ კურორტი სახელმწიფომ ცენტრალიზებულად დაიტოვა. წყალი, რომელიც სასტუმროს თავისი უნდა ჰქონდეს (ბაკნეოლოგიურ კურორტზე ყველაზე მთავარი სწორედ წყალია), ცენრტალიზებულია. გამოდის, რომ ვიღაცა მონოპოლიურად დაეპატრონა.
შემოდიან და გადიან ინვესტორები. ეს მიუთითებს, რომ შესაბამისი სეგმენტი არასწორად გვაქვს შერჩეული. თითქოს არის შემოთავაზება, რომ შენობები სიმბოლურ ფასად შეიძინონ, მაგრამ შემდგომ რამოდენიმე ათეულმილიონიანი ვალდებულებები ეკისრებათ ინვესტირებს, რაც მათთვის მიუღებელია.
ამიტომ სახალხო პრივატიზება უნდა მოხდეს და არა ინდივიდუალური. ერთი ან ორი ინვესტორი ვითარებას ვერ გამოასწორებს. შესაბამისად, ეს ყველაფერი გროვდება და ქმნის ნეგატიურ სურათს. საჭიროა სასტუმრო კომპლექსების ერთიანად, სააქციო საზოგადებად ქცევა და აქციების მოქალაქეებზე შეთავაზება. შემდეგ სასტუმროები, ერთიანი კლასტერის ქვეშ მოექცევა. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ინვესტორების შერჩევაც არასწორად მოხდა. ამიტომაც რამოდენიმეჯერ ჩავარდა ეს პროექტები და ვერ განვითარდა", - განუცხადა ,,რეზონანსს" რამაზ გერლიანმა და დასძინა, რომ პრობლემა სამკურნალო წყალთან მიმართებითაც შეიქმნა.
კვლევამ აჩვენა, რომ წყალტუბოს წყალი ქიმიურ ნივთიერებას, რადიუმს შეიცავს, რაც სხვადასხვა დაავადებასთან მიმართებაში ნეგატიურ გავლენას ახდენს. ეს ნივთიერება, ონკოლოგიურ და სხვა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს ვნებს. გერლიანის თქმით, აქაც შესაბამისი ღონისძიებებია გასატარებელი. შეიძლება ეს ნივთიერება მხოლოდ ერთ-ერთ წყალს ჰქონდეს. ამიტომ უნდა მოხდეს იქ არსებული სასარგებლო წყლების განცალკევება, სათიოთაოდ შესწავლა და თუ ყველა სხვადასხვა შემცველობის იქნება, მაშინ ისინი უნდა განცალკევდეს.