მარიამ ვეკუა
11.07.2025

აჭარის მთარობის ექსთავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის გარშემო ვერსიების არეალი ფართოვდება - მათ შორის შანტაჟის, ფინანსური მოთხოვნების, მუქარისა და ფსიქოლოგიური წნეხის შესახებ. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გივი თარგამაძე აცხადებენ, რომ რიჟვაძეზე ზეწოლა სისტემური და ძალადობრივი იყო, გავრცელებული წერილი კი - აუთენტური. მისი გარემოცვა დუმილს ამჯობინებს, მმართველი პარტია კი გამოძიების შედეგებს ელოდება და დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

„რიჟვაძეს ვიღაცები სთხოვდნენ სავარაუდოდ, ფულს და საკუთარი გარემოცვიდან ხალხის "ჩაშვებას", წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რაღაც ისეთის დაკარგვით, რაც მისთვის აღმოჩნდა სიცოცხლეზე ძვირფასი," - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან წერილში წერს, რომელიც მის ფეისბუქზე გავრცელდა.

ჯაფარიძე საუბრობს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე და ფიქრობს, რომ რიჟვაძემ თვითმკვლელობა მართლა სცადა. ამასთან, ჯაფარიძე მიაჩნია, რომ მედიაში გავრცელებული წერილიც ნამდვილია.

„რიჟვაძეს ვიღაცეები, რომელთა წინაშეც ყოფილი ძალიან მაღალჩინოსანი, თავისი ფართო სანაცნობო წრით სახელისუფლებო ვერტიკალში, ისევე როგორც იფიციალური სამართალდამცავი სტრუქტურებით აღმოჩნდა სრულიად დაუცველი და უსუსური, სთხოვდნენ სავარაუდოდ ფულს (სავარაუდოდ ბიძინას სახელით) და საკუთარი გარემოცვიდან ხალხის "ჩაშვებას", ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რაღაც ისეთის დაკარგვით (ოჯახის წევრების სიცოცხლე ან ჯანმრთელობა, რეპუტაცია), რაც მისთვის აღმოჩნდა სიცოცხლეზე ძვირფასი.

ისინი, ვის "ჩაშვებაზეც" მაღალი ალბათობით უარი თქვა ამ უბედურმა, საავადმყოფოს ეზოში დაყიალობენ აღმა-დაღმა, პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული და ვერცერთი (ვერცერთი!!) ვერ ბედავს აქტიურად, ღიად, ხმამაღლა, ადამიანურად, კაცურად, ძმაკაცურად დაიცვას თავისი მკერდგახვრეტილი ახლობელი ან ბუნებრივი კითხვები მაინც დასვას იმიტომ, რომ .... ალბათ, იმიტომაც, რომ ნაჭამიც აქვთ დიდი კოვზით.

სამწუხაროდ შექსპირი მკვდარია", - წერს ჯაფარიძე.

საპატიმროდან წერილი გამოაქვეყნა ოპოზიციონერმა გივი თარგამაძემაც, ვრცელ წერილში საუბრობს, რომ აჭარის ექსთავმჯდოამრის მამა არაოფიციალურად ჰყავდათ დაკავებული, რიჟვაძეზე კი დიდი წნეხი იყო.

„თითქმის ერთი თვის წინ ვიცოდი, რომ რიჟვაძის თავს წისქვილის ქვა ტრიალებდა"

თარგამაძე წერს, , რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე სუს-ის ყოფილმა უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გადაიბირა და „აი, აქ კი მოსრიალდა".

თარგამაძე აქცენტს რიჟვაძის საქმეში არსებულ წერილზე აკეთებს, რომელიც მედიაში გავრცელდა და აღნიშნავს, დარწმუნებულია, წერილი დაუწერეს, წაუკითხეს და აუხსნეს, რომ ეს იქნება მისი გამოსამშვიდობებელი ფურცელი.

„ჩემი სარწმუნო ინფორმაციით, მთელი ეს პერიოდი და სავარაუდოდ, საგრძნობლად მეტიც, რიჟვაძის მამა არაოფიციალურად ჰყავდათ დაპატიმრებული. ალბათ, უფრო დატუსაღებული, ვინაიდან ის ოფიციალურ სამართალდამცავ ან პენიტენციურ დაწესებულებაში არ იმყოფებოდა.

ჟარგონით, რომ ვთქვათ, ლევად ჰყავდათ გამოკეტილი და "აკაჩავებდნენ".

იმავე ინფორმაციით, წნეხი იყო იმდენად დაუნდობელი, რომ ჩემი შემოსახლების მომენტისთვის, რიჟვაძის ახლო ნათესავების და ბიძაშვილ-მამიდაშვილების ორი წრე უკვე გაქცეული იყო ქვეყნიდან."

თარგამაძე საუბრობს ნარკოტიკებზე , ქოლცენტრებსა და მილიონობით ლარზე.

მას(რიჟვაძეს) ჩაბარდა მისთვის ჯერ არნახული მასშტაბის ფულის - ქოლცენტრებისა და ნარკოტიკების ბრუნვიდან შემოსული თანხების კონტროლი. ეს იმდენად წარმოუდგენელი თანხაა, რომ არათუ ინტელექტუალურად საშუალოზე ქვემოთ, ბევრად ქვემოთ განვითარებულ თოკოს, არამედ ბევრად განვითარებულ ტიპსაც დააკარგვინებდა მუხრუჭებს. მანაც გააჭენა. მამამაც გაიხსენა წარსული და ახალი „ნავაროტკებიც" დაამატა.

მმართველ პარტიაში დეტალბზე არ საუბრობენ, რიჟვაძეს გამოჯანმრთელებას უსურვებენ და გამოძიებას ელოდებიან.

„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის თორნიკეს ჯანმრთელობა. მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო მას. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. კომენტარს რაც შეეხება, გუშინ დავბრუნდი საქართველოში. მინდა, თორნიკეს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო და წარმატებები ყველაფერში", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

პრემიერმ ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელების რიჟვაძეს არაფერს არ აბრალებებდნენ.

„ჩვენ თორნიკე რიჟვაძეს არაფერს ვაბრალებდით. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არავის თორნიკე რიჟვაძის მიმართ არავითარი პრეტენზია არ აქვს. რაც შეეხება ბრალდებებს, საჯარო მაგალითი გითხარით, ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს მფარველობას კანონიერი ქურდების თუ არ ვიცი, როგორ იყო. ვიმეორებ, მე და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს თორნიკე რიჟვაძის მიმართ. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მათ შორის მას შემდეგაც, რაც მან დატოვა თანამდებობა. რამდენიმე შეხვედრა მქონდა. ყოველ ჯერზე, ძალიან თბილი შეხვედრები. რაც შეეხება როტაციას, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, მით უმეტეს, როცა კონკრეტული ადამიანი ტოვებს თანამდებობას, იქ როტაციის განხორციელება არის ჩვეულებრივი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში", შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. ამის შემდეგ, მოგვიანებით, რიჟვაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. დღეს კი მკურნალობას თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში აგრძელებს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანი დააკავეს, რომელსაც სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×