მარიამ ვეკუა
13.07.2025

„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ 13 ივლისს ევროკავშირის 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და გაერთიანების უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებაზე ოფიციალურად უპასუხა. მმართველი პარტიის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, დიპლომატიურ გავლენაში „დიპ სტეიტმა" ჩაითრია. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდი დიდ ბრიტანეთიდან მოსალოდნელ ახალ სანქციებს ელის. სანქციების დაწესებას არც ანალიტიკოსები გამორიცხავენ.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ამბობს, რომ განცხადების შინაარსს სრულად იზიარებს.

„მე მთლიანად ვეთანხმები განცხადებას, რომ ეს 17 სახელმწიფოს განცხადება არის უხეში ცილისწამება და სრულიად უსამართლო ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში. განსაკუთრებით კარგია, რომ შეეხნენ ამ ე.წ. პოლიტიკოსების (არც ერთი არ არის პოლიტიკოსი), ანტიეროვნული ლიდერების (ციხეში რომ ამოყვეს თავი) საკითხს. წერია განცხადებაშიც, რომ საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს, უკვე 30 წელიწადზე მეტია მოქმედებს ამ დარგში. ვინაიდან არ გამოცხადდნენ კომისიის სხდომაზე (ოპოზიციონერები), მიიყვანეს საქმე იქამდე, რომ მთავრობას სხვა გზა არ ჰქონდა - კანონი კანონია, ხომ? მინდა ვთქვა, რომ ასეთი კანონმდებლობა მოქმედებს ევროპის ქვეყნებშიც. როგორ კადრულობენ ამას - რომ აი, მთავრობამ დააპატიმრა პოლიტიკოსი, როცა ოპოზიციონერებმა თვითონ ჩაიგდეს თავი ამ დღეში?!

ასე რომ, მხარს ვუჭერ პარლამენტის ამ განცხადების შინაარსს."-განაცხადა მამრაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი აცხადებს, რომ ამ განცხადების შინაარსი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, მისივე თქმით, პარტნიორების მხრიდან მსგავსი განცხადებები და რეზოლუციები „ოცნებისთვის" უკვე აღარ მუშაობს.

„ქართული ოცნება ამ პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, არც იმ რეზოლუციების შესრულებას აპირებს, რომლებიც ევროკავშირსა და ევროსაბჭოს აქვთ მიღებული. „ოცნებამ" აირჩია პოლიტიკა, რომელიც არის დაპირებული ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან - პოლიტიკა არის ასეთი. შესაბამისად, „ოცნების" ეს განცხადება ჯდება იმ პოლიტიკურ კონტექსტში, რასაც პარტია ატარებს - არა მხოლოდ ევროპის, არამედ ამერიკის მიმართაც. ასე რომ, პირადად ჩემთვის მოულოდნელი არაფერია - მმართველი გუნდი აგრძელებს ამ კურსს.

სადამდე მიიყვანს ეს პოლიტიკა ქვეყანას, დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება რეაქციები მეორე მხრიდან. რეზოლუციები და განცხადებები არის ფარატინა ქაღალდი, რომელზეც „ოცნება" აღარ რეაგირებს."-განაცხადა ძაბირაძემ

ახალი სანქციების მოლოდინში?

კითხვაზე რამდენად მოსალოდნელია ბრიტანეთის მხრიდან ახალი სასანქციო პოლიტიკის გააქტიურება „ოცნების" წინააღმდეგ, ვახტანგ ძაბირაძე გვპასუხობს:

„რა თქმა უნდა, „ოცნება" ელოდება ახალ სანქციებს. ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს არა მხოლოდ ბრიტანეთი, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებიც. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი - ანუ რამდენად სწრაფად იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება.

საბოლოო ჯამში, დიდი ალბათობით, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება, თუმცა დაგვიანებით. მაშინ კი მთავარი კითხვა იქნება - უკვე წაადგა თუ არა ის პროცესს?

თუ გადაწყვეტილება დროულად იქნება მიღებული, შესაძლოა ამან ქვეყნის შიგნით ახალი პოლიტიკური პროცესის დაწყებასაც კი შეუწყოს ხელი."-განაცხადა ძაბირაძემ,

პეტრე მამრაძეც არ გამორიცხავს ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას.

„რაც შეეხება სანქციებს - არ არის გამორიცხული ბრიტანეთის მხრიდან სანქციების დაწესება. 30 წელიწადია ვეცნობი წამყვანი მეცნიერების ნაშრომებს, ძალიან ობიექტურ კრიტიკასაც დასავლეთში. რაც შეეხება ტერმინ დიპ-სტეიტს, მე ფრთხილად ვიყენებ. ამ კონტექსტში არც კი გამოვიყენებდი, თუმცა ფაქტია, რომ გარკვეული ფაქტორების გამო ბრიტანეთის ხელისუფლებამ არაჩვეულებრივად უსამართლო პოზიცია დაიკავა ბოლო დროს.

ეს, ხომ იცით, რას გავს? იმ ამერიკელი პოლიტიკოსების ხაზს, რომელსაც ატარებდნენ ჯერ კიდევ ბაიდენის დროს - მაგალითად ვიქტორია ნულანდი, მაიდანზე რომ არიგებდა ნამცხვრებს და მერე განაგებდა მთელი ამ მაიდნის პროგრამას. არ ვიცი, ბრიტანეთშიც რა მოხდა, თუმცა ფაქტია - ასეა. ასე რომ, სანქციებს ვერ გამოვრიცხავ.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის პრემიერმა თქვა: ის არ არის ჩახედული საკმარისად საქართველოს საკითხში, თუმცა „გავერკვევი და შესაბამისად ვიმოქმედებ".

ასე რომ, დაველოდოთ პროცესების განვითარებას."

მამრაძეს თქმით, ის უახლოეს მომავალში ევროკავშირსა და საქართველოს პოლიტიკაში გარდატეხებს არ ელოდება.

„მე არ ველოდები უახლოეს მომავალში ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში გარდატეხებს - ამის საფუძვლები ჯერჯერობით არ არის. როგორც ჩანს, უნდა შეიცვალოს მთავრობები ან თაობები. ვითარება უნდა შეიცვალოს დასავლეთშიც. მიუხედავად ამისა, მუშაობა და თანამშრომლობა შესაძლებელია და ვფიქრობ, ამისთვის ჩვენი საგარეო სამინისტრო ყველაფერს აკეთებს"-განაცხადა მამრაძემ.

რა წერია პოლიტისაბჭოს განცხადებაში

„ოცნება" ვრცელ განცახდებაში 18 ევროპელი ჩინოვნიკის განცხადებას 17 ქვეყნიდან „დეზინფორმაციულსა" და „უხეშს" უწოდებს.

"ქართული ოცნების" განცხადებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები "აღრმავებს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ თავის დროზე „დიპ სტეიტმა" დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს კონკრეტული მიზნით დააშორა". „ბრექსიტის" საფუძველზე კი ჩამოყალიბდა მესამე, განცალკევებული ცენტრი, რომელიც „დიპ სტეიტის" გლობალური დღის წესრიგის რეალიზებას ემსახურება.

„18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში და დიდ ბრიტანეთში ფესვგადგმული „დიპ სტეიტის" არაფორმალური მმართველობა, რომლის პირობებშიც ევროპულ ბიუროკრატიაში არავითარი მორალური ზღვარი აღარ არსებობს. არსებობს ერთადერთი პრინციპი - ქვეყანას მართავს „დიპ სტეიტის" აგენტურა ან ის ხდება გამუდმებული თავდასხმის ობიექტი ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან. ერთადერთი, რასაც ვერ პატიობენ, საქართველოს, უნგრეთს, სლოვაკეთს და სერბეთს, სწორედ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია.

დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის. ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა „დიპ სტეიტის" პრინციპული გავლენის ქვეშ მოქმედებს. უკონტროლო მიგრაცია, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა, სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუტების დაკნინება სწრაფი ტემპით აკარგვინებს ევროპას იდენტობას. არასასურველი პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო გამარჯვების არაღიარება და არჩევნების გაუქმება, ოპონენტების პოლიტიკური დევნა, მედიის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვა ევროპისთვის დღეს ნორმად არის ქცეული. ამ ფონზე, არც ევროპარლამენტის აბსურდული რეზოლუციები, არც 18 ევროპელი ჩინოვნიკის დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, არც მათი სანქციები და ქართველ ხალხზე სხვა თავდასხმები არავის უკვირს."-წერია განცახდებაშ

აღსანიშნავია ისიც, რომ პარტია გამოხატავს "სრულ მზაობას", ითანამშრომლოს ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც "საქართველოსთან სამართლიანი თანამშრომლობის სურვილი აქვს". აღინიშნება, რომ "მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა, ისე, არანაკლებ, ევროკავშირსაც ჭირდება საქართველო".

..ამ ბრძოლაში ვერავითარ კომპრომისს ვერ დავუშვებთ. ამავდროულად, გამოვხატავთ სრულ მზაობას, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც საქართველოსთან სამართლიანი თანამშრომლობის სურვილი აქვს. მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა, ისე, არანაკლებ, ევროკავშირსაც ჭირდება საქართველო",-აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ. 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც 11 ივლისს განცხადება გამოქვეყნა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან, რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან"

რას ამბობენ ოპოზიციაში

„ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, ლანა გალდავამ „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას „არასერიოზული" უწოდა.

„ამ განცხადების მიხედვით, ევროკავშირის 17 დემოკრატიული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და უმაღლესი წარმომადგენლები არიან ანტიდემოკრატიულები და მთელ ევროპაში მხოლოდ „ქართული ოცნებაა" დემოკრატიის ფლაგმანი. არასერიოზულია ეს ყველაფერი. ეს არის კონსპიროლოგიის თეორიის ძალიან ღრმა ფორმა და ამ ყველაფერს, რაც თავის მხრივ, დიაგნოზია, შესაბამისი დარგის სპეციალისტის ჩარევა ესაჭიროება. უფრო სერიოზულად ამ ფაქტს და ამ წერილის შინაარს მე ვერ შევაფასებ", - განაცხადა ლანა გალდავამ.

გახარია საქართველოსთვის წევრი თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან განაცხდა, რომ პოლიტსაბჭოს განცხადება იმას აჩვენებს, რომ „ოცნების" წევრები ერთობლივად დგებიან სანქციების დაწესები საშიშროების წინ.

„მე მახსენდება „რუსული კანონის" მიღების პერიოდი, როცა ივანიშვილმა „ოცნების" ყველა დეპუტატს მისცა დავალება, რომ უკლებლივ ყველას ხმა ყოფილიყო ამ კანონზე, რადგან ეს ივანიშვილის წინაშე ეს კოლექტიური პასუხისმგებლობა იყო. პოლიტსაბჭოს განცხადებაც იმას აჩვენებს, რომ ისინი ერთობლივად დგებიან სანქციების წინაშე და გარკვეულწილად, იგერიებენ იმ დასავლეთს, სადაც თითქოს ორ ფეხზე ღირსებით სვლას და ევროკავშირში გაწევრიანებას ჰპირდებოდნენ ხალხს. შესაბამისად, ეს შეთქმულების თეორიები და პოლიტსაბჭოს განცხადების შათირისეული სტილი, რომელიც ერთი ერთში დუგინს იმეორებს, აჩვენებს იმ კოლექტიურ პასუხისმგებლობას, რომელიც სანქციების წინაშე უდგას ივანიშვილს და მის რეჟიმს", - განაცხადა აქუბარდიამ

„სანქციები გზაშია"-ასე ეხმაურება ენმ-ს წევრი ლაშა ფარულავა „ოცნების" პოლიტსაბჭოს განცახდებას:

„ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი ბუნებით არის კლეპტოკრატიული რეჟიმი, ოლიგარქია, რომელიც ფულს ინახავს ოფშორებში. ოფშორებში მოქმედებს ბრიტანული სამართალი და ბრიტანული სანქციების გაფართოება „ქართული ოცნებისთვის" მძიმე დამანგრეველ შედეგებს მოიტანს. ჩვენ ვხედავთ შიდა დაპირისპირებას, რეპარაციას იმ ნაძარცვი ფულის გამო, რომელიც წლებია მოიპარა ამ რეჟიმმა ქართველი ხალხის ჯიბიდან. გზაშია სანქციები, ბრიტანული სანქციები ყველაზე კრიტიკული და დამანგრეველი იქნება მათთვის",-აღნიშნავს ფარულავა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×