
"მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე" - "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მთავარი გზავნილები პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.
პოლიტსაბჭო განცხადებით გამოეხმაურა 17 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელებულ წერილს.
მმართველი პარტია "დიფ სთეითის" გეგმებზე, დეზინფორმაციასა და ცრუ ბრალდებებზე საუბრობს, აცხადებს, რომ თავდასხმების მიზეზი ქართველი ხალხის არჩევნებზე მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელმაც არ დაუშვა ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება, რასაც ევროპელი და ამერიკელი ყოფილი ჩინოვნიკები გულშემატკივრობდნენ.
პოლიტსაბჭოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ხელისუფლება დაიცავს ქვეყნის ინტერესებს და ბრძოლაში კომპრომისს ვერ დაუშვებს. პარალელურად, ისმის მზაობა სამართლიანი თანამშრომლობისთვის.
განცხადებას აფასებენ ოპოზიციურ სპექტრშიც. პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, "ქართული ოცნება" აზიანებს საქართველოს ევროპულ მომავალს.
"ასწავლიდე ევროკავშირს და მის უმაღლეს წარმომადგენლებს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს დემოკრატიულ ფასეულობებს და ამავდროულად ეუბნებოდე იმას, რომ ინფორმაციის ნაკლებობა აქვთ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ძალად აზიანებენ საქართველოს ევროპულ გზას. გადადგან ნაბიჯები, ბურთი მათ მხარეს არის, დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად", - განაცხადა ლანა გალდავამ.
პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანა წითლიძის თქმით, ეს განცხადება არის წინაპირობა იმ მკაცრი ნაბიჯების, რომელიც ექნება საერთაშორისო პარტნიორებს "ქართული ოცნების" მისამართით.
"ჩვიდმეტი ქვეყნის ეს განცხადება არის ძალიან მკაცრი გზავნილი საქართველოს ე.წ. ხელისუფლებისთვის და პირდაპირ ნათქვამი, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ შეეგუებიან იმას, რაც ახლა საქართველოში ხდება. არ შეეგუებიან საქართველოს ევროპული პერსპექტივის დაკარგვას, პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკურ დევნას. ეს განცხადება მათთვის უნდა იყოს სიგნალი, რომ ეს განცხადება არის წინაპირობა იმ მკაცრი ნაბიჯების, რომელიც აუცილებლად ექნება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს "ქართული ოცნების" მისამართით", - განაცხადა ანა წითლიძემ.