
შენგენის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება. მითუმეტეს, იმ ფონე, როცა ბლოკმა აღნიშნული მექანიზმი გაამარტივა და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების მხრიდანაც საქართველოს ხელისუფლებისადმი მწვავე კრიტიკა ისმის, განსაკუთრებით აღსანიშნია ევროპის 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საერთო განცხადება, სადაც საუბარია მათ ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებაზე.
ანალიტიკოსთა შეფასებით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურა ასეთია - პირველ რიგში, ევროკავშირის ერთი, ან რამდენიმე წევრი ქვეყანა საკითხს დააინიცირებენ, თუ მინიმუმ 14 ქვეყანა უჭერს მხარს ინიციატივას, კომისიას პროექტის შემუშავებას ავალებენ, რის შემდეგაც დოკუმენტი ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე გადის და თუ მინიმუმ 15-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, ძალაში შევა უვიზო მიმოსვლის შეჩერება მინიმუმ 9 თვით.
15 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.
„რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ პლატფორმა იქს-ზე წერს, რომ "ევროკომისია ამზადებს წერილს საქართველოსთვის, რომელშიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ იმუქრება".
მისი განმარტებით, საბოლოო ჯამში, ამ საკითხს კვალიფიციური უმრავლესობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები წყვეტენ.
რა მხრივ გაამარტივა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი ბლოკმა
ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურა ივნისის შუა რიცხვებში გაამარტივა, ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მესამე ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების წესების განახლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. განახლებული წესებით, ევროკავშირი უფრო ეფექტურად შეძლებს რეაგირებას ისეთ სიტუაციაზე, როდესაც „უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ბოროტად არის გამოყენებული ან ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს".
დასახელებულია ის მიზეზები, რომლებიც შეიძლება გახდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძველი.
"1. უვიზო რეჟიმით მოსარგებლე მესამე ქვეყნის პოლიტიკის შეუსაბამობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ქვეყნის ევროკავშირთან ფიზიკურმა სიახლოვემ, შესაძლოა, გამოიწვიოს მესამე ქვეყნებიდან არაავტორიზებული მოქალაქეების ევროკავშირში შესვლის გაზრდა;
"2. ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭების სქემა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეობა ენიჭება იმ პირებს, რომლებსაც არ აქვთ რეალური კავშირი შესაბამის მესამე ქვეყანასთან და ეს ხდება წინასწარ განსაზღვრული გადახდებისა ან ინვესტიციის სანაცვლოდ;
"3. ჰიბრიდული საფრთხეები და დოკუმენტები უსაფრთხოების პროცედურების კუთხით, კანონმდებლობაში არსებული ნაკლოვანებები;
"4. საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, კერძოდ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ან გაერო-ს ქარტიის სერიოზულ დარღვევებს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცედურა და ვადები
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პირველ რიგში, ევროკავშირის ერთი, ან რამდენიმე წევრი საკითხს დააინიცირებს და თუ მინიმუმ 14 ქვეყანა უჭერს მხარს ინიციატივას, კომისიას პროექტის შემუშავებას ავალებენ, რის შემდეგაც, დოკუმენტი ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე გადის და თუ მინიმუმ 15-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, ძალაში შევა უვიზო მიმოსვლის შეჩერება.
"ჯერ ხდება საკითხის ინიცირება ერთი, ან რამდენიმე ქვეყნის მიერ, რომელსაც წევრი ქვეყნები განიხილავენ და თუ მინიმუმ 14 ქვეყანა უჭერს მხარს, მერე კომისიას ავალებენ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტი შეიმუშაოს. მერე საკმარისია ეს პროექტი გავიდეს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე და კვალიფიციფიციურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭიროს.
ეს ძალიან მარტივი მისაღწევია, კონსენსუსი აღარ სჭირდება",- განაცხადა გოგოლაშვილმა.
კითხვაზე, რა ვადებშია ეს პროცედურა შესაძლებელი და რა ხანგრძლივობისაა უვიზო მიმოსვლის შეჩერება, გოგოლაშვილმა გვითხრა:
"ეს არასდროს არაა ზუსტად ცნობილი, რადგან დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაკავებულია ევროკომისია. მაგალითად, დაახლოებით მაქსიმუმ ერთ თვეში შეიძლება გადაწყვეტილების პროექტი შეიმუშაონ. თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ საკითხი დასაჩქარებელია, მაშინ ამას უფრო მალე გააკეთებენ, მაგრამ როგორც წესი, თვე-თვენახევარი სჭირდება იმისთვის, რომ გადაწყვეტილების პროექტი მომზადდეს და შემდეგ გავიდეს დასატკიცებლად.
"პროექტს კომისია ამზადებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტიულებით, ოღონდ უბრალო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შემდეგ, როცა კომისია მოამზადებს გადაწყვეტილებას, შეუძლია გაიტანოს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ისევ და იქ უკვე კვალიფიცური უმრავლესობოთ გადის, ანუ 15-მა ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმაზე, რომ ძალაში შევიდეს.
"ვიზალიბერალიზაცია პირველ ეტაპზე 9 თვით ჩერდება, მალე 12-თვიანი გახდება, როცა ახალი რეგულაცია შევა ძალაში, მაგრამ ახლა 9 თვეა. ამის მერე შეიძლება შეჩერება ავტომატურად გაგრძელდეს, საკითხს ევროკომისია განიხილავს და შემდეგ წევრ ქვეყნებს დაეკითხება გააგრძელონ თუ არა ეს შეჩერება.
"ამ 9 თვის განმავლობაში კი ქვეყანასთან კონსულტაციები მიდის და ამის შედეგად მიიღება გადაწყვეტილება. თუ ქვეყანამ რაღაცეები დაჰპირდა, ან მიიღო ის ზომები, რის გამოც ჩათვალეს, რომ ძირითადი მიზეზი აღმოფხვრილია, მაშინ ჩვეულებრივად გაგრძელდება უვიზო მიმოსვლა ჩვეულებრივად გაგრძელდება, თუ არა და შეჩერება გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭიროდ ჩათვლიან", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა "რეზონანსთან".
თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ თანდათან რისკები იზრდება, რომ ვიზალიბელარიზაცია შეგვიჩერდეს, მითუმეტეს გამარტივებული წესისა და ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე.
"ვიზალიბერალიაციის შეჩერება უკვე გამორიცხული აღარაა იქიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში ხდება, მითუმეტეს, ევროკავშირის ლიდერებმა რამდენიმეჯერ გაგვაფრთხილეს შარშანაც, წელსაც, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის საკმარისი არაა, რომ უკან წაიღოს ის რეპრესიული კანონმდებლობა და იქ ქმედებები, რაც ბოლო წლებში განხორციელდა.
"მითუმეტეს, ამ გამარტივებული გადაწყვეტილების მიღების მქეანიზმის შემუშავების შემდეგ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება რთული არაა. ეს ასე სწრაფად არ მოხდება, გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ თუ საქართველოში ტრაექტორია არ შეიცვლება, თითქმის გარდაუვალია, უბრალოდ დროის ამბავია.
"რაც შეეხება ოპტიმისტურ სცენარს, ეს უნდა ეყრდნობოდეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. თუ ქვეყნის ხელისუფლება მარგინალიზაციას უწევს მედიას, არასამთავრობო სექტორს, თუ საკუთარ მოქალაქეებს, ბუნებრივია, ეს ჩვენს პარტნიორებზეც ვრცელდება და აქედან გამომდინარე, სანამ ქვეყანაში ეს სიტუაცია არ მოგვარდება, გავლენას იქონიებს.
"მით უმეტეს, "ქართული ოცნების" განცხადებას თუ დავაკვირდებით, დიდად ამას არ განიცდიან. ისინი უფრო გადართულები არიან იმაზე, რომ ვიღაცას გადააბრალონ და მზად არ არიან იმისთვის, რომ რაიმე კომპრომისული ნაბიჯები გადადგან - ეს არცერთ განცხადებაში არ ჩანს, რომელიც მათ გააკეთეს, პირიქით, ხისტი პოზიცია უჭირავთ.
"ყველაზე მთავარი მაინც საზოგადოებაა, ზუსტად ამ ხალხის დამსახურებაა, რომ ევროკავშირი ვიზლიბერალიზაციის შეჩერებაზე აქამდე თავს იკავებს. საზოგადოება მაინც მხარს უჭერს ევროინტეგრაციას და ესეც ჩვენს პარტნიორებს ესმით. როცა საზოგადოებრივი მხარდაჭერა მაღალია ევროკავშირისადმი, ამ ინტერესებს მაინც ითვალისწინებენ",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ "რეზონანსთან".