
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დააანონსა, რომ უკრაინაში Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გააგზავნის, რაც, მისი თქმით, ქვეყნის დაცვისთვის აუცილებელია. ამასთან, ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი ხაზგასმით აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში უკრაინას რეკორდული რაოდენობის იარაღი გაეგზავნება. ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან" საუბრობენ, რომ დონალდ ტრამპი, ფაქტობრივად, აგრძელებს ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მიერ დასახულ კურსს.
კითხვაზე, რა იგულისხმება რეკორდული იარაღის რაოდენობაში და რა ტიპის იარაღებს განიხილავს აშშ უკრაინის გადასაცემად, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია გვპასუხობს:
„ტრამპმა , ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ აპირებს იმ უპრეცედენტო შეიარაღების გადაცემას, რაც თავის დროზე თავადვე დააანონსა უკრაინისთვის. ამით, რეალურად, ის ბაიდენის ინიციატივის რეალიზაციას უწყობს ხელს - ინიციატივა, რომელიც ბაიდენმა პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში წამოაყენა.
მაშინ ის დროებით დაბლოკილი იყო, რადგან ტრამპს განსხვავებული მიდგომები ჰქონდა. როგორც ჩანს, ტრამპის ეს მიდგომა აღარ მუშაობს - მან ამოიცნო პუტინის მზაკვრული გეგმა, ფაქტობრივად, გააშიშვლა ის და ახლა ცდილობს, ბაიდენის ინიციატივა აღადგინოს. ასე რომ, ტრამპი დღეს აგრძელებს ბაიდენის ხაზს."-განაცხადა მაისაიამ.
მაისაიამ ისაუბრა აშშ-ს მხირდან დაანონსებული ახალი სანქციების მნიშნელობაზე და დეტალებზე, თუ რა დანაკლისი აქვს უკრაინას და რა გავლენას ახდენს აშშ-ს შეიარაღება ფრონტის ხაზზე.
„ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, რა შედეგს მოიტანს სანქციები და კონკრეტულად რა სახის დახმარებაზე იქნება საუბარი. ფაქტია, რომ რუსეთი ამ ეტაპზე ყველა ფრონტზე აქტიურია. რეალურად, ლუგანსკის სრული ოკუპაციისთვის რუსეთს დარჩენილია დაახლოებით 80 კვადრატული კილომეტრის დაკავება, რაც მიუთითებს მათ გააქტიურებაზე. პირდაპირ უნდა ვთქვათ - ეს გამოწვეულია იარაღის დეფიციტით, რომელიც უკრაინამ ბაიდენის ინიციატივის ფარგლებში უნდა მიეღო აშშ-სგან. ამ დეფიციტმა დააყოვნა უკრაინის სტრატეგიული შეტევები და სამხედრო ოპერაციების სრულფასოვანი განხორციელება.
რუსეთსა და უკრაინას შორის დიდი განსხვავებაა სამობილიზაციო რესურსებში - რუსეთის მხარეს მოქმედებს უზარმაზარი ადამიანური რესურსი, რაც უკრაინამ მხოლოდ ტექნოლოგიური უპირატესობით უნდა დააბალანსოს. დღეს უკრაინელებს ეს რესურსი არ გააჩნიათ, ხოლო რუსებს - აქვთ.
ამ ვითარებაში უკრაინისთვის გარდატეხის ერთადერთი რეალური გზა კვლავ თანამედროვე შეიარაღებაა. ეს პრაქტიკულად დაამტკიცა ომის სამწლიანმა ფაზამ: როცა უკრაინა იღებდა თანამედროვე შეიარაღებას, ის ახორციელებდა შეტევებს. ახლა კი, საჭიროა მეოთხე ფაზაში გადასვლა - შეტევითი პოტენციალის განვითარების ეტაპი, რომელიც კვლავ ამერიკული სამხედრო მიწოდებების განახლებაზეა დამოკიდებული. როცა ეს მიწოდება განახლდება, უკრაინას ექნება რეალური შესაძლებლობა განახორციელოს შეტევითი ოპერაციები - ამას კი სანქციების გააქტიურება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს."-განაცხადა მაისაიამ.
ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი კი საუბრობს დეტალებზე, თუ რა ტიპის იარაღების გადაცემა შეუძლია აშშ-ს უკრაინისთვის.
„ჯერჯერობით, აშშ პატრიოტის სიტემაზე საუბრობს, პატრიოტის 3 სისტემაზეა საუბარი, შემდგომ ეტაპზე კი არ არის გამორიცხული აშშ-მ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებიც გადასცეს, რომელსაც დაემატება ჰაიმარსის რაკეტებიც, განიხილება ფრთსანი რაკეტების გადაცემა, რომელიც მოქმედებს 500 კმ-ზე, მათი გამოყენება შესაძლებელია, სხვადასხვა სახის სამხედრო ეკონომიკური ობიექტის გასანადგურებლად."-განაცხადა გოგოლაშვილმა
რა სიგნალია ვაშინგტონიდან
ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „კარგად საუბრობს, მაგრამ საღამოს ყველას ბომბავს".
ტრამპმა არ დააკონკრეტა Patriot-ის რამდენ რაკეტას გადასცემს უკრაინას, თუმცა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მათ ღირებულებას ევროკავშირი აუნაზღაურებს.
„ჩვენ მათ Patriot-ებს გავუგზავნით, რომლებიც უკიდირესად სჭირდებათ, რადგან პუტინმა ბევრი ადამიანი გააკვირვა. ის კარგად საუბრობს და შემდეგ, საღამოს ყველას ბომბავს. თუმცა, აქ პატარა პრობლემაა - ეს არ მომწონს. მათ სხვადასხვა ძალიან დახვეწილი სამხედრო აღჭურვილობას გავუგზავნით, ისინი ამისთვის 100%-ით გადაგვიხდიან", - აღნიშნა ტრამპმა.
საინტერესო იყო ამერიკელი სენატორის კომენტარის, რომელიც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, „დაელოდეთ გეგმას"-აღნიშნა ლინდსი გრემმა.
„დაელოდეთ გეგმას, რომლის მიხედვითაც ამერიკა დაიწყებს ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის უზარმაზარი რაოდენობით იარაღის მიყიდვას, რაც უკრაინისთვის სასარგებლო იქნება. პუტინის გათვლებით, ჩვენც და ევროპაც დავიღლებოდით. მან უდიდესი შეცდომა დაუშვა. ნატო უფრო დიდი და ძლიერია და ჩვენ უფრო მეტად ვართ ერთგულები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მან უკრაინა ძალით არ დაიპყროს", - აღნიშნა სენატორმა.
სენატორმა ხაზგასმით თქვა, რომ კონგრესი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციების პაკეტის მიღების ზღვარზეა.
„ეს პრეზიდენტ ტრამპს მისცემს ისეთ ინსტრუმენტებს, რომლებიც მას დღეს არ აქვს. აქ მთავარი დამნაშავეები არიან ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია. ინდოეთი რუსეთიდან ნავთობს იაფად ყიდულობს და ხელახლა ყიდის. ეს საზიზღრობაა. ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს. მან გასულ კვირას თქვა, რომ დროა ვიმოქმედოთ. მან სცადა პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა, მაგრამ ჩემი მიზანია ამ ომის დასრულება და ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა არის ის, რომ პუტინის მხარდამჭერი ადამიანები აიძულო აირჩიონ ამერიკის ეკონომიკასა და პუტინის დახმარებას შორის. ჩინეთო, ინდოეთო და ბრაზილია, ძალიან დაზარალდებით, თუ პუტინის დახმარებას გააგრძელებთ", - აღნიშნა სენატორმა.
მისი თქმით, ელოდება, რომ უახლოეს დღეებში უკრაინას თავდაცვისთვის იარაღის რეკორდულ რაოდენობას გაუგზავნიან.
„ველოდები, რომ უახლოეს დღეებში იხილავთ იარაღის რეკორდულ რაოდენობას უკრაინის თავდაცვისთვის. ველოდები, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტ ტრამპისთვის ხელმისაწვდომი იქნება ტარიფები და სანქციები, რაც მას აქამდე არასდროს ჰქონია. ველოდები უახლოეს დღეებში ევროპისგან მეტ მხარდაჭერას უკრაინის დახმარების მცდელობებთან დაკავშირებით. პუტინმა შეცდომა დაუშვა. ექვსი თვის განმავლობაში პრეზიდენტი ტრამპი ცდილობდა პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანას. თავდასხმები გაიზარდა და არა შემცირდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც პუტინმა დაუშვა, ტრამპთან თამაშია. უახლოეს დღეებსა და კვირებში იქნება უზარმაზარი ძალისხმევა პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან მისაყვანად და მათთვის, ვინც მას ეხმარება, ეს დღეები თითქმის დასრულდა", - აღნიშნა სენატორმა.