
მუნიციპალური არჩევნები აღმოჩნდა ის გარდამტეხი, რაც "გახარია საქართველოსთვის" და "ლელო - ძლიერი საქართველო" თანამშრომლობაზე შეათანხმა. მათ შესაძლო ალიანსზე საუბრები პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო, როცა პლატფორმები 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდნენ. სექტემბერში პარტიის ლიდერებს შორის მრავალრაუნდიანი მოლაპარაკებებიც იყო, თუმცა მაშინ უშედეგო აღმოჩნდა მცდლობა.
თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს 14 ივლისს ხელი „გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო-ძლიერი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს. მათი თქმით. მერობის არაპარტიულ ნეიტრალურ კანდიდატზე ეცდებიან შეთანხმება დადონ. ასევე, მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატებზე, ანდა საერთო პარტიულ კანდიდატებზე.
ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია პარტიების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს "ქართული ოცნბისა" და ბიძინა ივანიშვილის თამაშში შესვლას ნიშნავს.
რა პერსპექტივა აქვს ერთობას
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ალიანსს არჩევნებში გამარჯვების მიმართულებით პრობლემა შეექმნება არსებული სიტუაციის ფონზე.
"მგონია, რომ გახარიასა და "ლელოს" ერთობას არჩევნებში გამარჯვების მიმართულებით პრობლემა შეექმნება. არჩევნებზე არ გამოცხადდებიან ენმ-სა და "კოალიცია ცვლილებებისთვის" მხარდამჭერები, რადგან ისინი არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და არ ჩათვლიან საჭიროდ, რომ საარჩევნო უბნებზე გავიდნენ.
ამ ფონზე, თუნდაც თბილისის მერობის ერთობლივი კანდიდატი წამოაყენონ, გამარჯვება გაუჭირდებათ. დედაქალაქში "ოცნების" რეიტინგი სხვადასხვა კვლევებით არ აღემატება 23-25%-ს. ქვეყნის მასშტაბით მთლიანად ოპოზიციის რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე "ოცნების" და არა ცალკე რომელიმე პარტიის.
"როდესაც "ქართული ოცნებს" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პროკურატურას, შსს-ს და სხვა რგოლებს აკონტროლებს და პლიუს ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს, ძნელია ამ ფონზე მათი გამარჯვება. გვახსოვს, წინა არჩევნებზე 60%-იანი რეიტინგი დააანონსეს, ახლაც აცხადებენ, რომ 64-ივე მუნიციპალიტეტში მოვიგებთო.
"თუმცაღა მგონია, რომ მიუხედავად იმისა, რომ "ლელო" და გახარიას პარტია ერთვებიან, დასავლეთი არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს, მით უმეტეს "ქართული ოცნება" საერთაშორის დამკვირვებლებს არ დაუშვებს. ამასთან, იციან როგორ აყალბებს არჩევნებს. მეორეს მხრივ საინტერესოა რა პროცესებია მოსალოდნელი ბოიკოტში მყოფი ოპოზიციისგან, მათ შორის პაატა ბურჭულაძე აპირებს ყრილობის ჩატარებას",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია და ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ აქედან გამომდინარე გადადგა ნაბიჯი.
"ორივე პარტიას აქვს მომავალში საპარლამენტო და ამჟამად საკრებულოებში თანამშრომლობის გეგმები, ისინი (ცალკ-ცალკე) შეიძლება შესულიყვნენ (არჩევნებში), როგორც "ოცნების" პარტნიორები და ახლა შეიძლება შევიდნენ როგორც "ოცნებასთან" დაპირისპირებული მკაფიო ოპოზიციური დაჯგუფება, ამაზე მოლაპარაკება იყო საჭირო და ალბათ მოილაპარაკეს.
"მგონია ამ ეტაპზე მათ მოილაპარაკეს "ქართულ ოცნებასთან" დაპირისპირება. ამ ეტაპზე იმიტომ ვამბობ, რომ პოლიტიკა ხშირად იცვლება და პოლიტიკოსებს ახალ-ახალ შეთავაზებებს უკეთებს, ამიტომ მომავალში რა მოხდება, ძნელი სათქმელია, მაგრამ ისინი რომ დაიწყებენ, როგორც ოპოზიციური პარტიები, ეს ცხადია. თან გახარიას ნათქვამი აქვს, რომ როცა ქვეყანას დასჭირდება მე იქ ვაჭრობას არ დავიწყებ, იმ ნაბიჯს გადავდგამ, რაც ქვეყნისთვის საწირო იქნებაო, მოგეხსენებათ ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია. ვფიქრობ ეს პუნქტიც იქნებოდა მოლაპარაკების საგანი",- განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის შეფასება, რომ არჩევნებში მონაწილეობა "ქართული ოცნების" თამაშში შესვლას ნიშნავს, ეს "ღიმილისმომგვრელი კვალიფიკაციაა".
"ქართულ ოცნების თამაშში შესვლა - ღიმილისმომგვრელი კვალიფიკაციაა, რადგან ბოიკოტით პოლიტიკა არსად არ კეთდება, მათ შორის საქართვლოშიც, მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ, რომ დასავლეთის გარკვეული ჯგუფები ბოიკოტს ითხოვენ, რათა ჰქონდეთ სათქმელი, რომ საქართვლოში ხელისუფლება ოპოზიციას ჩაგრავს, ამის მკაფიო გამოხატულება უილსონია. ეგ თემემი აქვთ ახლა დასავლეთში, რომ თურმე "ოცნება" ქუჩასი ოპოზიციას დასდევს და ცდილობს პარლამენტში არ შეუშვას, ამიტომ მათ ასეთი ბოიკოტი სჭირდებათ. ამით ცდილობენ რუსული პოლიტიკა წარმოაჩინონ იმით, რომ აი საქართველოში დემოკრატია იჩაგრება",- განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, "გახარია საქართველოსთვის" და "ლელოს" ერთობა იქნება თუ არა ანგარიშგასაწევი ძალა, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა კამპანიას ჩაატარებენ წინასაარჩევნოდ.
"მუქარა-ბაქიობა ნებისმიერ ორთაბრძოლას და მით უმეტეს პოლიტიკურს თან სდევს, ამ მხრივ გასაკვირი არაა რას ამბობენ. ანგარიშგასაწევი ძალა იქნება თუ არა ეს ერთობა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ მაგათთან რამდენი ხმა მივა. მეორე ნაწილმა თუ ასეთი ბოიკოტი გამოაცხადა, ამ დროს არის ოპოზიციური ამომრჩეველი, რომელსაც უნდა, რომ ვიღაცამ იბრძოლოს. იბრძოლოს არა დასავლეთის წისქვილზე წყლის დასხმით, არამედ იბრძოლოს ადგილზე.
"ასეთი ამომრჩეველი რადგან არის, ისინი აცდებიან, რომ უკვე ამათ მისცენ ხმა. ასე, რომ ამათი ხმების რაიდენობა გაიზრდება, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების დროს იყო. ბოიკოტის მომხრე ოპოზიცია არჩევნებში ამათ შესვლას ღალატად იმიტომ თვლის, რომ ამით კოლექტიურ უილსონს საფუძველს აცლის იმისას, რომ საქართველოს დაუპირისპირდეს, როგორც რუსეთის ერთ-ერთ გავლენის სფეროს. ალბათ ამიტომ არიან მოღალატეები ეს ორნი, რომლებიც არჩევნებში შედიან",- განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა გახარიასა და ხაზარაძის პარტიების ერთობას ისეთი კანდიდატი წამოაყენოს, რომელიც თბილისის "გამოგლეჯვაში" დაეხმარება, საყვარელიძემ გვითხრა:
"ძალიან ბევრი რამ საარჩევნო კამპანიით და შინაარსით გახდება ცნობილი და ჯერ მოუკვლელ დათვის ტყავს წინასწარ ნუ გავყოფთ",- განაცხადა საყვარელიძემ.
რას ამბობენ ახალ ალიანსში
როგორც "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, პარტიები "თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ბრძოლასა და საერთო პრინციპებზე თანხმდებიან". მისი თქმით, აღნიშნულმა ორმა პარტიამ დანარჩენ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს პრაგმატული თანამშრომლობის კარგი მაგალითი აჩვენა და ისინი ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან, საზოგადოებრივ მოძრაობასთან, თუ ცალკეულ ინდივიდებთან, მემორანდუმში ასახულ პრინციპებზე დაყრდნობით თანამშრომლობისთვის მზად არიან.
„ქვეყანაში გვაქვს სერიოზული პოლიტიკური კრიზისი, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის მიტაცებული. მმართველი პარტია გასულია სახელმწიფოს მართვის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და ამ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრაგმატული თანამშრომლობა და ურთიერთკოორდინაცია.
სწორედ ამ მიზნით, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება და კოალიცია „ძლიერი საქართველო" აცხადებს შეთანხმების, მემორანდუმის, თანამშრომლობის საწყის პრინციპებს, რაც გულისხმობს საერთო ბრძოლას, კოორდინაციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, იმიტომ, რომ ეს არ არის სტანდარტული არჩევნები, შესაბამისად, ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ურთიერთკონკურენცია ამ არჩევნებზე, ამიტომ მერობის არაპარტიულ ნეიტრალურ კანდიდატზე ვეცდებით შეთანხმება დავდოთ.
"ასევე, მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატებზე, ანდა საერთო პარტიულ კანდიდატებზე, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ფორმით ნორმალიზებას ვახდენთ რაიმე პროცესის. ეს პირიქით, პროტესტის გაფართოების და ახალი მუხტის მიცემის დამატებითი საბრძოლო ხაზია. სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში „ოცნებას" ჯერ კიდევ ჰყავს მხარდამჭერთა რაოდენობა, ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თითოეულ ადამიანთან მისვლა, რომლებიც უნდა დავარწმუნოთ, რომ „ოცნება" არის ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის მატარებელი პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ოპოზიციაში. არჩევნები არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ასეთი გზა.
"მე ვფიქრობ, ჩვენ პრაგმატული თანამშრომლობის კარგი მაგალითი ვანახეთ სხვა დანარჩენ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს და ამიტომ ჩვენ ამ თანამშრომლობისთვის, მემორანდუმში ასახულ პრინციპებზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან, საზოგადოებრივ მოძრაობასთან, სტუდენტურ მოძრაობასთან, ცალკეულ ინდივიდებთან, თუ პროტესტში ჩართულ გმირ ადამიანებთან," - განაცხადა სიჭინავამ.
ბოიკოტის მომხრეების პოზიცია
"მინდა გამოვეხმაურო იმ პოლიტიკურ ქორწინებას, რომელიც როგორც ჩანს, შედგა გიორგი გახარიას და „ლელოს" შორის. სამწუხაროდ, ჩემი შეფასებით, ეს არ არის თანამშრომლობის პაქტი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ბიძინა ივანიშვილს შორის. დღეს გაფორმდა ეს პაქტი, სამწუხაროდ და ჩვენ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი", - ასე აფასებს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიების შეთანხმებას. ბოკუჩავას შეფასებით, ყველამ უნდა გაიაზროს ის,რომ ბევრი ფული ქვეყნის ბედს ვერ გადაწყვეტს.
„მესმის, რომ სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ფული ბევრ რამეს წყვეტს, მაგრამ ის ვერ გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს და ეს უნდა გაიაზროს ყველამ ძალიან კარგად. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ, რომ ის კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია იმისთვის, რომ რუსული სპეცოპერაცია არ შედგეს და საქართველოს არცერთმა პატრიოტმა მონაწილეობა არ მიიღოს 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში იქნება წარმატებული და ჩვენ ერთიანი ძალებით დავიბრუნებთ ჩვენ სამშობლოს", - განაცხადა ბოკუჩავამ.
რას ამბობს "ოცნება"
როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, „ლელო" და გახარიას პარტია ცდილობენ „ნაცმოძრაობას" გაემიჯნონ და თავი შუაშისტურ ძალად წარმოაჩინონ, თუმცა მათიკაშვილის განცხადებითვე, არც ეს სცენარი იმუშავებს.
„საკუთარი ქვეყნის სიძულვილში რომ ერთიანდებიან რადიკალები და აგენტები, ახალი ნამდვილად არ არის. ილუზიებში არიან „ლელო" და გახარია. დღეს მათ აქვთ ილუზორული წარმოდგენა, რომ მათი უდაბლესი რეიტინგის ფონზე შეძლებენ სადმე „ქართული ოცნების" რაიმე ფორმით დამარცხებას, მცირე წინააღმდეგობის გაწევასაც კი და ასე ღიად განაცხადეს არჩევნებში მონაწილეობა.
"კი ბატონო! არჩევნები ძალიან მალე იქნება და კიდევ ერთხელ გაიზომება ყველა პარტიის რეიტინგი და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ აგენტებს საქართველოში, მის პოლიტიკურ ზედაპირზე ნამდვილად არ ესაქმება. ეს, რა თქმა უნდა, იმ უმცირესი მხარდაჭერით იქნება გაზომილი, რასაც ისინი მიიღებენ. თუმცა ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ მხარდაჭერა, რაც საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს, აბსოლუტურად ნიველირებული იყო მათი მხრიდან. საკუთარ სამშობლოს ხომ ღალატობენ და იმ ხალხსაც ღალატობენ, ვინც იმ მომენტში მათ მხარი დაუჭირა.
"რეალურად, ყველაფერს გააჩნია ერთი, ძალიან ცალსახა ახსნა. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ რეალურად, ძალიან უჭირს „დიფ სთეითს" საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულება. ქართველი ხალხის მოტყუება და თვალებში ნაცრის შეყრა არის პრაქტიკულად, წარმოუდგენელი, ამიტომ სხვადასხვა ვარიანტებს მუდამ ამუშავებენ იმისთვის, რომ იქნებ სადმე ნაპრალი გაჩნდეს, ისარგებლოს ამით და მოახდინოს საკუთარი რევანშისტული იდეების სისრულეში მოყვანა. არის ასეთი სცენარი დახატული - არის ორთოდოქსი, „ნაცების" კასტა, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ და ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.
"არის მეორე ნაწილი, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებენ და მემორანდუმი გააფორმეს - ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ საზოგადოებას თვალი აუხვიონ. ანუ, ამ ორ ძალას შორის მკვეთრი გამიჯვნის მცდელობა ხდება, რამეთუ არის სურვილი, რომ ცოდვებით და დანაშაულებით დამძიმებულ „ნაცმოძრაობას" საზოგადოების წარმოდგენაში „ლელო" და გახარია გაემიჯნონ და ისე იყოს აღქმული, თითქოს, რაღაც შუაშისტური ძალაა. არანაირი მემორანდუმი მაგათ არ უშველით. ვერც ეს სცენარი იმუშავებს და საბოლოოდ, ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას და 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან მწარედ დამარცხდება ყველა რადიკალი," - განაცხადა მათიკაშვილმა.