რეზონანსი
15.07.2025

94 ადამიანია 10 სასტუმროში გადანაწილებული - 2017 წელს ამ კორპუსის გამაგრება მოხდა. არაერთხელ შევთავაზეთ ჩანაცვლება, სადაც 100%-იანი თანხმობა ვერ ხერხდებოდა,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს, დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გივი ჩხარტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გამოსახლებულ მობინადრეებთან აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს, რომ მათთვის აუცილებელი ნივთების გამოტანა შენობიდან უსაფრთხოდ მოხდეს.

„94 ადამიანია 10 სასტუმროში გადანაწილებული, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს, როგორც გამგეობის თანამშრომლებს, ისე მაჟორიტარებს მოქალაქეებთან, აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, რომ ყველა ის დახმარება აღმოვუჩინოთ, რომელიც სჭირდებათ. მიმდინარეობს მუშაობა და კომუნიკაცია, თუ მომდევნო პერიოდში როგორ დავიგეგმოთ და როგორ მოხდეს მათი ნივთების გამოტანა, სადაც ვერ მოხდება შესვლა სამაშველო სამსახურის გარეშე და ამ ინფორმაციებს ვაწვდით მოქალაქეებს.

ბოლო 5 წლის განმავლობაში დიდუბის გამგეობას არაერთი კომუნიკაცია ჰქონდა მოსახლეობასთან. 2017 წელს ამ კორპუსის გამაგრება მოხდა. არაერთხელ შევთავაზეთ ჩანაცვლება, სადაც 100%-იანი თანხმობა ვერ ხერხდებოდა",- განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

ცნობისთვის, 14 ივლისს, საღამოს „სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო პირი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

ასევე, მომხდარიდან მალევე, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა გასახლებაც დაიწყო, რომლებიც ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×