ნატალია ჯვარიძე
15.07.2025

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას უკვე ულტიმატუმს უყენებს - კატეგორიულად სთხოვს პირობების შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უვიზო რეჟიმის შეჩერებით იმუქრება. ანალიტიკოსები პროცესების ამგვარ განვითარებას ჯერჯერობით ნაკლებად ელიან, თუმცა ასეთ შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ ეს ქვეყნის შიგნით სიტუაციის გამწვავებას გამოიწვევს.

„ეს რეალობაა. მე მაინც მგონია, რომ არჩევნებამდე უვიზო მიმოსვლას არ შეაჩერებენ, მაგრამ გამორიცხული არაფერია. თუმცა იქამდე ასეთი მუქარები იქნება.", - განაცხდა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოს გია აბაშიძეს იმედი აქვს, რომ „ევროკავშირი მიზანს ვერ მიაღწევს და ქართველი ხალხი სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაუშვებს": „თუ მართლაც შეაჩერეს უვიზო მიმოსვლა, მე მაინც იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი ბრძენია და რაღაც საკონსულოების რიგში დადგომის გამო, ქვეყანას არ ააყირავებს, რაც არ უნდა დესტრუქციული წაქეზება იყოს, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან".

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა.

„განვიხილავთ საქართველოს საკითხს. ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში. ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რამაც, შესძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს, გათვლები შეცვალოს", - აღნიშნა კალასმა.

ამასთან, მისივე თქმით, „საქართველოს წერილს გავუგზავნით უვიზო რეჟიმზე: თუ პირობები ამ ვადაზე არ შესრულდა, უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს".

შეაჩერებენ თუ არა უვიზო მიმოსვლას და რას გამოიწვევს ეს

გია აბაშიძე ფიქრობს, ევროკავშირის მხრიდან მუქარები აჩენს ეჭვს, რომ მათ საქართველოში არეულობა უნდათ. მას აქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებს მხარს არ დაუჭერენ.

„ტექნიკურ-იურიდიულად უვიზო რეჟიმის მიმოსვლის შეჩერების პრეროგატივა 27 წევრ ქვეყანაში შეუძლია 15 სახელმწიფოს წარმომადგენელს. თუმცაღა აქ არის უამრავი გაუგებარი შეკითხვა ბრიუსელის ბიუროკრატიის მიმართ - პირველი, თუ მათთვის მიუღებელია „ქართული ოცნების" ხელისუფლების ჩინოსანთა საქმიანობა, აქ რა შუაშია საქართველოს მოსახლეობა იმის და მიუხედავად, ვის რა პოლიტიკური გემოვნება აქვს. რა გამოდის, რომ „ოცნების" ე.წ. არამართებული საქმიანობის გამო უნდა დაისაჯოს თავისუფალი ადამიანები?!

„აქ კიდევ მეორე შეკითხვა შემოდის, თუ ისჯება ყველა მოქალაქე, ესე იგი ევროკრატები საქართველოში არეულობას მხარს უჭერენ, ვინაიდან ეს გამოიწვევს უკმაყოფილების დიდ ტალღას იმის მიუხედავად, ვინ რომელ პარტიას მისცა ხმა. აქედან გამომდინარე, ბრიუსელის მაღალჩინოსნებს სურთ, საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება იყოს. კიდევ ერთი შეკითხვა, ბრიუსელში ასე არ აწყობთ მშვიდობა? ასე შორს წავიდნენ, რომ რადგან ხალხმა მათი მონა-მორჩილი მთავრობა არ აირჩიეს, ყველაფერზე წავლენ? ეს იქნება კატასტროფული გადაწყვეტილება. თუმცა არსებობს პრაგმატული, სახი აზრის მოლოდინი თვითონ ევრობლოკში, რადგან უნგრეთისა და სლოვაკეთის გარდა, ძალიან ბევრი არ დათანხმდება ამ უსამართლო და საქართველოში პროცესების ამრევ გადაწყვეტილებას.

„ჩემი მოლოდინია, რომ დასანქცირებულთა რიცხვი „ოცნებაში" უფრო გაფართოვდება. ამას მიემატებიან მოსამართლეები, როგორც კაია კალასმა აღნიშნა, ასევე გამორიცხული არ არის პროკურატურიდანაც მაღალჩინოსნები.

„თუ მართლაც შეაჩერეს უვიზო მიმოსვლა, მე მაინც იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი ბრძენია და რაღაც საკონსულოების რიგში დადგომის გამო, ქვეყანას არ ააყირავებს, რაც არ უნდა დესტრუქციული წაქეზება იყოს, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

პაატა ზაქარეიშვილის ვარაუდით, ადგილობრივ არჩევნებამდე ნაკლებად სავარაუდოა, რამე მოხდეს.

„ეს რეალობაა. მე მაინც მგონია, რომ არჩევნებამდე უვიზო მიმოსვლას არ შეაჩერებენ, მაგრამ გამორიცხული არაფერია. თუმცა იქამდე ასეთი მუქარები იქნება. ჩემი აზრით, იქნება გარკვეული პირობები, როგორიცაა აქციაზე დაკავებული პატიმრების გამოშვება, საარჩევნო კომისიის შეცვლა და ა.შ. მგონი საარჩევნო კონტექსიდან გამომდინარე. ახალ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე მუქარები ვერ იქნება, თუმცა მოწოდებები კი. ანუ პირობები ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ ვერ იქნება. ასე რომ, ჩემი აზრით, მთელი ყურადღება პატიმრების გათავისუფლებასა და არჩევნების გაუმჯობესებაზე იქნება.

„როგორ აისახება უვიზო მიმოსვლის შეჩერება ქვეყნის შიგნით დამოკიდებულია რა პერიოდში მოხდება. „ქართული ოცნებისთვის" მთავარია როგორმე კულუარულად შეახსნენონ, რომ აცადონ არჩევნებამდე - ჩაივლის არჩევნები და მერე რასაც გინდათ იმას გავაკეთებთო, შეიძლება ეს უთხრან და გარანტია მისცენ, რომ მერე გამოასწორებენ ყველაფერს. არა მგონია „ოცნებამ" დაიხიოს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

მანამდე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცედურასა და ვადებზე ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსს" უთხრა, რომ პირველ რიგში, ევროკავშირის ერთი, ან რამდენიმე წევრი საკითხს დააინიცირებს და თუ მინიმუმ 14 ქვეყანა უჭერს მხარს ინიციატივას, კომისიას პროექტის შემუშავებას ავალებენ, რის შემდეგაც, დოკუმენტი ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე გადის და თუ მინიმუმ 15-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, ძალაში შევა უვიზო მიმოსვლის შეჩერება.

„ხდება საკითხის ინიცირება ერთი, ან რამდენიმე ქვეყნის მიერ, რომელსაც წევრი ქვეყნები განიხილავენ და თუ მინიმუმ 14 ქვეყანა უჭერს მხარს, მერე კომისიას ავალებენ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტი შეიმუშაოს. მერე საკმარისია ეს პროექტი გავიდეს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე და კვალიფიციფიციურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭიროს.

ეს ძალიან მარტივი მისაღწევია, კონსენსუსი აღარ სჭირდება",- განაცხადა გოგოლაშვილმა.

კითხვაზე, რა ვადებშია ეს პროცედურა შესაძლებელი და რა ხანგრძლივობისაა უვიზო მიმოსვლის შეჩერება, გოგოლაშვილმა გვითხრა:

"ეს არასდროს არაა ზუსტად ცნობილი, რადგან დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაკავებულია ევროკომისია. მაგალითად, დაახლოებით მაქსიმუმ ერთ თვეში შეიძლება გადაწყვეტილების პროექტი შეიმუშაონ. თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ საკითხი დასაჩქარებელია, მაშინ ამას უფრო მალე გააკეთებენ, მაგრამ როგორც წესი, თვე-თვენახევარი სჭირდება იმისთვის, რომ გადაწყვეტილების პროექტი მომზადდეს და შემდეგ გავიდეს დასატკიცებლად.

„პროექტს კომისია ამზადებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტიულებით, ოღონდ უბრალო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შემდეგ, როცა კომისია მოამზადებს გადაწყვეტილებას, შეუძლია გაიტანოს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ისევ და იქ უკვე კვალიფიცური უმრავლესობოთ გადის, ანუ 15-მა ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმაზე, რომ ძალაში შევიდეს.

„ვიზალიბერალიზაცია პირველ ეტაპზე 9 თვით ჩერდება, მალე 12-თვიანი გახდება, როცა ახალი რეგულაცია შევა ძალაში, მაგრამ ახლა 9 თვეა. ამის მერე შეიძლება შეჩერება ავტომატურად გაგრძელდეს, საკითხს ევროკომისია განიხილავს და შემდეგ წევრ ქვეყნებს დაეკითხება გააგრძელონ თუ არა ეს შეჩერება.

„ამ 9 თვის განმავლობაში კი ქვეყანასთან კონსულტაციები მიდის და ამის შედეგად მიიღება გადაწყვეტილება. თუ ქვეყანამ რაღაცეები დაჰპირდა, ან მიიღო ის ზომები, რის გამოც ჩათვალეს, რომ ძირითადი მიზეზი აღმოფხვრილია, მაშინ ჩვეულებრივად გაგრძელდება უვიზო მიმოსვლა ჩვეულებრივად გაგრძელდება, თუ არა და შეჩერება გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭიროდ ჩათვლიან", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა "რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×