
"ოცნებას" შეუძლია კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების პირობებში უვიზო რეჟიმი შეუნარჩუნოს ქვეყანას - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.
ცნობისთვის, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, გერმანიამ და ჩეხეთმა კაია კალასს მიმართეს წერილით, რომ 2025 წლის 30 სექტემბრამდე შეიმუშაოს კონკრეტული და ახალი რეკომენდაციები "ქართული ოცნებისთვის". იმ შემთხვევაში კი, თუ მოთხოვნები არ შეასრულდება, მაშინ ევროკავშირმა 5 მინისტრის მოთხოვნით, უნდა დაიწყოს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმებზე მუშაობა და წერილის თანახმად, ამაზე მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ ,,ოცნებას".
გიგაური ამბობს, რომ თუ "ოცნება" მართლაც დააკარგვინებს ქვეყანას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება მათი მხრიდან.
რა თქმა უნდა, არის ლოგიკური ის, რაზეც საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ჩვენ ვართ ან ევროკავშირის პარტნიორი და რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ იცხოვროს კარგად, მათ შორის ეს დახმარებები იქნება, უვიზო მიმოსვლა თუ ა.შ. მაგრამ თუ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომ მათ არ უნდათ ევროკავშირი და მათ ასე გადაწყვიტეს კიდევაც, რა თქმა უნდა, ოფიციალურად დაშორება მოხდება ჩვენი ქვეყნების. "ქართულ ოცნებას" შეუძლია კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების პირობებში, უვიზო რეჟიმი შეუნარჩუნოს ჩვენს ქვეყანას. თავიდან ბოლომდე, ეს არის მათ ხელში. მათ ეს შეუძლიათ და როგორ გაწირავენ საკუთარ ქვეყანას და მოქალაქეებს ამისთვის. უკვე აღარფერი აღარ გვიკვირს მათგან, მაგრამ ეს იქნება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება", - აცხადებს ეკა გიგაური.