„უნდა აგაოხროთ სახელოვნად, თქვე პირის ნაცვლად პარაშიანებო" - თამარ ჩერგოლეიშვილი
ნატალია ჯვარიძე
15.07.2025

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ოპოზიციურ ფლანგზე ურთიერთბრალდებები და დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა: პარტია „ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი მწვავედ აკრიტიკებს „ლელოს" და „გახარია საქართველოსთვის" მონაწილეობას არჩევნებში, მათ „ბიძინა ივანიშვილის სისტემურ ოპოზიციად" მოიხსენიებს და მოუწოდებს, პროცესს ჩამოცილდნენ. ანალოგიურ რიტორიკას ენმ-ს წევრებიც მიმართავენ და კოლეგა ოპოზიციონერებს, არც მეტი არც ნაკლები, კოლაბორანტობაში ადანაშაულებენ. არადა, თავად „ლელოსა" და გახარიას თანაპარტიელების გამოსვლები უფრო, ასე ვთქათ, რბილია და ბევრ დამკვირვებლებში ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს თავის მართლების რეჟიმში არიან.

ანალიტიკოსი და ილაუნის პროფესორი დავით ზურაბიშვილი ამ კონფლიქტს პარტიულ ინტერესებს უკავშირებს და მიიჩნევს, რომ „ლელო" და გახარიას პარტია გადაწყვეტილებას არ შეცვლიან, რადგან ამომრჩევლების დაკარგვის რისკს ვერ აიღებენ.

„აქ პარტიული ინტერესებია და ძირითადად, „ლელოსა" და გახარიას წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის", „ფედერალისტების" და სხვების მხრიდან ასეთი მძაფრი კრიტიკა ამით არის განპირობებული", - უთხრა ზურაბიშვილმა „რეზონანსს".

როგორც თამარ ჩერგოლეიშვილო წერს: „მიშას და ბიძინას თემუდან გამოწერილ მუტანტს - ხაზარაძეს, გახარიას და მათზე აყოლილ ნაცრისფერ არარაობებს ვურჩევ ფედერალისტებისთვის ნაცების დაძახება შეწყვიტონ (ვაზუსტებ - ანუ იმ 8 პარტიისთვის, სადაც ჩვენც ვართ და რომლებიც პროტესტის ერთგული ვრჩებით და ბიძინას სისტემურ ოპოზიციად არ ვეტენებით). ფოკუსი ახლა სხვაგან მაქვს დაჭერილი - თქვენ მხოლოდ კოლატერალურ ზიანს იღებთ. ნუ გამხდით იძულებულს გავანაწილო, ჩემი კრეატიული უნარები თქვენზეც მოვმართო და აგაოხროთ სახელოვნად, თქვე პირის ნაცვლად პარაშიანებო", - ამბობს ჩერგოლეიშვილი.

ამასთან, „გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიცია ალტერნატივასაც არ გვთავაზობენ, ვერაფერი მოიფიქრეს, გარდა იმისა, რომ ვიღაცებმა თქვეს: „მშვიდობიანად დავამხობთო".

როგორც მან „პალიტრანიუსის" გადაცემაში თქვა, „ქართული ოცნებისთვის" კომფორტია მარტო მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ასეთი კომფორტის შექმნა არის უპასუხისმგებლობა.

„მაგ ოპოზიციურ მოძრაობას, რვავე პარტიას „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია. 1-ელი ოქტომბრის შვილები არიან, მას შემდეგ გაიყვნენ, რაც ხელისუფლებაში არ არიან. ეს ხალხი 1-ელ ოქტომბერს ერთად იყვნენ, ისინი „ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციაში კი არ წასულან, არამედ ბოლომდე გაყვნენ მათ და მერე გაიყვნენ. ჩვენ „ქართული ოცნებიდან" წამოვედით, ხელისუფლებიდან წამოვედით. ეს ხალხი არ წამოსულა ხელისუფლებიდან. უბრალოდ ფაქტი დადგა - დამარცხდნენ 1-ელ ოქტომბერს და ამიტომ არიან ამ რეჟიმში. მე რომ დავინახე „ქართული ოცნება" „ნაცდებოდა", ჩემი ადგილი იქ არ იყო.

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებდით. დღეს ვისაც არ უნდა, რომ ოპოზიციამ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ეს არის „ქართული ოცნება". საზოგადოებამ განსაზღვროს ვინ ატარებს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. „ქართულ ოცნებას" უნდა მარტო მიიღოს მონაწილეობა. როცა ასეთ კომფორტს უქმნი, ეს არის უპასუხისმგებლობა", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ამას თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა და დაწერა: „სადაც მე „ნაცი" ვარ, იქ გახარია, ხაზარაძე და ეს უინტელექტო, ლუზერი ჩუსტი როგორი ქოცები არიან - ხომ ხვდებით? ხოდა ერთად ჩავრეცხოთ.(ოღონდ, ბო...შვილი ვიყო, ყველა ქოცს თუ ჩემი სმენა არ ერჩიოს, ამ არარაობების ბჟუტურს)".

ის ასევე „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერ მამუკა ხაზარაძის ძველ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ხაზარაძე პარლამენტში შესვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა:

„რუსულ პროექტთან" ლელო დღეს მემორანდუმს აფორმებს რეჟიმის სტატუს კვოს ერთობლივ დაკანონებაზე. მეგობრებო, ულმობლად რატომ ვათრევ, იცით, ამ ბანძებს? ადამიანთა მოდგმის შეურაცხყოფად მიმაჩნია თითოეული მათგანი. სამი-ოთხი თვის წინ გახარია რუსული პროექტი იყო - ანუ საქართველოს მტერი იყო. ამას ხაზარაძე უბრალოდ იდგა და აბრალებდა, იმიტომ რომ ეშინოდა, გახარია არ გამხდარიყო „მთავარი ოპიზიცია" პარლამენტში შესვლით. აი ასე იდგა და რუსი ხარო ეუბნებოდა, რადგან სიებს არ ხსნიო. ახლა ეს "რუსი" იმას აკეთებს რაც ხაზარაძის ეგოს ემსახურება, და ამიტომ მოსულა. ეს ენაჭარტალა, უღირსი და უთავმოყვარეო ნაგავი უნდა გადაირეცხოს. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს," - წერს ჩერგოლეიშვილი.

დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ გახარიას პარტია და „ლელო" გადაწყვეტილებას არ შეცვლიან, რადგან იციან, თუ ასე მოიქცევიან ამომრჩევლებს დაკარგავენ.

„თამარ ჩერგოლეიშვილი არ მალავს, რომ მისი მიზანი „ლელოსა" და გახარიას ჩაძირვაა. ამ შემთხვევაში ის პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ამბობს, რომ ისინი უნდა მოსცილდნენ. ანუ პარტიულ კონკურენტულ ჭრილში უყურებს. თორემ სერიოზულად რომ შევხედოთ, არჩევნებში მონაწილეობა პროცესს რითი აზიანებს? ამაზე დამაჯერებელი პასუხი არავის აქვს. მხოლოდ ემოციური განცხადებები კეთდება, რომ თითქოს ამით ხელისუფლება ლეგიტიმაციას მოიპოვეს, თუმცა რანაირად მოხდება ეს, აბსოლუტურად გაუგებარია, რადგან თუ დელიგიტიმაციის საფუძველი არის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები, ჩატარებულია და როგორც არ უნდა დასრულდეს თვითმართველობის არჩევნები, ამით ის როგორ გაკეთიშობილდება?! მეორეც, დელიგიტიმაცია დამოკიდებულია დასავლეთ ქვეყნების პოლიტიკაზე. თუ ამათ საფრანგეთზე, გერმანიაზე და სხვებზე ისეთი წარმოდგენა აქვთ, რომ რადგან „ლელო" და გახარია არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, იტყვიან აწი ბიძინას ლეგიტიმაციაზე ლაპარაკს რა აზრი აქვსო, ცხადია ასე არ მოხდება, რადგან საქართველოს ხელისუფლების დელიგიმიტაცია საზღვარგარეთ თვით აქაური ხელისუფლების პოლიტიკითაა განპირობებული და არა იმით, ოპოზიცია რას შვრება.

„ასე რომ, აქ პარტიული ინტერესებია და ძირითადად, „ლელოსა" და გახარიას წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის", „ფედერალისტების" და სხვების მხრიდან ასეთი მძაფრი კრიტიკა ამით არის განპირობებული. ეს იმიტომ, რომ რაღაცნაირად ეს ფლანგი მოიშორონ და მათ დარჩეთ ბურთი და მოედანი. ამ ორმა პარტიამ რომ შეცვალოს გადაწყვეტილება, გამოდის, შანტაჟს დაჰყვნენ და საერთოდ დაკარგავენ ამომრჩევლებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ისინი გადაწყვეტილებას არ შეცვლიან", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×