"მესაკუთრეების მიდგომა ასეთი საფრთხის შემცველი საკითხებისადმი არის ყველაზე უგულისყურო დამოკიდებულება"
გვანცა წულაია
15.07.2025

ბოლო სამი დღეა, საზოგადოების ყურადღება სადგურის მოედანზეა მიმართული, სადაც შენობა ჩამოინგრა და ორი ადამიანი გარდაცვალა. შენობა ავარიულია, რის გამოც 2017 წელს მოხდა გამაგრება. იმავდროულად, კორპუსის მაცხოვერბელბთან პარალელურად მიმდინარეობდა მოლაპარაკება ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, თუმცა 100%-იანი თანხმობა ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა. საინტერესოა, ასეთ დროს ვისი ბრალეულობა იკვეთება და რა არის მსგვასი შემთხვევებისგან გამოსავალი? 

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გადასადგმელია არაპოპულარული, მტკივნეული ნაბიჯები. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ირაკლი როსტომაშვილის აზრით, დედაქალაქში არსებული ავარიული კორპუსების პრობლემის გადაჭრას ხშირ შემთხვევაში თავად მოსახლეობა აფერხებს. 

„თბილისის მსგავსი ავარიული ქალაქი მე არც მინახავს. ეს არის კომუნისტებამდელი მემკვიდრეობა, რომელსაც მართვა სჭირდება. გასაკეთებელია ინვენტარიზაცია, ყველა შენობის ტექნიკური დათვალიერება. უდიდესი პრობლემაა, როცა მოსახლეობა არ თანხმდება გამოსვლაზე. საკრებულოში ეგ კანონი მისაღებია. მაგალითად, ფიროსმანის 39 ნომერში საშინელი მდგომარეობაა. ამ დროს, შეიძლება, ერთი ვინმე გამოდგეს, რომელიც არც ცხოვრობდეს საქართველოში და ელოდება ჯეკპოტის მოხსნას, რომ ვიღაც გამოჩნდეს და, ერთოთახიანის სანაცვლოდ, ათოთახიანი მისცეს. 

ისტორიულ ზონებში არის მე-3, მე-4 კატეგორიის ავარიული შენობები, რომლებიც არის უფლებრივი საკუთრება და მესაკუთრეების თანხმობის გარეშე იქ სამუშაოებს ვერც მერია და ვერც ინვესტორი ვერ აწარმოებს. როდესაც ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი, არ შეიძლება სენტიმენტები. 

2002 წლის მიწისძვრის შემდეგ პუშკინის პირველი ნომერი იყო დაზიანებული. იქ ქალბატონი ყიდდა მზესუმზირას და არ გამოდიოდა. პოლიციის უფროსი შევარდა, დაავლო ხელი მას და გამოიყვანა, რის შემდეგაც იქაურობა ჩამოინგრა. მანამდე ჟურნალისტებიც ამბობდნენ: აბა, რა ქნას ამ ქალმა, შვილებს რა აჭამოს?! როცა ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი, მსგავსი სენტიმენტები არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, იქ რომ შემოღობვა დაიწყოს, შეიკრიბება მოსახლეობა: აბა, ჩვენ რა ვქნათ და ა.შ. ამას უნდა ცივი გონება. მე რომ ვუყურებ ჟურნალისტებს, რატომ არ აშუქებთ იმას, რომ ეს კერძო საკუთრებაა?

უფრო მეტი პრობლემაა ისტორიულ ზონებში, სადაც კოეფიციენტს ვერ ვზრდით. ჩემი პოზიციაა, რომ დასაწყებია დაუყოვნებლივ ინვენტარიზაცია. ეს დაახლოებით იგივეა, როცა სახელმწიფომ დაიწყო ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, არაპოპულარული რაღაცებია გასაკეთებელი“, - აღნიშნა როსტომაშვილმა.

იგივე პოზიცია აქვთ სამშენებლო სფეროს სხვა სპეციალისტებსაც და მიაჩნიათ, რომ ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ იკვეთება. სწორედ ასეთი მოსაზრება აქვს ინჟინერ-მშენებელს, სამშენებლო მასალების ექსპერტს გიორგი შვანგირაძეს. 

"მოსახლეობის მიდგომა ასეთი საკითხებისადმი არის ყველაზე უგულისყურო და ბოროტი დამოკიდებულება, არა მხოლოდ თავისი თავისთვის, არამედ სხვა ადამიანების მიმართაც. რაც 2 დღის წინ მოხდა, ამით მარტო იქ მცხოვრებნი არ დაზარალებულან, არამედ იქვე, გარეთ მომუშავე ადამიანები. ეს არის მობინადრეების უყურადღებობისა და უპასუხიმგებლობის ბრალი. თავის დროზე, მოსახლეობა ამ შენობიდან რომ გამოსულიყო, არ მოხდებოდა, ის რაც მოხდა და არ დაიღუპებოდნენ ადამიანები, რომლებიც საერთოდ არაფერ შუაში იყვნენ იმ შენობასთან. 

შარშან შეაფასეს შენობა და მესამე კატეგორია მიანიჭეს, შესაბამისად, ხალხს იქ აღარ უნდა ეცხოვრა, მაგრამ გამოსახლებაზე 100%-იანი თანხობა არ იყო. საქართველოში რომ იყოს დიქტატორული დამოკიდებულება, კი ბატონო, ძალით გამოასახლებდნენ იქ მაცხოვრებლებს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიაა, ამიტომ კანონის ძალა უფრო მაღლა დგას, ვიდრე სხვა საკითხები. 

შენობიდან გამოსვლაზე უარის თქმის მიზეზი ყველამ ვიცით, ვისაც ასეთ შემთხვევებთან ჰქონია საქმე. ყველას მოთხოვნა და სურვილი აქვს, თუ მაგალითად ცხოვრობს 50 კვარდატულ მეტრში, სანაცვლოდ ითხოვს 100 კვადრატს, რაც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. სახელმწიფომ რატომ ან საიდან უნდა მისცეს ზედმეტი ფართი? 

ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა ახლა ყველაზე დიდი დანაშაულია. სახელმწიფოს შენობიდან ხალხი ძალით რომ გამოესახლებინა, ატყდებოდა ერთი ამბავი. ასე რომ, ამ ყველაფერში დამნაშავეა ის ხალხი, ვინც თავის დროზე არ გამოვიდა შენობიდან. კერძო საკუთრებაა და სახელმწიფოს მხრიდან ვერ იქნება დაძალება, რადგან ის კერძო საკუთრებაა და ძალით ვერავის მოსთხოვ, გამოვიდეს და დატოვოს შენობა. 

ასეთ სიტუაციებში გამოსავალი არის ის, რომ შენობას როდესაც დემონტაჟის აუცილებლობა დაუდგება და იქ ცხოვრება საფრთხის შემცველი იქნება, მოსახლეობასთან აუცილებლად უნდა მოხდეს შეთანხმება”, - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი შვანგირაძემ. 

კანონში არსებულ ჩანაწერებზე ისაუბრა სამართლის სფეროს სპეციალისტმა უჩა ზაქაშვილმა და განაცხადა, რომ მე-3 კატეგორიის ავარიული ხარისხის მინიჭება გულისხმობს შენობის ჩანაცვლებას. 

"ცენტრალური კოდექსი გვაქვს სამშენებლო საქმიანობების შესახებ (ეს ვრცელდება მთელ საქართველოზე), იქ არის 56-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ მშენებლობით ღონისძიებებს, რაც მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ხელისუფლებას, ანუ მერებს და ქალაქების მთავრობას ანიჭებს უფლებას, რომ განსაზღვრონ ისეთი არეალები, სადაც სხვადასხვა ფაქტორის გამო, საკუთარი ან მესამე პირის მეშვეობით განახორციელებენ ღონისძიებას. ავარიული სახლების შემთხვევაში ეს ღონისძიება გულისხობს დემონტაჟს, თუმცა კოდექსი გარკვეულ პირობებს აყენებს. თუ დადასტურებულია, რომ შენობა-ნაგებობა ისეთი ავარიულია, რომ მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, მაშინ არ არის საჭირო მესაკუთრეთა თანხმობა დემონტაჟის განხორციელებისთვის იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო, ან ამ ღონისძიების განმახორციელებელი უფლებამოსილი მესამე პირი წინასწარ და სამართლიან კომპენსაციას გასცემს ასეთი ტიპის მოსახლეობაზე; ანუ არსებობს რეგულაცია, რომლის გამოყენებაც ასეთი ტიპის რისკის პრევენციას უზრუნველყოფს. 

შეიძლებოდა ამ შენობაზე ეს რეგულაცია გამოყენებულიყო, თუმცა კონკრეტულად თბილისის საკრეგულობოს ამისგან განსხვავებული რეგულაცია აქვს დადგენილი, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ იმ შემთხვევაში არ სჭირდებათ თანხმობა, თუ ჩანაცვლება სხვა ტერიტორიაზე ხდება. 

კოდექსს იმიტომ ვახსენებ, რომ იგი არის იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი დოკუმენტი და შესაბამისად, უფრო მეტი ძალა, იურისდიქცია და უპირატესობა გააჩნია ნებისმიერი მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტიელებასთან. 

ასევე კოდექსში არსებობს 137-ე მუხლი, რომელიც ჯარიმას ითვალისიწინებს იმ ადამიანებს, ვინც უარს აცხადებს გამოსახლებაზე, თუმცა ჩემი პერსონალური მოსაზრებით, არ არის ეფექტური ღონისძიება იმ ხალხის დაჯარიმება, ვისაც სახლი თავზე ენგრევა. 

თბილისის რეგულაციებით, მე-3, მე-4 და მე-5 კატეგორიის ავარიული შენობები ექვემდებარება ჩანაცვლებას, ანუ დანგრევას და ახლის აშენებას. ამ შეფასებას ახდენს სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიურო ან თბილისის ლაბორატორია, რომლესაც საექსპერტო ცოდნა გააჩნია. ეს საექსპერტო ორგანიზაციები, პირველ რიგში, აფასებენ თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნება შენობა და შედეგიდან გამომდინარე ვიცით, უნდა ჩანაცვლდეს თუ არა. პირველი და მეორე კატეგორიის ხარისხი არ არის სიეთი დაზიანება, რომელსაც ნგრევა ან სიცოცხლისთვის რაიმე საფრთხე შეიძლება მოჰყვეს. აქ შეიძლება კოსმეტიკური რემონტი ან მსუბუქი სამუშაოების წარმოება”, - უთხრა "რეზონანსს” უჩა ზაქაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×