ქეთო გოგოხია
17.07.2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი რეგიონებში ვიზიტები აგრძელებს. იგი  ამჯერადაც სამეგრელო-ზემო სვანეთს ეწვია, სადაც  ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და მიმდინარე საკითხებს ადგილზე გაეცნო.  თხილისა და მოცვის მწარმოებლებთან და მეფუტკრეებთან მინისტრის შეხვედრებისას ყურადღება ამ დარგების პრობლემებზე გამახვილდა და  ხაზი გაესვა მათ უნიკალურ მნიშვნელობას აგრარული მეურნეობის განვითარებაში. 

მეფუტკრეობის სფეროს მთავარ გამოწვევად  მავნებლებთან  ბრძოლა დასახელდა, მეთხილეებისთვის პრობლემა ჯერჯერობით ისევ ფაროსანას უკავშირდება, მოცვის შემთხვევაში, კლიმატურ პირობებს, თუმცა სამივე სექტორი მდგრად განვითარებას აგრძელებს და დიდი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია როგორც ეკონომიკისთვის, ასევე მეწარმე ფერემერებისთვისაც.

მეფუტკრეების საქმიანობას დავით სონღულაშვილი სოფელ  მუხურში გაეცნო, სადაც სანაშენე ბაზა მოინახულა. ლურჯი მოცვის წარმოება კი  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში დაათვალიერა და შპს „ჯენტრი ინვესტმენტის“ საწარმოში მოსავლის სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს დააკვირდა.  რაც შეეხება მეთხილეობას, სექტორში მიმდინარე სამუშაოებს დავით სონღულაშვილი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ გიორგი დარჩიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში გაეცნო და ადგილობრივ მეთხილეებს შეხვდა.

„სახელმწიფო ბოლო რამდენიმე წელია არაერთ პროგრამას ახორციელებს  მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად. ამის შედეგია, რომ საქართველოში თხილი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტის მქონე სასოფლო-სამეურნეო კულტურად იქცა. ჩვენი ქვეყანა თხილის ექსპორტიორი ქვეყნების მსოფლიო შვიდეულში შედის. მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი არის წინაპირობა, რომ ფერმერებს ჰქონდეთ მაღალი შემოსავალი. სახელმწიფო, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით უდგას მათ მხარში. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტის ფარგლებში, 2,9 მლნ ლარით არის თანადაფინანსებული 1100 ჰექტარზე თხილის კულტურის გაშენება; ქვეყანაში შექმნილია და გამართულად მუშაობს საშრობ-შემნახველი ინფრასტრუქტურა; სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში, თანადაფინანსებულია თხილის გადამმუშავებელი და შემნახველი 25 საწარმო; მასშტაბური ღონისძიებები მიმდინარეობს ფაროსანას წინააღმდეგ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მეფუტკრეობის სანაშენე ბაზის ინფრასტრუქტურული და ტექნიკური შესაძლებლობები, ფუტკრის ადგილობრივი გენოფონდის შენარჩუნებისა და სანაშენე საქმიანობის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები გააცნო.

შეხვედრისას განხილვის მთავარი თემა იყო დარგში არსებული გამოწვევები, მათ შორის ფუტკრის დაავადებები, რომელთა წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის აუცილებელი პირობაა ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი ცოდნის გაზიარება. მინისტრმა დადებითად შეაფასა მეფუტკრეობის სფეროს მიღწევები და  დასძინა, რომ ამ დარგს საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. 

,,ქართული ფუტკარი უნიკალურია, მსოფლიოში აღიარებული და მისი დაცვა და გამრავლება აუცილებელი საქმეა. სწორედ ამიტომ არის მუხურის ბაზა განსაკუთრებული მნიშვნელობის. მეფუტკრეობას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად  შევუწყოთ ხელი ყველა იმ დარგის განვითარებას, რომელსაც რეალური პოტენციალი აქვს და ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია. 

შეხვედრა გვქონდა ასევე მოცვის მწარმოებლებთან და მეთხილე ფერმერებთან. საქართველოში თხილი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტის მქონე სასოფლო-სამეურნეო კულტურაა. საქართველო თხილის ექსპორტიორი ქვეყნების მსოფლიო შვიდეულში შედის.

მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი არის წინაპირობა, რომ ჩვენს ფერმერებს ჰქონდეთ გაზრდილი შემოსავალი. სახელმწიფო არაერთი პროგრამით, ფაქტობრივად ყველა მიმართულებით უდგას მხარში მათ, ეს ეხება ბაღების გაშენებაში ხელშეწყობას, მოსავლის შესაბამისი პირობებით დაბინავებას, დაავადებებთან ბრძოლას, მათ შორის ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბურ ღონისძიებებს.

ამ ეტაპზე, თხილის სექტორში გამოწვევაა ბაღების ხმობა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად მუშაობს მიზეზის იდენტიფიცირების საკითხზე, რომ ფერმერებს შესაბამისი რეკომენდაციებით დავეხმაროთ", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. 

მინისტრის ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების პროცესში ჩართულია 250 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა. 

რაც შეეხება მოცვს, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ იგი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო გახდა, აქტიურად გადის ექსპორტზე და სულ უფრო მეტად მოთხოვნადია. 

,,მოცვის წარმოების მზარდი  მასშტაბები სახელმწიფო პროგრამებით მიღებული მხარდაჭერის შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ წელს საგაზაფხულო ყინვამ მოსავლის ნაწილი დააზიანა, გაზრდილი წარმოების ფონზე, ექსპორტის მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 36%-ით მეტია. ექსპორტირებული მოცვის ღირებულებამ 40.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა გრძელდება აგრარული დარგის განვითარების, ჩვენი ფერმერების და მეწარმეების კეთილდღეობის ზრდის და, შედეგად, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის მიერ მონახულებული ფერმერული მეურნეობები სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოეწყვნენ და განვითარდნენ. კერძოდ, შპს „ჯენტრი ინვესტმენტის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი 350 000 ლარია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 4 მლნ ლარს აღემატება. მიმდინარე წელს საწარმო დაახლოებით  350 ტონა მოცვს გადაამუშავებს. 

მუხურის ბაზა 2017 წლიდან მუშაობს და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ასევე  ქართული მთის რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის დაცვა-გამრავლების თვალსაზრისით.

რაც შეეხება თხილის წარმოებას, ფერმერი გიორგი ზაქარაია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია.  მან თხილის ბაღის გაშენებისა და სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესყიდვის მიზნობრიობით "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამით ისარგებლა.

დავით სონღულაშვილის რეგიონებში ვიზიტები რეგულარულ ხასიათს მიიღებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აგრარულ სექტორში არსებულ საკითხებს ადგილზე გაეცნობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×