თამთა ჩაჩანიძე
16.07.2025

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას მოუწოდებს მის კოალიციისა და "გახარია საქართველოსთვის" მემორანდუმს შეუერთდნენ, რომელზეც 15 ივლისს მოეწერა ხელი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო ბრძოლასთან დაკავშირებით.

ხაზარაძეს მიაჩნია, რომ ბოიკოტი „ქართული ოცნების" ადგილობრივ დონეზე ჩაბეტონებას შეუწყობს ხელს, მისი თქმით, ყველაფერი პირადი უკან უნდა გადაიწიოს და ოპოზიციურმა ფლანგმა "ერთობლივ ბრძოლაზე იფიქროს".

ვინ შეუერთდება მემორანდუმს, ჯერჯერობით უცნობია, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ შეთანხმებასოპოზიციიდან სხვა ბარიერგადალახული აღარ შეუერთდება. რაც შეეხება 2024 წლის არჩვნებზე 5%-ის მიღმა დარჩენილებს, ანალიტიკოსების თქმით, შესაძლოა ეს იყოს "გირჩი".

პარტია „გახარია საქართველოსთვის" და „ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე სამშაბათს შეთანხმდნენ. პარტიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი „გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო-ძლიერი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს. როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, პარტიები „თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ბრძოლასა და საერთო პრინციპებზე თანხმდებიან".

ვინ შეიძლება შეუერთდეს მემორანდუმს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა მემორანდუმს იაგო ხვიჩიას "გირჩი შეუერთდეს და ასევე ე.წ. სატელიტი პარტიები.

"ყველა ემიჯნება, რვა პარტიამ უკვე გააკეთა განცხადება, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში და ისინი არ შეუერთდებიან, შესაძლოა იაგო ხვიჩიას "გირჩი" დათანხმდეს მემორანდუმს, დანარჩენი ბარიერგადაულახავიდან არ მგონია,რომ რომელიმე შეუერთდეს.

"ახლა შეიძლება გამოჩნდეს ორი-სამი სატელიტი პარტია, რომლებიც შეუერთდებან მემორანდუმს, მაგრამ მსხვილი პარტიები რა თქმა უნდა უარს იტყვიან. პრობლემა ისაა, რომ ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი საარჩევნო უბნებთან არ გამოცხადდება, არ გამოვრიცხავ დაბალი აქტივობა იყოს, ოპოზიციაც ამას გეგმავს, რომ დაბალი აქტივობის პირობებში, საერთოდ გამოჩნდეს, რომ ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას",- განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ (2024 წელს)ბარიერგადალახული ოპოზიციიდან დღეს არავინაა მოსალოდნელი, რომ მემორანდუმს შეუერთდეს და ბარიერგადაულახავიდან მხოლოდ იაგო ხვიჩიას "გირჩი".

"ადრეც ვვარაუდობდი და ახლაც ამ აზრზე ვარ, რომ მათ ანალოგიურ პოზიციას დაიკავებს იაგო ხვიჩიას "გირჩი". სხვებზე რა გითხრათ, ახლა სხვა ისეთი არავინ მეგულება, ვინც შეუერთდება",- განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ გვარამია-მელიას ერთობამ, ან "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაიფიქროს ბოიკოტი და მემორანდუმს შეუერთდნენ, საყვარელიძემ გვითხრა, რომ ამ მომენტისთვის მოსალოდნელი არაა, თუმცა გადაჭრით რამის თმა ძნელია, მით უმეტეს ქართულ პოლიტიკაში.

"კატეგორიულად ვერაფერს ვერ ვიტყვი, ზოგადად პოლიტიკაში და მით უმეტეს ქართულ პოლიტიკაში",- განაცხადა საყვარელიძემ.

საყვარელიძემ ხაზარაძის განცხადების იმ ნაწილზეც ისაუბრა, სადაც "ლელოს" ლიდერი ამბობს, რომ ბოიკოტი "ქართული ოცნების" ადგილობრივ დონეზე "ჩაბეტონებას შეუწყობს ხელს".

"სიტყვა "ჩაბეტონება" არ ვიცი რას ნიშნავს, თუ ამიხსნიან შეიძლება რამე ვთქვა, თუმცა ყოველ შემთხვევისთვის, თუ ქართულ პოლიტიკაში უფრო მყარი პოზიცია იგულისხმება, მაშინ რა თქმა უნდა, არჩევნებში რაც უფრო ნაკლები პოლიტიკური სუბიექტები ჩაერთვებიან უფრო მყარი იქნება "ოცნების" პოზიცია.

"დასავლეთი ნორმალურად ჩატარებულ არჩევნებზე იძახის გაყალბებულიაო, ახლაც რა თქმა უნდა, კრიტიკა მოსალოდნელია, რადგან იმათ ეს სჭირდებათ. იმათ სჭირდებათ საქართველოს რუსეთთან მიწებება, გუშინდელ გარჩევების დროს, მემგონი ავსტრიამ თქვა, რომ რა იყო, გინდათ რომ საქართველო რუსეთს ძალით შეტენოთო? ევროკავშირი რუსულ პოლიტიკას ატარებს",-განაცხადა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი, 4 ოქტომბერს ბოიკოტში მყოფი ოპოზიციისგან არაფერს არ ელოდება.

"არაფერს არ ველოდები, 4 ოქტომბრამდე ცხრა პარასკევი ექნებათ. რამდენი ხანია გვპირდებიან რაღაც დიდს, რაღაც განიერს, რაღაც ღრმას და რამე მოხდა? და რატომ უნდა ველოდო ახლა, რომ რაღაც სასწაული მოხდება 4 ოქტომბერს?" - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".

რას აცხადებს ხაზარაძე

"მივესალმები „ლელო-ძლიერი საქართველოსა" და გახარიას გუნდებს შორის ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებას - მნიშვნელოვანია, არ დავტოვოთ ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევნების გარეშე და ხელი არ შევუწყოთ იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ" უპრობლემოდ დაისაკუთროს ყველა ქალაქისა თუ რეგიონის ადგილობრივი წარმომადგენლობა",- აღნიშნულია პატიმრობაში მყოფი „ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის წერილში. როგორც ხაზარაზე აღნიშნავს, ბოიკოტი „ქართული ოცნების" ჩაბეტონებას შეუწყობს ხელს ადგილობრივ დონეზე.

„მივესალმები „ლელო-ძლიერი საქართველოსა" და გახარიას გუნდებს შორის ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებას.

"3 თვეში გარდამტეხი ბრძოლა გველოდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევნების გარეშე და ხელი არ შევუწყოთ იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ" უპრობლემოდ დაისაკუთროს ყველა ქალაქისა თუ რეგიონის ადგილობრივი წარმომადგენლობა, რადგან სწორედ ეს იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი საყრდენი და პლაცდარმი საბოლოო გამარჯვებისთვის.

"არ უნდა გამოვაცალოთ ქართველ ხალხს ხელიდან ბერკეტი. ბოიკოტი კი სწორედ „ქართული ოცნების" ანუ რუსული ძალის ჩაბეტონებას შეუწყობს ხელს ადგილობრივ დონეზე. არ შეიძლება ამის გაკეთება. ხალხს და განსაკუთრებით ოპოზიციურ ამომრჩეველს სჭირდება დაცვა ყველა დონეზე - ეს დამატებითი ბრძოლის ველია მიუხედავად უთანასწორო მდგომარეობისა.

"ჩვენი მიზანი უცვლელია - ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება! ამ სულისკვეთებით გაფორმდა ეს მემორანდუმი, რომლის მიზანიც ერთია - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და არცერთ ადგილას რუსული ძალა ბრძოლის გარეშე არ უნდა დავტოვოთ.

"ჩვენ, „ლელო-ძლიერი საქართველო", ყოველთვის ვიყავით ერთობის ინიციატორები. დღეს, როდესაც ქვეყანას რუსული პოლიტიკა სრულიად იპყრობს, ყველაფერი პირადი უკან უნდა გადავწიოთ და ვიფიქროთ ერთობლივ ბრძოლაზე. ეს მემორანდუმი სწორედ ამის დასტურია.

"მოვუწოდებ ყველას, შემოგვიერთდნენ ამ ბრძოლაში! ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის გამარჯვების - ერთად ბრძოლით ეს გარდაუვალია!"- წერს ხაზარაძე.

ბოიკოტის მომხრეების პოზიცია

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ "ლელომ" საკუთარ ამომრჩეველს იმედი გაუცრუა.

„როგორ გგონიათ, ირაკლი კუპრაძემ თვითინიციატივა გამოიჩინა და პოლიტიკურ ქორწინებას მოაწერა ხელი ბერდია სიჭინავასთან? რეალურად ეს არა გახარია-ხაზარაძეს შორის თანამშრომლობის პაქტი, არამედ ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ივანიშვილს შორის თანამშრომლობის პაქტია. რაც გახარიას ნაწილში სრულიად მოსალოდნელია, რადგან ის უბრუნდება თავის ბუნებრივ წიაღს. „ლელოს" შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ვინც ამ პარტიას საპარლამენტო არჩევნების დროს ნდობა გამოუცხადა, მათთვის ეს გადაწყვეტილება იმედგაცრუება იყო.

"რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ეს იმედგაცრუება აისახება, როდესაც ბიძინა ივანიშვილი 4 ოქტომბრის სპეცოპერაციისას შედეგს დაწერს, თუ ეს სპეცოპერაცია საერთოდ შედგა და მანამდე ივანიშვილის რეჟიმმა არ გააცნობიერა, რომ ამ ფარსის მოწყობის ნაცვლად უნდა შეასრულოს მოთოხნები, რომლებიც ქართველი ხალხისგან და ევროკავშირისგან დგას - უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, გაუქმდეს რუსული კანონები და შეიქმნას გარემო, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

"რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ წერილს, როგორც მახსოვს 26 ოქტომბრის არჩევნები, რომ რუსული სპეცოპერაცია იყო ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყველა ვთანხმდებოდით, მათ შორის „ლელოც" და მას შემდეგ რა შეიცვალა? შეიცვალა ის, რომ თავად მამუკა ხაზარაძე და ბევრი სხვა პოლიტიკური ლიდერი დღეს პოლიტპატიმარია, რომლებსაც მანამდე პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონიათ. გაუარესდა საარჩევნო გარემო, კონსოლიდირებული დიქტატურაა ქვეყანაში და როგორ შეიძლება 26 ოქტომბრის არჩევნები სპეცოპერაცია ყოფილიყო და 4 ოქტომბრის არჩევნებად წოდებული მოვლენა რუსული სპეცოპერაცია არ იყოს?" - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×