
ბრიტანეთის პოლიცია ამტკიცებს, რომ რუსეთი, ირანი და ჩინეთი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ უხილავი ომის ახალ ეტაპზე გადადიან, სადაც სიცოცხლისთვის საშიშ ოპერაციებს კრიმინალების და მოწყვლადი პირების მეშვეობით ახორციელებენ, ამის შესახებ ბრიტანეთის პოლიციის ორმა მაღალჩინოსანმა „როიტერზს" უთხრა.
კერძოდ საუბარია იმაზე, თითქოს ეს სამეული ბრიტანეთში სიცოცხლისთვის საშიში ოპერაციების მზარდ რაოდენობაზეა პასუხისმგებელნი - მათ შორის, გატაცებებსა და თავდასხმებზე. ამ ქვეყნების სპეცსამსახურები ხშირად იყენებენ კრიმინალებს, ზოგჯერ კი არასრულწლოვნებსაც, როგორც პროქსი შემსრულებლებს.
ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბოლო წლებში არაერთგზის გამოხატა შეშფოთება ამ სამი სახელმწიფოს მხრიდან მტრული მოქმედებების გამო, რაც მოიცავს არა მარტო ტრადიციულ ჯაშუშობასა და სახელმწიფო სტრუქტურების ხელყოფის მცდელობებს, ასევე დივერსიასა და მკვლელობებსაც.
მოსკოვი, პეკინი და თეირანი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და კატეგორიულად უარყოფენ.
სამშაბათს ბრიტანელმა ოფიცრებმა განაცხადეს, რომ 2017 წელს სერგეი სკრიპალის ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ, რომელსაც ლონდონი რუსეთს აბრალებს, დანაშაულის რაოდენობა ხუთჯერ გაიზარდა.
ლონდონის კონტრტერორისტული სამსახურის ხელმძღვანელის, დომინიკ მერფის თქმით, რუსეთის, ირანისა და ჩინეთის მხრიდან ოპერაციების მასშტაბი, სირთულე და სიხშირე ისეთი ტემპით იზრდება, რასაც არც თავად, არც საერთაშორისო პარტნიორები და ვერც დაზვერვის სააგენტოები არ ელოდნენ.
„დღეს უკვე აშკარად ვხედავთ, რომ ეს სამი სახელმწიფო ახორციელებს სიცოცხლისთვის საშიშ ოპერაციებს გაერთიანებულ სამეფოში," - განაცხადა მერფიმ.
ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიციის ეროვნული კოორდინატორის, ვიკი ევანსის განცხადებით კი უმეტეს შემთხვევაში ოპერაციები ხორციელდება კრიმინალების მეშვეობით, რომლებიც ხშირად დავალებებს მცირე თანხის სანაცვლოდ ასრულებენ.
მათ ხშირად ანაცვლებენ მოწყვლადი ადამიანები ან სისტემისგან გაუცხოებული ახალგაზრდები, მათ შორის არასრულწლოვნებიც. პოლიციამ უკვე დააკავა რამდენიმე თინეიჯერი, ზოგი მათგანის საქმე კი გამოძიების პროცესშია.
„გვაშფოთებს, რომ ისინი შეიძლება ინტერნეტსივრცეში აღმოჩნდნენ ისეთ გარემოში, სადაც მათ ასაქმებენ ან პროვოცირებას უკეთებენ კონკრეტული ქმედებებისკენ, რომელთა შინაარსი თავადაც ბოლომდე არ ესმით," - ამბობს ევანსი. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ ბავშვების შემთხვევაში იდეოლოგიური მოტივაცია იშვიათად ფიქსირდება.
ივლისის დასაწყისში სამი მამაკაცი ლონდონში უკრაინასთან დაკავშირებულ ბიზნესებზე ჩადენილი თავდასხმისთვის დაადანაშაულეს, რაც, პოლიციის ცნობით, რუსეთის დაქირავებული სამხედრო ჯგუფ „ვაგნერის" დაკვეთით განხორციელდა. ჯგუფის ლიდერმა მანამდე აღიარა, რომ გეგმავდა კრემლის კრიტიკოსის გატაცებას.
2022 წლიდან მოყოლებული, ბრიტანეთის შიდა დაზვერვის სამსახურის (მი5) მონაცემებით, ირანის მხარდაჭერით განხორციელდა 20-ზე მეტი მცდელობა - გატაცებისა და მკვლელობისა იმ პირების მიმართ, რომელთაც თეირანი საფრთხედ მიიჩნევს.
დასასრულს, მერფიმ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ეს სამი სახელმწიფო აგრძელებს ძალადობრივი ქმედებების მცდელობებს ბრიტანეთის ტერიტორიაზე - ხშირ შემთხვევაში, კრიმინალურ ჯგუფებზე დაყრდნობით.
რუსეთის ოფიციალური კომენტარი ბრალდებებზე ასეთია:
„ბრალდებები რუსეთის მიმართ, თითქოს მონაწილეობს საზღვარგარეთ სიცოცხლისთვის საშიში ოპერაციებში ბრიტანეთში, არის ცილისწამება და პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის დისკრედიტაციას. რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებებს და ხაზს უსვამს, რომ ისინი დაფუძნებულია უნდობლობაზე და არასანდო ინფორმაციაზე," -ეს ინფრომაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა
ჩინეთის საელჩომაც ბრიტანეთში აღნიშნული ბრალდება კატეგორიულად უარყო:
„ჩინეთი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, რომ ეწევა მტრულ ოპერაციებს გაერთიანებულ სამეფოში. მსგავსი ბრალდებები არის სიცრუე და მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომლებიც ხელს უწყობს სიტუაციის ესკალაციას და აძლიერებს ურთიერთწინააღმდეგობებს. ჩვენ მოვუწოდებთ ბრიტანეთს, შეწყვიტოს უსაფუძვლო ბრალდებები და იმუშაოს ურთიერთნდობისა და თანამშრომლობისთვის."-ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.