
19 ივლისს აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა კრიტიკული განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ „ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის". მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის ამ განცხადებით „ჩავარდნილი აქციისთვის" სულის შთაბერვას ცდილობდნენ.
აქციამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნებულ ევროპარლამენტის განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ აღიარებს.
„ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას. პარლამენტი საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია," - ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.
საეჭვო დამთხვევა თუ სტრატეგიის ნაწილი
ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის განცხადება და 19 ივლისის აქცია საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს. მისივე თქმით, ეს განცხადებაც სხვა რეზოლუციების მსგავსად „ძალიან სასაცილოა":
„ბოლო პერიოდში საეჭვოდ კი არა, ცხადად იგრძნობა საგარეო ფლანგისა და მედიის მხარდაჭერა, როცა ოპოზიცია გეგმავს ე.წ. გრანდიოზულ საპროტესტო აქციას თბილისში. ზუსტად ასე მოხდა 19 ივლისის აქციის შემთხვევაშიც, როდესაც ევროპარლამენტმა - რომელიც წესით სამუშაო არდადეგებზე იმყოფება - მოიცალა პრესსამსახურმა და გაავრცელა რადიკალების მხარდამჭერი განცხადება.
თუმცა ეს განცხადება, ისევე როგორც წინა სხვა რეზოლუციები, ძალიან სასაცილო და არასერიოზულია - გამომდინარე იქიდან, რომ შავით თეთრზე წერია: 2024 წლის 27 ოქტომბრის ეუთო/ოდირის დასკვნაში აღნიშნულია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და კარგად ორგანიზებული და რომ საქართველოს ჰყავს „ქართული ოცნების" ახალი მთავრობა. ეს რას ნიშნავს? - ეუთო/ოდირის დასკვნა არაფერს ნიშნავს ევროპარლამენტარებისთვის? ახლა გაახსენდათ, არჩევნებიდან და დასკვნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, რომ არ ცნობენ საქართველოს მთავრობას?" - განაცხადა გია აბაშიძემ.
გია აბაშიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 19 ივლისის აქცია ოპოზიციისთვის მორიგი ფიასკო იქნება და აცხადებს, რომ როგორც არ უნდა ეცადონ, შედეგი მაინც ნულოვანია: „რაც შეეხება 19 ივლისის აქციას - ეს ისეთივე უღიმღამო აქცია იქნება, როგორიც მანამდე დაორგანიზებული ე.წ. მასშტაბური აქციები, იქნებოდა ეს ზურაბიშვილის თუ სხვა ევროპელი აქტორების მონაწილეობით. შედეგიც იქნება იგივე - ნულოვანი. გამომდინარე იქიდან, რომ შეუძლებელია, ერთდროულად დაუპირისპირდე როგორც საქართველოს საზოგადოებას, ისე საკუთარ ამომრჩევლებს. როცა ღალატობ ელექტორატის ინტერესებს, მაშინ არ გაქვს არც ქუჩაში მხარდაჭერა და მით უმეტეს - არც საარჩევნო უბანზე. ტყუილად წვალობენ, ტყუილად აწვალებენ აქტივისტებს," - დასძინა აბაშიძემ.
ოპოზიციის პოზიცია და „ოცნების" პასუხი
უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების"თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ევროპარლამენტის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„შარშან გვეუბნებოდნენ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ. „ირკვევა", თურმე „ავტორიტარული მმართველობის" ბრალი ყოფილა და სასწრაფოდ კურსი უნდა შევცვალოთ. ახლა ყველაფერი გასაგებია. რა არის ამისთვის საჭირო?
...მხოლოდ ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი, როგორც ჩანს, არ ჭრის, დამატებითი ზომებია საჭირო ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც საკუთარ თავზე უარი არასდროს უთქვამს - ყველას მოუწევს ამასთან შეგუება", - დაწერა მამუკა მდინარაძემ.
უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,რომ ევროპარლამენტის განცახდება, სწორედ ჩავარდნილი აქციის გამოცოცხლებას ემსახურება: „რამდენიმე ასეული ქალი და ბავშვი რომ კვდება დაბომბვის შედეგად, ევროპარლამენტი იმაზე არ აკეთებს-ხოლმე განცხადებას. მით უმეტეს, შაბათ-კვირას... რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა. სცენარიც ნაცნობია და შედეგიც - კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა",- წერს იონათამიშვილი.
პარტია „ახალის" დამფუძნებელმა, რომელიც ახლა ციხეშია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ხალხს მის ნაცვლად აქციაზე წასვლიკენ მოუწოდებდა.
"19 ივლისს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით უნივერსიტეტთან და მივდივართ მსვლელობით რუსთაველისკენ. უნდა ვიყოთ ბევრნი და დავანახოთ თავების მთვლელ რეჟიმს გაუტეხლობა და სიმამაცე! დავანახოთ, რომ სამშობლოს გადარჩენის გადაწყვეტილებას ვერაფერი შეარყევს! დავანახოთ, რომ არ დავუთმობთ ჩვენს ისტორიულ ოჯახს - ევროპას! დავანახოთ, რომ მომავალი ჩვენია! მე ვერ მოვდივარ, ჩემს ნაცვლად წადი შენ! ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ! ოლიგარქია უნდა დაემხოს!",- ნათქვამია გვარამიას წერილში.