მარიამ ვეკუა
19.07.2025

„300-ზე მეტი დრონი და 30 რაკეტა" - 18 ივლისს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით მორიგი მასშტაბური შეტევა განახორციელა. დაღუპულია ერთი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.ზელენსკიმ ხაზგასმით განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ინტენსიური შეტევის ფონზე, უკრაინის მოქალაქეების გადარჩენა იარაღის ერთობლივი წარმოების დაწყებაზე გადის. სად განთავსდება საწარმოები და დაიწყება თუ არა ერთობლივი წარმოება - ეს კითხვები დღესაც საკვანძოდ რჩება.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ წარმოება შეიძლება უკრაინასა და ნატოს წევრ სახელმწიფოებში წარიმართოს.

„წარმოების პროცესი შეიძლება წარიმართოს უკრაინის ტერიტორიაზე ან ნატოს წევრ სახელმწიფოში - პოლონეთში, რუმინეთში. პრინციპში, რუსებმა უკვე განახორციელეს ერთობლივ პოლონურ-უკრაინულ საწარმოზე თავდასხმა ლვოვში: მათ მოახდინეს შეტევა - იქ იქმნებოდა უკრაინული დრონების ნაწილი. დაემუქრნენ, რომ შეუძლიათ მარტივად განახორციელონ შეტევა.

დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ შეუტიონ ასეთივე ტიპის საწარმოს გერმანიაშიც, არა მარტო პოლონეთში. ასე რომ, ასეთი საწარმოები შეიძლება ბევრ სახელმწიფოში შეიქმნას - ამერიკელებთან, ნატოს წევრ სახელმწიფოებთან, შეიარაღების წარმოებისთვის."

 

წარმოების უსაფრთხოება

 

კითხვაზე - შეიძლება თუ არა წარმოების პროცესში უშუალოდ ამერიკელები ჩაერთონ - ვახტანგ მაისაია გვპასუხობს, რომ გამორიცხული არაფერია, ხაზგასმით ამბობს, რომ იარაღის ერთობლივი წარმოება მარტივ პროცესებთან არ არის დაკავშირებული, მისივე თქმით, თუ წარმოება ახლა დაიწყება, მის შედეგეებს უკრიანა მაქსიუმ ნახევარ წელიწადში მოიმკის.

„დიახ, შესაძლებელია, თვითონ ამერიკის შეერთებული შტატებიც ჩაერთოს ამ პროცესში, წარმოების პროცესში.

მიუხედავად ყველაფრის, ერთობლივი წარმოება მარტივი პროცესი არ არის. ახლა რომ დაიწყონ, შედგება რამდენიმე თვიდან ნახევარ წელიწადში. რა თქმა უნდა, უკრაინას თვითონაც გააჩნია საკმაოდ ეფექტური სამხედრო კომპლექსები - ისინი კარგ შეიარაღებას უშვებენ. ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსების გამოშვებაც დაიწყეს უკრაინელებმა - დიდ ეფექტურობას აჩვენებენ ბრძოლის ველზე. რა თქმა უნდა, თუ ასეთი საწარმოები დიდი რაოდენობით შეიქმნება, ამას ექნება გავლენა.

აღსანიშნავია ის, რომ რუსები დღითიდღე უფრო ინტენსიურად აწარმოებენ დამრტყმელ დრონებს. თუ აქამდე იყო 200-300 დრონი, დღეს უკვე 500 დრონით ხდება შეტევა - და ეს გაიზრდება 1000-მდეც. ასე რომ, რუსები ზრდიან სამხედრო შეიარაღებას - იყენებენ ჩრდილო კორეულ, ირანულ, ბელარუსის სამხედრო პოტენციალს."-განაცხადა მაისაიამ.

კითხვაზე, როგორი იქნება კრემლის პასუხი თუ გეგმა შედგება და ერთობლივი წარმოება დაიწყება, ვახტან მაისაია ამბობს, რომ კრემლის მუქარა ისევ ძალაშია, არ გამორიცხავს რომ დივერსიული ჯგუფების დახმარებით იმავე ისტორია განმეორდეს, რაც ჩეხეთში, როცა ჩეხური საწარმო, რომელიც იარაღს უკრაიანაში აგზავნიდა, მოულოდნელად აფეთქდა.

„რაც შეეხება კრემლის პასუხს - რუსები უკვე დაემუქრნენ - შეიძლება ეს ობიექტები გაანადგურონ სამხედრო დივერსიული ჯგუფების მეშვეობით. სწორედ ასე მოხდა ჩეხეთში: უკრაინისთვის გამზადებული შეიარაღების ქარხანა, საიდანაც შეიარაღება უკრაინაში მიდიოდა, აფეთქდა. მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა პოლონეთსა და რუმინეთშიც."

მაისაია საუბრობს, რუსეთის მარიონეტული ომის სტრატეგიაზეც, ხაზგასმით ამბობს, რომ რუსეთმა მასში საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა გააღვიძა.

„ამ ყველაფრის ფონზე კი, რუსეთს შეუძლია ამ შემთხვევაშიც მარიონეტული ომის სტრატეგიის გამოყენებით განახორციელოს სამხედრო საწარმოების განადგურება. ისინი იყენებენ ამ პროცესებში ადგილობრივ რენეგატებს, რომლებიც, ასე ვთქვათ, რუსული სენტიმენტებით არიან გამსჭვალული. აგზავნიან დივერსიულ ჯგუფებსაც. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთმა გააღვიძა საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა - რადგან სსრკ-ს ჰყავდა მსგავსი ტიპის ჯგუფები, რომლებიც დასავლეთის სახელმწიფოებში გარკვეული დროის შემდეგ მოქმედებდნენ - ასევეა რუსეთშიც."

 

რას ამბობს ზელენსკი

 

„ღამით, ჩვენმა მეომრებმა კიდევ ერთი რუსული თავდასხმა მოიგერიეს. სამიზნეების განადგურება კვლავ გრძელდება - დრონები ჰაერში რჩება", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ , რუსების თავდასხმის შედეგად ოდესაში ექვსი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა, ზელენსკი ხაზგასმით ამბობს, რომ იარაღის ერთობლივი წარმოება მეტი სიცოცხლის გადარჩენას შესაძლებელს გახდის,

„იარაღის ერთობლივი წარმოება, უკრაინაში დრონების წარმოებაში ინვესტიციების ჩადება, საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და რაკეტებით უზრუნველყოფა და მათი უკრაინაში წარმოების შესაძლებლობა - ეს ყველაფერი სიცოცხლის გადარჩენას შესაძლებელს ხდის და ახლა უკრაინას სჭირდება", - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რუსებმა ოდესას დრონების გამოყენებით დაარტყეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის მერზე, გენადი ტრუხანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსების იერიშის შედეგად ხანძარი მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ტრუხანოვის ცნობით, რუსულმა ძალებმა ქალაქ ოდესაზე თავდასხმა 20-ზე მეტი დრონის გამოყენებით განახორციელეს, რის შედეგადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

ოდესის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×