თამთა ჩაჩანიძე
19.07.2025

ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია საკუთარ ელექტორატს მოუწოდებს არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რადგან ამ პროცესში ჩართვით, რეალურ პოლიტიკურ შედეგს ვერ ხედავს. ამასთან, მათი მხრიდან 4 ოქტომბრის არჩევნებზე დაბალი აქტივობის მოლოდინია.

აღსანიშნავია, რომ სრული პოლიტიკური სპექტრის ჩართულობით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ცესკო-ს მონაცემებით, თითქმის 59%-იანი აქტოვობა იყო.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მიუხედავად ბოიკოტისა, 4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე აქტივობა იმ დონის არ იქნება, რაც მთლიანი პოლიტიკური სპექტრის ჩართვის დროს იქნებოდა, თუმცა არც დაბალი არ იქნება, მისი თქმით, მოწოდება "არ წახვიდეთ არჩევნებზე", მხოლოდ "ნაციონალებთან" დაახლოებულ ბირთვს შეეხება".

"არ წახვიდეთ არჩევნებზეო, ამას შეიძლება ყური დაეგდო იმ ელეტქორატს, რომელიც წინა არჩევნების დროს ოპოზიციას მისცა ხმა და ახლა ეგ ელექტორატი სრული არ იქნება, რადგან აგერ ორი პარტია სხვა პოლიტიკურ მიმართულებას ირჩევს. ამიტომ მე მაინც მგონია, რომ უფრო "ნაციონალებთან" მიახლოებულ ბირთვს შეეხება ეგ ნათქვამი, იმათზე იმოქმედებს და არა მთლიან ოპოზიციურ ამომრჩეველზე.

"ამის გამო, "ლელოს" და "გახარია საქართველოსთვის" არსებითად ხმები არ დააკლდება. "ლელოს" შეიძლება ცოტა დააკლდეს, მაგრამ გახარიას არა. რაც შეეხება აქტივობას, მეეჭვება ამის ფონზე რომ დაბალი იყოს".

"ოპოზიცია თავისი ბოიკოტით სამი პარტიის წისქვილზე ასხამს წყალს - "ოცნების" და გახარია-ხაზარაძის, რადგან არჩევნების მომხრეებს პოლიტიკური ბრძოლა აქვთ არჩეული და არა რევოლუციური. ამომრჩეველი ადგება და გახარია-ხაზარაძის პარტიებს მისცემს ხმას და მემგონი უფრო მეტი იქნება, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ბოიკოტის გარეშე მთლიანად მიიღებდა მონაწილეობას.

"ბოიკოტი ამ შემთხვევაში უცხოეთის დასანახადაა გამიზნული, უილსონი რომ ავიღოთ, როგორც კრებითი ფიგურა, იმის რიტორიკაშია - ისეთი ხარისხისაა არჩევნები, რომ მონაწილოებასაც არ აპირებენო და ა.შ. თუ დასავლეთს ჩაფიქრებული აქვს ამ ტიპის მანევრები და ოპოზიციაც ამისთვის იბრძვის, მაშინ ეს არის ბრძოლა არა ხელისუფლებისთვის, არამედ უცხოელებისთვის",-განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, საბოლოო ჯამში, როგორც ახლა გაიყო ორად ბარიერგადალახული ოპოზიცია, ისე თუ გაიყოფა არჩევნებზე ოპოზიციური ელექტორატი, საყვარელიძემ გვითხრა:

"მემგონი არჩევნებში მონაწილეების მომხრეების წინა უფრო გადაწონის, რადგან რაღაც ეგზალტაცია შეიძლება იყოს ერთი კვირა, ერთი თვე, მაგრამ რაც დრო გავა, ამის ხარისხი განელდება და დაფიქრდებიან, რომ ამ პოლიტიკური პარტიებისგან რა შეიძლება იყოს ამომრჩევლისთვის სახეირო, მათი ბოიკოტი ამომრჩეველს არანაირ ხეირს არ აძლევს და თუკი დაფიქრდებიან, ალბათ ჩათვლიან, რომ სჯობს არ იყვნენ ბოიკოტში, ვიდრე გაბუტობანა ითამაშონ",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის ბოიკოტი არაფრისმომტანია. მისი თქმით, არც დაბალ აქტივობას ელოდება და არც "ლელოსა" და "გახარია საქართველოსთვის" დაბალ მხარდაჭერას.

"ვინც ბოიკოტზე ლაპარაკბს, ის აბსოლუტურ სიბრიყვეს საუბრობს, სიბრიყვესთან ერთად, ისინი სახელმწიფოს ღალატობენ. ხელისუფლებაში მოსვლის ორი გზაა - არჩევნები და შეიარაღებული აჯანყება. ისინი აშკარად შეიარაღებულ აჯანყებაზე ლაპარაკობენ, მათი ლიდერები დამხობაზე და გადატრიალება-გადმოტრიალებაზე კიდევაც ლაპარაკობენ.

"დღეს ქართველი ხალხი მამულის, ენის და სარწმუნებისთვის ბრძოლაშია ჩართული, ეს იგივე ბრძოლაა, რომესაც ჩვენი წინაპრები აწარმოებდნენ დიდგორისა და კრწანისის ომში. არჩევნებში აქტივობა ძალიან მაღალი იქნება, "ლელო" და გახარიას პარტია კი ხმებს არცერთ შემთხვევისთვის არ დაკარგავს",-განაცხადა გვენეტაძემ.

რას აცხადებენ ოპოზიციაში

"გახარია საქართველოსთვის" წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია ერთ ან მეორე მხარეს უნდა გადაიხაროს, რადგან "ყველაზე დიდი საჩუქარი ივანიშვილისთვის, ფრაგმენტაციაა", მისი თქმით, "4 ოქტომბრის ღამეს „ქართული ოცნება" იზეიმებს, პროტესტი კი დემორალიზებული და ხასიათ გატეხილი იქნება".

„დრამატულ სურათს ვხედავ. დრამატიზმი არის იმაში, რომ ახალი სტატუს-კვო იქნება აღიარებული. გაყალბებით თუ მის გარეშე, 4 ოქტომბრის ღამეს იქნება დროშების ფრიალი, „ქართული ოცნების" ზეიმი, რომ დავამარცხეთ ვიღაც. წინააღმდეგობის საშუალება არ იქნება, რადგან ოპოზოცია იქნება ფრაგმენტული და 5 ოქტომბერს იქნება დემორალიზებული და ხასიათ გატეხილი პროტესტი.

ოპოზიციური პარტიები ისევ არსად [იქნებიან] და „ქართული ოცნება" სტატუს-კვოს შეინარჩუნებს", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა "პალიტრანიუსთან".

პალიტრანიუსთანვე" ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს, რომ ხაზარაძე-გახარია ვერ იქნება მათი თანამებრძოლი.

„უნდა შევთანხმდეთ, რომ მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ვერ იქნებიან თანამებრძოლები. მათ არ აქვთ შნო იმისი, რომ იბრძოლონ და ამ ადამიანების იმედი ბრძოლაში არ უნდა გვქონდეს. კარგად იყვნენ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს თავისუფლებისთვის და ამ ხალხისთვისაც, ისინიც უნდა გამოვიყვანოთ ციხიდან. მაგრამ, მათთან დამოკიდებულება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი - ისინი არ არიან ჩვენი თანამებრძოლები.

შიშმა და რაღაცის მიმართ სხვანაირმა დამოკიდებულებამ ისინი გახადა ივანიშვილის თანამებრძოლებად და ჩვენ მათი იმედი არ უნდა გვქონდეს. უნდა შევეგუოთ იმას, რომ ისინი ჩვენი თანამებრძოლები არ არიან. მოცემულობამ მაინც არასწორი ნაბიჯი გადაადგმევინა მათ. დავივიწყოთ, რომ ასეთი თანამებრძოლები გვყავდნენ",- განაცხადა ფოფხაძემ.

ფოფხაძე აცხადებს, რომ მოქმედ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მიუღებელია და ერთადერთი გამოსავალი სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობაშია. როგორც მან აღნიშნა, არჩევნების გაყალბების შემდეგ ოპოზიციამ ართანამშრომლობის პრინციპი აირჩია და დღემდე ამ გზას მიჰყვება.

„არჩევნების გაყალბების მომენტიდან ჩვენ ყველაფერს მივუდექით ართანამშრომლობის პრინციპით და დღემდე ვიცავთ ამ თანმიმდევრულობას. ამ ვითარებაში თანამშრომლობა ნიშნავს რაღაც ცუდს, რადგან თანამშრომლობა ნიშნავს თანამონაწილეობას, შესაბამისად კოლაბორაციონისტულ რეჟიმთან თანამშრომლობა ცუდ საქციელად მიგვაჩნია, უკანონო რეჟიმთან თანამშრომლობად, ამიტომ გამოსავალს ვხედავთ სახალხო პროტესტში.

„რვავე პარტიამ ერთმანეთში უნდა მოილაპარაკოს ძალიან ბევრ საკითხზე. საუბარი იმაზე, რომ დღეიდან 4 ოქტომბრამდე გაწერილი გეგმა უნდა არსებობდეს, ისტორია ამის შესაძლებლობას არ მოგვცემს, რადგან ბევრი რამ იცვლება. 4 ოქტომბერი არ არის დღე, რომელზეც ორიენტაცია მაქვს აღებული. არჩევნები ყველა შემთხვევაში ჩვენ მიღმაა. ეს არჩევნები არაფერს ნიშნავს", - განაცხადა ფოფხაძემ.

ამასთან, ფოფხაძემ ისაუბრა ბადრი ჯაფარიძის წერილზე, სადაც ის აცხადებს, რომ „სატუსაღოში იმისთვის არიან, რომ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება არ მიეღოთ". ფოფხაძის თქმით, ბადრი ჯაფარიძე „ტყუილს ამბობს", რადგან დააკავეს როგორც ისინი, ვინც წინააღმდეგი იყვნენ არჩევნებში მონაწილეობის, ასევე ისინიც, ვინც თანამშრომლობას დათანხმდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×