
ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების პროცედურაზე, ევროკავშირის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, "ქართული ოცნება" ქართველი ხალხის შანტაჟად აფასებს. მოთხოვნები უკვე გაწერილია - 8 ახალ რეკომენდაციას შორის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, ასევე გამჭვირვალობის კანონების გაუქმებაც წერია. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის მოთხოვნები, უვიზოდ მიმოსვლის საკითხს არ უკავშირდება და დაინტერესებული ძალები ამ თემით სპეკულირებენ.
განახლებულ ინფორმაციას საქართველოდან ევროკავშირი აგვისტოს ბოლომდე ელოდება. ამის შესახებ განცხადება ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა.
ევროკავშირის პოზიცია არ უკვირთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ბურთი ახლა "ქართული ოცნების მოედანზეა" და მმართველმა გუნდმა, ბრიუსელის დავალება უნდა შეასრულოს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები ხელისუფლების წარმომადგენლების შემდეგ, შანტაჟის ენით ახლა უკვე ქართველ ხალხსაც ესაუბრებიან. მათ მიერ დასახელებული პირობები კი ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებით დადგენილ სტანდარტებს, აცდენილია.
ევროკავშირის ელჩის განცხადებაში, პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით გაკეთებულ აქცენტს, დღეს სოციალური ქსელით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ პაველ ჰერჩინსკი მოლოტოვის კოქტეილისა და პიროტექნიკის დამმიზნებელებს ამართლებს და მეტიც, მათ უსამართლოდ დაკავებულებს უწოდებს. პირველი კანონმდებელი აცხადებს, რომ არ არსებობს ჰერჩინსკის განცხადება, სადაც მან ქუჩის ძალადობა დაგმო.
ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელში, გუშინ გაავრცელა.