
19 ივლისს ერი-რიადში გარდაიცვალა პრინცი ალ-ვალიდ ბინ ხალიდ ბინ ტალალ ალ საუდი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი იყო როგორც „მძინარე პრინცი“. ამ ამბის შესახებ საზოგადოებას მისმა მამამ, პრინცმა ხალიდ ბინ ტალალ ალ საუდმა, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის ცნობილმა წარმომადგენელმა და მილიარდერ პრინც ალ-ვალიდ ბინ ტალალის ძმიშვილმა ამცნო.
პრინცი 20 წლის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც 2005 წელს, როდესაც მხოლოდ 15 წლის იყო, მძიმე ავტოკატასტროფაში მოყვა. ის ლონდონის სამხედრო კოლეჯში სწავლობდა, როდესაც ავარიაში მოყვა, რამაც თავის ტვინის სერიოზული დაზიანება და შინაგანი სისხლდენა გამოიწვია.
მთელი ამ დროის განმავლობაში ალ-ვალიდი ვეგეტატიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა მეფე აბდულაზიზის სახელობის სამედიცინო ცენტრში. მისი მამა, პრინცი ხალიდ ბინ ტალალი, კატეგორიულ უარზე იყო, შვილის სიცოცხლის მხარდამჭერი აპარატების გაეთიშათ და ეჭიდებოდა ყოველ მცირედ ნიშანს მოძრაობისა ან რეაქციისა.
მამას სწამდა, რომ სიცოცხლესა და სიკვდილზე მხოლოდ ალლაჰს აქვს უფლება გადაწყვეტილების მიღების, და უკანასკნელ წუთამდე სჯეროდა სასწაულის. დრო და დრო პრინცის სხეულში შეინიშნებოდა უმნიშვნელო მოძრაობები - მაგალითად, თითების ან ქუთუთოების, რაც მხოლოდ ამაგრებდა ოჯახის იმედს, რომ ის გამოიღვიძებდა.
წლების განმავლობაში მამა გულდასმით ამკობდა შვილის პალატას ყველა ისლამური დღესასწაულის დროს - რამადანიდან იდ ალ-ფიტრამდე. ის ამაგრებდა გირლანდებს, კიდებდა სიმბოლურ დეკორაციებს და მიჰქონდა საჩუქრები, თითქოს შვილი სრულად შეგნებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ეს ჟესტები უსაზღვრო მამობრივი სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოდ იქცა, რომელმაც მსოფლიოს მილიონობით ადამიანი აღაფრთოვანა.