თამთა ჩაჩანიძე
21.07.2025

მმართველ პარტიაში კვლავ რევოლუციაზე საუბრობენ - "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ ევრობიუროკრატები უვიზო მიმოსვლის საკითხს "შანტაჟის მექანიზმად" გამოყენებას ცდილობენ, რათა ქვეყანაში ქაოსური ფონი შექმნან, რომ "დაძაბულობა რევოლუციამდე მივიდეს".

„ქართული ოცნება" ყველანაირად დემონსტრირებას ახდენს, რომ მას არც ვიზალიბერალიზაცია უნდა და საერთოდაც ევროპა აღარ უნდა. უნდა, რომ იზოლირებული იყოს რუსეთთან კარგ ურთიერთობაში, რომ იქ რაღაც მაფიოზურ დონეზე ჩააწყობ და პლუს ევროპა და დასავლეთი იმიტომ, რომ ივაჭრონ",- ამბობს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან".

„ლაპარაკობენ, რომ ხალხს მივეცითო ვიზალიბერალიზაციაო და ახლა ხალხს ართმევენ? ესე იგი ხელისუფლების შეცვლა უნდათ და აქედან გამომდინარე, თვიდან ბოლომდე შანტაჟია. ევრობიუროკრატები ამას საკუთარი ბინძური მიზნებისთვის იყენებენ. ბინძური მიზნები ისაა, რომ უპირველეს ყოვლისა, მათ საკუთარი თავის გადარჩენა სურთ, რადგან ისინი ძალიან მძიმე კორუფციულ სკანდალებში და ლგბტ პრობლემებში გახვეულები არიან",- აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე.

რა მოჰყვება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ ვიზალიბერალიზაცია შეგვიჩერდა, ამას კარგი არაფერი მოჰყვება პოლიტიკური, თუ ეკონომიკურ-სოციალური თვალსაზრისით. მისი თქმით, არალოგიკურია და სისულელეა იმის თქმა, რომ ესაა შანტაჟი, რითიც ევროკავშირს რევოლუციის მოწყობა სურს საქართველოში.

„თუ შეგვიჩერეს, ცხადია ამას კარგი არაფერი არ მოჰყვება. „ოცნების" განცხადებას რაც შეეხება, ეს ძალიან არასერიოზულია. ელემენტარულად სისულელეა და თუ დებილი ხარ დაიჯერებ და თუ ცოტა აზროვნებ და ლოგიკური დასკვნის უნარი გაქვს, იმის მიუხედავად ვისი მხარდამჭერი ხარ, მიხვდები, რომ ეს ასე არაა. რა სისულელეა, რევოლუციის მოწყობა და ა.შ.

„ცხრაასი კილომეტრიდან უვლიან, ვითომ ამით ხალხი რომ გამოიყვანონო, სად გინახავთ ევროკავშირს სადმე, რომელიმე ქვეყანაში რევოლუცია, ან გადატრიალება მოეწყო? ეგეთი პრეცედენტი არ არსებობს.

მართლა მთელი რესურსებით ეს რომ უნდოდეთ, რომ აქ სერიოზული რამ გამოიწვიონ, სრულიად სხვა დამოკიდებულება ექნებოდათ, რა გაფრთხილება...

რეალურად ხელისუფლებას რა მოთხოვნებიც აქვს წაყენებული, ეს არაფერი არაა. ვფიქრობ ეს ძალიან რბილი დამოკიდებულებაა, რადგან მას პრაქტიკულად ტექნიკური საკითხების გარდა, ორ კანონში ცვლილებების შეტანას და გაუქმებას სთხოვენ, რომელსაც ის ისედაც არ იყენებს.

„ერთია „გამჭვირვალობის კანონი", რუსულ კანონს რომ ვეძახდით და მეორე, „ოჯახური სიწმინდის", თუ რაღაც ღირებულებების შესახებ, სადაც ისეთი აკრძალვებია - სქესის შეცვლის აკრძალვა და რაღაცა ლიტერატურის ცენზურა.

მაგალითად, სქესის შეცვლის აკრძალვა არ არის ირანსა და ჩინეთში, ანუ ირანი და ჩინეთი რასაც უშვებს, ესენი იმას კრძალავენ. ამის მერე, იქ 25 კანონი აქვს მიღებული, რომელიც ძალიანაა ადამიანის უფლებების უხეშ შელახვაზე ორიენტირებული, იმათ გაუქმებას არ თხოვენ, მაგრამ საკმარისია პატარა რაღაც მოთხოვნები დააყენოს, რომ მეტ-ნაკლებად ფორმალურად მაინც შეესაბამებოდეს ღირებულებებს, რაც ევროკავშირშია, ამის მაგივრად, "ქართული ოცნების" მხრიდან მიდის ცილისწამება, ლანძღვა-გინება, სრული შეთქმულების თეორიის ბოდვები და მეტი არაფერი.

„ქართული ოცნება" ყველანაირად დემონსტრირებას ახდენს, რომ მას არც ვიზალიბერალიზაცია უნდა და საერთოდაც ევროპა აღარ უნდა. უნდა, რომ იზოლირებული იყოს რუსეთთან კარგ ურთიერთობაში, რომ იქ რაღაც მაფიოზურ დონეზე ჩააწყობ და პლუს ევროპა და დასავლეთი იმიტომ, რომ ივაჭრონ. კი არ უნდათ, რომ მთლიანად დაიკეტონ, უნდათ რომ სავაჭროდ, მაღაზიებში იქ წავიდნენ საყდლებზე",- განახადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, უვიზო მიმოსვლის შეჩერებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი სერიოზულად დაზარალდება.

„მოსახლეობის დიდი ნაწილი სერიზულად დაზარალდება, ეს იმდენად მდიდარ ფენას არ ეხება, საშუალო და საშუალოზე ნაკლებად ვინც ცხოვრობს, მათგან ზოგი სეზონურ სამუშაოზე დადის უცხოეთში, ბევრი სამკურნალოდ დადის, ბევრს ემიგრანტებთან ურთიერთობა აქვთ და ეს ძალიან მძიმედ აისახება. მე პირადად, მაინც ვფიქრობ, რომ შემოდგომით ჩვენ არ გაგვიჩერებენ ვიზალიბერალიზაციას, სავარაუდოდ ეს ამბავი უფრო წლის ბოლომდე გადაიდება, მაინც რაღაც დროს მოგვცემენ",- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ესაა ევროკავშირის მხრიდან სანტაჟი, თუმცა გვენეტაძე რევოლუციურ პროცესებს არ ელოდება, თუ ბლოკმა შეგვიჩერა უვიზო მიმოსვლა.

„შანტაჟია, აბა რა უნდა იყოს. ლაპარაკობენ, რომ ხალხს მივეცითო ვიზალიბერალიზაციაო და ახლა ხალხს ართმევენ? ესე იგი ხელისუფლების შეცვლა უნდათ და აქედან გამომდინარე, თვიდან ბოლომდე შანტაჟია. ევრობიუროკრატები ამას საკუთარი ბინძური მიზნებისთვის იყენებენ. ბინძური მიზნები ისაა, რომ უპირველეს ყოვლისა, მათ საკუთარი თავის გადარჩენა სურთ, რადგან ისინი ძალიან მძიმე კორუფციულ სკანდალებში და ლგბტ პრობლემებში გახვეულები არიან.

„(ვიზალიბერალიზაცია თუ გაგვიჩერეს,) არც არაფერი არ მოჰყვება, ვიზალიბერალიზაცია ქართულ სახელმწიფოს სამი ათასი წლის მანძილზე არ ჰქონია, მაგრამ ვარსებობთ. რევოლუციურ პროცესებს არ ველოდები, არცერთი შემთხვევისათვის",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

რას აცხადებენ „ოცნებაში"

ევრობიუროკრატები ცდილობენ ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის მექანიზმად გამოყენებით მეტი აჟიოტაჟი შემოიტანონ საზოგადოებაში, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ისინი ცდილობენ ქაოსური ფონი შექმნან, რათა რევოლუცია მოხდეს ქვეყანაში და „ქართული ოცნება" ჩამოაშორონ ხელისუფლებას.

„იქიდან გამომდინარე, რომ ომი კიდევ იწელება და არავის იმის პროგნოზი არ შეუძლია, თუ როდის შეიძლება დასრულდეს ეს ომი, მიუხედავად იმისა, რომ ბატონ ტრამპს ბევრი მცდელობა ჰქონდა ამის შესაჩერებლად, ჯერჯერობით ეს ყველაფერი არ გამოსდის, აქედან გამომდინარე ის ინტერესი, რა ინტერესიც საქართველოს მიმართ არსებობდა, ეს ინტერესი არსად გამქრალა და პირიქით.

„შესაბამისად, ევრობიუროკრატები ცდილობენ რომ, ამ შემთხვევაში უკვე ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის მექანიზმად გამოყენებით მეტი აჟიოტაჟი შემოიტანონ საზოგადოებაში. რაღაც ქაოსური ფონი შექმნან, რომ იქნებ დაძაბულობა იქამდე მივიდეს, რევოლუცია მოხდეს ჩვენს ქვეყანაში და „ქართული ოცნება" ჩამოაშორონ ხელისუფლებას, ვინაიდან, უკვე სამწელნახევარზე მეტი გავიდა და დარწმუნდნენ ევრობიუროკრატები, რომ „ქართულ ოცნებას" ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებენ", - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×