
ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციაში დაპირისპირება მძაფრდება. ერთ მხარეს დგანან „ლელო - ძლიერი საქართველო" და გიორგი გახარია, მეორე მხარეს კი - ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები. ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ოპოზიციის ახალი ტაქტიკა და გეგმა პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი პოლიტიკოსების დევნაა.
რა არის მთავარი წყალგამყოფი ოპოზიციაში და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ დაპირისპირებამ?
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე საუბრობს დაპირისპირების მიზეზებზე:
„დაპირისპირება მძაფრდება იმიტომ, რომ კატეგორიულად მიუღებელია ბოიკოტის მომხრეებისთვის არჩევნებში მონაწილეობა - ისინი თვლიან, რომ ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური, რადგანაც მას ატარებს არალეგიტიმური საარჩევნო კომისია და არალეგიტიმური ხელისუფლება. შესაბამისად, არჩევნებში არმონაწილეობით ცდილობენ არჩევნების დელეგიტიმაციას. მეორე ნაწილისთვის მიუღებელია ეს პოზიცია, რადგან თვლიან, რომ მათ დიდ ქალაქებში გამარჯვების შანსი აქვთ - იქ ოპოზიციის რეიტინგი უფრო მაღალია. ამიტომ სჯობს, რომ არჩევნების გზით დაამარცხონ „ქართული ოცნება"."
კითხვაზე - რა შედეგი შეიძლება მოიტანოს დაპირისპირებამ, ჩიტაძე პასუხობს:
„დახლეჩვას მოიტანს ასეთი დაპირისპირება ოპოზიციურ სპექტრში და „ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს. სამწუხარო რეალობა ასეთია."
ანალიტიკოსი გია აბაშიძისთვის ოპოზიციაში დაპირისპირება ძველ სცენარებთან არის დაკავშირებული:
„ქართული რადიკალური ოპოზიციური პარტიების ისტორიული მახასიათებელია ნეობოლშევიკური იდეოლოგია - რომ ვინც ჩვენთან ერთად არ არის, ის ჩვენი მტერია. გუშინ და გუშინწინ ხაზარაძის პარტიები ერთობლივ ოპოზიციურ პლატფორმაზე იყვნენ, ახლა კი ე.წ. დაუძინებელი მტრები გახდნენ. მაგრამ როგორც ბოიკოტის რეჟიმში მყოფ, ისე არჩევნებში მონაწილე პარტიებს ავიწყდებათ მისი უდიდებულესობა - საქართველოს ელექტორატი.
რა არის ქართული საზოგადოების სურვილები და პრობლემები? ჩვენ ოპოზიციაში ვერ ვხედავთ, რომ ისინი რეალურად დადიოდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში და ეცნობოდნენ ამ პრობლემებს. ერთადერთი, რასაც ვხედავთ, არის მედია-პროექტები, სატელევიზიო სურათები - იმის წარმოჩენით, თითქოს რაღაცას აკეთებენ, თითქოს პოპულარობის ზენიტში არიან. შემდეგ კი ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი იყო ბლეფი. ამიტომ სჯობს, დაკავდნენ იმ ხალხის პრობლემებით, რომლებმაც მათ მანდატები უბოძეს.
ამიტომ ერთმანეთთან კინკლაობა არ არის გასაკვირი და სჯობს, ჩამოყალიბდნენ, რა სურს საქართველოს მოსახლეობას."
კითხვაზე - რა შედეგი შეიძლება მოიტანოს დაპირისპირებამ, აბაშიძე ამბობს:
„პოლიტიკაში წარმატებით ვერ გააგრძელებენ. ეს სკოლის მოწაფისთვისაც გასაგებია. სიურპრიზული ფინალი ნამდვილად არ იქნება - ეს მახინჯი სცენარი აქამდეც გვინახავს."
შეუძლიათ ბოიკოტის მოწინააღმდეგე პარტიებს „ოცნების" ელექტორატის გადმობირება?
გახარიას პარტიაში აქტიურად აცხადებენ, რომ მათი მიზანი „ოცნების" მხარდამჭერების გადმობირებაა. ანალიტიკოსები ამ პროცესს სკეპტიკურად უყურებენ.
ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ გახარიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უკვე გადმოიბირა „ოცნების" მხარდამჭერების ნაწილი, ხოლო ვინც დარჩა - ის, ჩიტაძის თქმით, მაინც „ოცნების" ამომრჩევლად დარჩება:
„მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი ამ არჩევნებზე არ მივა და ხმას არ მისცემს. ისინი არ აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას - ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობისა" და „კოალიცია ცვლილებებისთვის" მხარდამჭერებს.
რაც შეეხება, შეძლებენ თუ არა არჩევნებში მონაწილე პარტიები „ოცნების" მხარდამჭერების გადმობირებას - პრინციპში, გახარიას პარტიამ მანამდე გადმოიბირა ის ამომრჩეველი, რომელიც „ნაცმოძრაობას" არ უჭერს მხარს.
ასე რომ, გახარიას ეს ელექტორატი უკვე ჰყავს. დანარჩენი ნაწილის გადმობირება კი დღევანდელი მოცემულობით ძალიან რთულია - ვინც დარჩა „ოცნების" მხარდამჭერად, ისინი არ გადავლენ გახარიასთან. ვინც უჭერდა მხარს გახარიას, ის უკვე მის ელექტორატშია - ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გადავიდნენ. ამიტომ ვინც დარჩა „ოცნების" მხარდამჭერად, ის მაინც დარჩება."
გია აბაშიძეც სკეპტიკურად უყურებს ამ პროცესს:
„ნებისმიერი ამომრჩევლის გადმობირება შესაძლებელია დემოკრატიულ ქვეყანაში იმ პოლიტიკური აქტორის მხრიდან, რომელსაც აქვს მიზნობრივი წინასაარჩევნო პროგრამა.
ძალიან მეეჭვება, რომ სადღეგრძელოებით ცნობილ გახარიას პარტიას, რომელიც მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება, ეს მაქსიმალისტური მიზანი შეასრულოს. ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ამ ამბავს."-განაცხადა აბაშიძემ.
ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ
„ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, რომლებიც თავისუფლებაში არიან, გადაწყვიტეს, რომ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტის პლან "ბ" პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი ლიდერების წინააღმდეგ ბრძოლა ყოფილა - ბოიკოტის მომხრე ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვიტეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად, ოპოზიციას ებრძოლონ! - ასე ეხმაურება პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
თავისუფლებაში მყოფმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა იმ პარტიების წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა, რომელთა ლიდერთა ნაწილი საპატიმროშია და რომელთა ლიდერების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრისას ბუჩუკურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ პარტიას "ქართული ოცნების" ამომრჩევლების გადმობირების უპირატესობა გააჩნია.
„როგორ გგონიათ, "ქართული ოცნების" მხრიდან მოქალაქეებზე სისტემური ძალადობის პირობებში, მათ ამომრჩევლებს ძვრა არ ჰქონია და მან ამომრჩეველი არ დაკარგა?! თუ ჩვენ "ოცნების" ამომრჩევლის ალტერნატივას არ შევთავაზებთ, ეს ამომრჩეველი სად წავა?! ანუ ვჩუქნით ივანიშვილს ამომრჩეველს?! - განაცხადა ბუჩუკურმა.
19 ივლისის აქციაზე არ იმყოფებოდა ლელო-ძლიერი საქართველოს პარტიაც.
ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე აქციაში არმონაწილეობის მიზეზს განმარტავს.მისი განცხადებით, „ლელო-ძლიერი საქართველო" არ და ვერ იქნებოდა იმ აქციის ნაწილი, რომლის მთავარ მოთხოვნასაც არ ეთანხმება.
ამასთან, კუპრაძის თქმით, სხვა აქციებზე, ყველგან წარმოდგენილი იქნებიან
„თსუ-ის მარშზე ,,ლელო - ძლიერი საქართველო" არ ვიყავით წარმოდგენილი, აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნიდან გამომდინარე - რაც ბოიკოტის მხარდაჭერას გულისხმობს. რა თქმა უნდა, არ/ვერ ვიქნებოდით იმ აქციის ნაწილი, რომლის მთავარ მოთხოვნასაც არ ვეთანხმებით.
ოპოზიციიის მეორე ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში რჩება.
მმართველ პარტიაში ამბობენ რომ ოპოზიცონერები ერთად თუ ცალ-ცალკე მაინც დამარცხდებიან.
„ერთად, ცალ-ცალკე, პირველ მეორეზე გათვლით, თუ მეორე პირველზე გათვლით, მნიშვნელობა არ აქვს, ასეც და ისეც, რადიკალური ოპოზიცია, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებში, კიდევ ერთხელ დამარცხდება. ესაა მათი დილემა და ამიტომაა, რომ ვერ გაუგიათ.
ოთხი ბარიერგადალახული პარტია გაყვეს. ორს აღებინებენ არჩევნებში მონაწილეობას, ორი არ იღებს, რომ რაღაცნაირად ყველა ვარიანტი მოსინჯონ. სინამდვილეში მთავარი დილემა, რაც რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს საზღვარგარეთ უდგათ ისაა, რომ შევლენ არჩევნებში - დამარცხებიან, არ შევლენ - დამარცხდებიან. მათი ბოლო არის ერთ და იგივე. ამ ჩიხში თავისი თავი თვითონ ჩაიგდეს, უფრო სწორად, მათმა პატრონებმა ჩააგდეს"-განაცხადა პარლამენტის თავმჯდოამრე შალვა პაპუაშვილმა.