
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საზოგადოებას მოუწოდებს, მზად იყვნენ გარეგინ მეორის სომეხთა კათალიკოსობიდან გაძევებისთვის.
ა.წ. მაისში ფაშინიანსა და ეკლესიას შორის დაწყებული დაპირისპირება, სულ უფრო მწვავდება. Coldplay-ს კონცერტზე მომხდარი სკანდალი, როდესაც ცოლის ღალატში "გამოიჭირეს" , Astronomer-ის აღმასრულებელი დირექტორი, ფაშინიანისთვის კიდევ ერთი პარალელის გავლების მაგალითი გახდა. მისი განცხადებით, Astronomer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თანამდებობა დატოვა, რადგან, კომპანია Astronomer-ის კონცეფციის თანახმად, ოჯახური ღირებულებები ფუნდამენტურია.
"სომხური სამოციქულო ეკლესიის სწავლების თანახმად, სასულიერო პირი, რომელმაც დაუქორწინებლობის აღთქმა დადო, ეკლესიაზე ქორწინდება და სხვა პირადი ურთიერთობების უფლება არ აქვს. კტრიჩ ნერსისიანმა, რომელმაც დაარღვია ეკლესიისთვის მიცემული ქორწინების აღთქმა, დღემდე არ დატოვა საპატრიარქო საკანი, რითაც შეურაცხყო ჩვენი უწმინდესი სალოცავი - დედა საკათედრო ტაძარი. ამით კტრიჩ ნერსისიანი მოგვიწოდებს ჩვენ, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის ერთგულ მიმდევრებს, გავათავისუფლოთ საპატრიარქო მისგან. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ. მოემზადეთ", - დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა.
ამას საინფორმაციო სააგენტო "Россия сегодня"-ს და ტელეკომპანია RT-ს მთავარი რედაქტორის, ეთნიკურად სომეხი კრემლის რუპორის, მარგარიტა სიმონიანის აღშფოთება მოჰყვა, რომლის მტკიცებითაც, ფაშინიანი ღალატობს საკუთარ სარწმუნოებასა და ერს.
"ეს არის რაღაც პატარა ფრაგმენტი ანტიქრისტესი და თუ სომეხი ერი - ის ადამიანები, ვინც დარჩნენ სომხეთში, ვინც ცხოვრობენ სომხეთში, მას არ ჩამოაგდებენ... სომხურ სახელმწიფოებრიობას დაემშვიდობეთ. სომხეთის სახელმწიფო ისტორიაში დარჩება. ჩვენ მხოლოდ სახელმძღვანელოებში წავიკითხავთ მასზე, ხოლო ჩვენ ვიქნებით მთელ მსოფლიოში გაფანტული ერი, რომელსა აღარასოდეს ექნება შანსი, თავიდან მოიპოვოს თავისი სახელმწიფო", - განაცხადა სიმონიანმა "Россия 1"-ის ეთერში.