რეზონანსი
21.07.2025

 ცილისწამება, სიყალბე და თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე - პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ეს შეფასება, ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხის გააქტიურებას მოჰყვა.

გამჭვირვალობისა და ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონების გაუქმებაზე ბრიუსელის მოთხოვნას, შალვა პაპუაშვილი, არგუმენტებით პასუხობს. სპიკერი, ევროპელ ბიუროკრატებს ახსენებს, რომ სწორედ მათ გამოიგონეს მიხეილ სააკაშვილის დემენცია და სოციალურ ქსელში აზიარებს პაველ ჰერჩინსკის გასული წლის განცხადებასაც, სადაც ელჩი ამბობს, რომ ევროკავშირის სახელით იუსტიციის მინისტრს, სააკაშვილთან დაკავშირებით დემარში გადასცა.

ექსპრეზიდენტის პარტიაში კი ამტკიცებენ, რომ ბრიუსელს სააკაშვილის შესახებ ყალბი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. "ნაციონალური მოძრაობა", სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, ევროკავშირის მოთხოვნებს იზიარებს და ირწმუნება, რომ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე საუბარი, მხოლოდ ხელისუფლების გადაწყვეტილებების გამო დაიწყო.

რა კავშირშია ვიზალიბერალიზაციის საკითხი არასრულწლოვანთა დაცვისა და გამჭვირვალობის კანონებთან? სახელისუფლებო გუნდი ბრიუსელისგან არგუმენტებს ითხოვს და ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან შანტაჟზე მიუთითებს. ევროკავშირს რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, ამას მმართველი პარტიის თქმით, ის ევროპული სახელმწიფოებიც ხედავენ, ვინც "დიფ სთეითის" გავლენებს არ ექვემდებარებიან და საქართველოსთვის შეზღუდვების დაწესებას ეწინააღმდეგებიან.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, ბრიუსელში კვალიფიციური უმრავლესობა რომ ვერ თანხმდება, ამაზე "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი გავრცელებულ სტატიაში საუბრობს. რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ამ იდეის წინააღმდეგ, იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით, რვა წევრი სახელმწიფო გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს ზომა საქართველოს მოსახლეობას დააზარალებს და, შესაბამისად, არაპროპორციული იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×