
საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის დღეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიას ითვალისწინებს და მას ხელს ორი ქვეყნის შინაგანს საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს.
რეადმისიის მემორანდუმი, საქართველოში სომხეთს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. არპინე სარგსიანს გეკა გელაძემ უმასპინძლა.
საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება და დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა - ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რაზეც ორი ქვეყნის ძალოვანმა მინისტრებმა, პირისპირ შეხვედრისას ისაუბრეს. გეკა გელაძემ სამომავლო გეგმებზე და რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრას სომხეთის დელეგაციის წევრები და საქართველოს შინაგანს საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დეტალებზე სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა. არპინე სარგსიანმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ოფიციალურ შეხვედრამდე გეკა გელაძემ და არპინე სარგსიანმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელებს პატივი მიაგეს. მინისტრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, დელეგაციის წევრებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112 ში და აკადემიაში მივიდა. სომხეთის პირველი პოლიციელი დანაყოფების საქმიანობით დაინტერესდა.
დღის ბოლოს, სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ და არპინე სარგსიანმა ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. პრემიერი-მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებების დასრულება.
სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ორ დღიანია. არპინე სარგსიანი დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს ხვალ დატოვებს.