მომხრეები დაჟინებით თხოვენ წინასაარჩევნო დაპირების, პედოფილიაში ჩართული გავლენიანი პირების სიის გასაჯაროებას
მარიამ ვეკუა
22.07.2025

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორმაგი სკანდალის ეპიცენტრშია, და ორივე ჯეფრი ეპშტეინის ძალიან ბინძურ საქმეს უკავშირდება. ერთი მხრივ, მისივე მომხრეები დაჟინებით თხოვენ წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას და არასრულწლოვანი გოგონების სექსუალური ექსპლუატაციის საქმეში გარეული გავლენიანი პირების იმ სკანდალური სიის გამოქვეყნებას, რომელსაც თითქოს ეპშტეინი ინახავდა. ეს დაპირება ერთ-ერთი ის ფაქტორი იყო, რამაც მას საპრეზიდენტო არჩევნები მოაგებინა.

მეორე მხრივ, ტრამპი ყოფილ მოკავშირეს, მედიამაგნატ რუპერტ მერდოკს უჩივის „უოლ სტრიოტ ჯორნალში" გამოქვეყნებული თითქოსდა მისი წერილის გამო, რომლის ადრესატი ჯეფრი ეპშტეინია. აღსანიშნავია, რომ მერდოკის კონსერვატიულმა მედიაიმპერიამაც, მიმომხილველებიც მტკიცებით, დიდი როლი ითამაშა შარშან ნოემბერში ტრამპის გამარჯვებაში.

ტრამპი ამ წერილის არსებობას უარყოფს და მერდოკისგან, კომპენსაციის სახით, არც მეტი არც ნაკლები, 10 მილიარდს ითხოვს. ამტკიცებს, რომ პუბლიკაციამ მიზნად მისი ცილისწამება და რეპუტაციული ზიანის მიყენება დაისახა.

სარჩელი, რომელიც მაიამის ფედერალურ სასამართლოშია შეტანილი, ეხება გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომელშიც მისი სახელი 2003 წელს ჯეფრი ეპშტეინის დაბადების დღის მილოცვასთან იყო დაკავშირებული. სტატია, ტრამპის მტკიცებით, იყო ფეიკი და მიზანად მისი რეპუტაციის შელახვას ისახავდა.

მოპასუხეებად სარჩელში დასახელებულნი არიან „უოლ სტრიტ ჯორნალი", მისი მფლობელი კომპანია „ნიუს კორპი", აღმასრულებელი დირექტორი რობერტ ტომსონი, ორი ჟურნალისტი და თავად რუპერტ მერდოკი. ტრამპის იურისტები ამტკიცებენ, რომ პუბლიკაციამ პრეზიდენტს „უზარმაზარი ფინანსური და რეპუტაციული ზიანი" მიაყენა.

ჯეფრი ეპშტეინი სექსუალური დანაშაულისთვის მსჯავრდებული იყო და 2019 წელს ნიუ-იორკის ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეპშტეინის სკანდალი მოიცავს არასრულწლოვან გოგონებთან სექსს, სადაც გარეულნი იყვნენ გავლენიანი და შეძლებული ადამიანები. მედიაში ფართოდ მუსირებს ხმები, თითქოს ჯეფრი ეპშტეინს ჰქონდა იმ გავლენიანი პირების სია, რომლებიც არასრულწლოვან გოგონებთან სექსუალურ კავშირებს ამყარებდნენ, რაც ამერიკის კანონმდებლობით გაუპატიურების ტოლფასია და ხანგრძლივ პატიმრობას ითვალისწინებს.

ტრამპისტების საარჩევნომ კამპანიის ერთ-ერთი დაპირება იყო ამ სიის გამოქვეყნება. ახლა მისი ბევრი ამომრჩეველი სწორედ ამ დაპირების შესრულებას ითხოვს, და ერთგვარად იმედგაცრუებულია იმით, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამაზე ფეხს ითრევს.

ეპშტეინის საქმე ფართოდ გავრცელებული შეთქმულების თეორიების წყაროდ იქცა, განსაკუთრებით დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა რიგებში, სადაც ხშირად ჟღერდება ვარაუდები, რომ ხელისუფლება ეპშტეინის კავშირებს გავლენიან და შეძლებულ პირებთან უზრუნველყოფდა და თავად ბრალდებულს მფარველობდა.

დონალდ ტრამპი იფიცება, რომ ურთიერთობა ეპშტეინთან დიდი ხნით ადრე შეწყვიტა - ჯერ კიდევ იმ დროს, სანამ მას დამნაშავის სტატუსი ექნებოდა.

„ახლახან შევიტანეთ სარჩელი ყველას წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობდა ცრუ, მავნე, ცილისმწამებლური სტატიის გამოქვეყნებაში," -- დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. „ - ვიმედოვნებ, რომ ისინი მოუთმენლად ელიან მრავალსაათიან ჩვენებებსა და კითხვებს, რომლებიც ამ საქმის ფარგლებში მათ წარედგინებათ."

თავის მხრივ, „უოლ სტრიტის ჯორნალის" წარმომადგენელმა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენ სრულად დარწმუნებულნი ვართ ჩვენი რეპორტაჟის სიზუსტეში და ენერგიულად დავიცავთ თავს ნებისმიერი სარჩელის წინააღმდეგ."

თეთრი სახლი შეშფოთებულია

ტრამპის მხარდამჭერთა რიგებშიც უკმაყოფილება შეიმჩნევა იმის გამო, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული ფაილების სრულად გამოქვეყნების დაპირება უკან წაიღო.

7 ივლისს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მემორანდუმში ნათქვამია, რომ ეპშტეინმა თავი მოიკლა და აღნიშნულია, რომ არ არსებობდა ე.წ. „ინკრიმინაციული კლიენტების სია" ან რაიმე მტკიცებულება, რომ ის აშანტაჟებდა გავლენიან პირებს.

მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ზეწოლის პირობებში, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მან გენერალურ პროკურორ პემ ბონდის დაავალა სასამართლოსთვის მოეთხოვა ნაფიც მსაჯულთა ჩვენებების გასაჯაროება, რომლებიც ეპშტეინის საქმეს უკავშირდება.

მომდევნო დღეს აშშ-ის მთავრობამ მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ოფიციალურად შეიტანა შუამდგომლობა და მოითხოვა ეპშტეინისა და მისი ყოფილი მოკავშირის, გისლეინ მაქსველის საქმეებთან დაკავშირებული დიდი ნაფიც მსაჯულთა ჩანაწერების გამოქვეყნება.

გისლეინ მაქსველი 2021 წელს დამნაშავედ ცნეს ხუთ ფედერალურ მუხლში, რომლებიც არასრულწლოვანი გოგონების სექსუალურ ექსპლუატაციაში მის მონაწილეობას უკავშირდება, მაქსველი ამჟამად აშშ-ის უზენაეს სასამართლოში მის მიმართ გამოტანილ განაჩენს - 20-წლიან თავისუფლების აღკვეთას ასაჩივრებს.

გენერალური პროკურორის მოადგილე ტოდ ბლანშმა სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნა: „საჯარო მოხელეები, კანონმდებლები, ექსპერტები და რიგითი მოქალაქეები კვლავ ღრმად არიან დაინტერესებულნი და შეშფოთებულნი ეპშტეინის საქმით. ყოველივე ამის შემდეგ, ჯეფრი ეპშტეინი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო პედოფილია."

თუმცა, სამართლებრივი პროცესი შესაძლოა არ დაემთხვეს ტრამპის მხარდამჭერთა მოთხოვნებს - კერძოდ, იმ დოკუმენტების სრულ გამოქვეყნებას, რომლებიც, მათი აზრით, ადმინისტრაციის მიერ იქნა შენახული. მოსამართლეს შეუძლია უარყოს მთავრობის შუამდგომლობა ჩანაწერების სრულად გასაჯაროების თაობაზე, რაც ტოვებს კითხვის ნიშნებს ეპშტეინის საქმის გარშემო არსებული საზოგადოებრივი მოლოდინის დაკმაყოფილების შესაძლებლობაზე.

„უხამსი წერილი"

„უოლ სტრიტ ჟურნალის" ცნობით, თითქოსდა დონალდ ტრამპის სახელით დაწერილი წერილი ეპშტეინის ტყავის ყდიან დაბადების დღის ალბომში იყო მოთავსებული, რომელიც სხვა ცნობილი პირების მილოცვებსაც მოიცავდა.

გამოცემის მტკიცებით, წერილი შეიცავდა აკრეფილი ტექსტის რამდენიმე სტრიქონს, რომელიც შიშველი ქალის კონტურის ილუსტრაციით იყო შემოსაზღვრული.

გაზეთის ცნობით, წერილი სრულდებოდა შემდეგი ტექსტით: „გილოცავ დაბადების დღეს - დაე, ყოველი დღე კიდევ ერთი შესანიშნავი საიდუმლოსთვის იყოს", ხელმოწერით - „დონალდი".

ბრალდებები ჯეფრი ეპშტეინის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ის არასრულწლოვან გოგონებზე სექსუალურ ძალადობაში იყო ეჭვმიტანილი, 2006 წელს გახდა საჯარო - დაბადების დღის წიგნის სავარაუდო გამოშვების შემდეგ. სწორედ იმავე წელს ის დააკავეს, თუმცა მოგვიანებით საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს.

ეპშტეინი 2019 წელს, ტრეფიკინგის შეთქმულების ბრალდებით მეორედ დაპატიმრებიდან ერთ თვეზე ცოტა ხნის შემდეგ, ციხეში გარდაიცვალა.

დონალდ ტრამპი 1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში რამდენჯერმე გადაიღეს ეპშტეინთან ერთად სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებაზე. იმ პერიოდში ისინი ფლორიდაში მეზობლად ცხოვრობდნენ.

2002 წელს New York Magazine-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპი ამბობდა:

„ჯეფს 15 წელია ვიცნობ. შესანიშნავი ბიჭია. მასთან ურთიერთობა ძალიან სახალისოა. ამბობენ, რომ მასაც ისევე მოსწონს ლამაზი ქალები, როგორც მე - და ბევრი მათგანი ახალგაზრდაა".

2019 წელს, ეპშტეინის დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე, ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მასთან „დაპირისპირება" ჰქონდა: „ისე ვიცნობდი, როგორც პალმ-ბიჩში ყველა. შემდეგ დავა გვქონდა. 15 წელია არ მისაუბრია. მისი ფანი არ ვყოფილვარ, ეს შემიძლია გითხრათ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×