
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა დირექტორმა, ბალაშ ორბანმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უცხო ქვეყნების პოლიტიკაში ამერიკული ჩარევის დაფინანსებაზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამ საკითხთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში გამართული მოსმენა მოიშველია.
ბალაშ ორბანის თქმით, ვაშინგტონშიც აღიარებენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უნგრეთში ოპოზიციას აფინანსებდა და ლიბერალური ელიტისთვის მიუღებელ სახელმწიფოებს ებრძოდა.
ორბანის მტკიცებით, უნგრეთის არჩევნებში საკუთარი ინტერესების გასატარებლად ჩართული იყო ასევე USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელი სამანტა პაუერი.
„კარგად გვახსოვს, როდესაც სამანტა პაუერი ბუდაპეშტში ჩამოვიდა, ვითომდა ადგილობრივი მედიის გასაძლიერებლად, სინამდვილეში კი არჩევნებამდე ანტისამთავრობო მედიას აფინანსებდა. უნგრეთი არ დაუშვებს, რომ უცხოეთიდან მხარდაჭერილმა ქსელებმა, რომლებმაც ვაშინგტონის შემდეგ იდეოლოგიურად ბრიუსელში დაიდეს ბინა, ჩვენი მომავალი გადაწყვიტონ. უნგრეთის სუვერენიტეტი არ იყიდება. მათ შორის არც ბრიუსელის აპლოდისმენტებზე", - დაწერა ბალაშ ორბანმა.