
ბარიერგადალახული ოპოზიციის ორივე ფლანგს 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის საკუთარი გეგმები აქვთ - ბოიკოტის მომხრე 8 პარტია და მათი აქტივისტები რეგიონებში „წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას" იწყებენ. არჩევნებში ჩართვის მომხრეები კი, თავის მხრივ მონაწილეობისთის ემზადებიან, მიუხედავად მათი ლიდერების ციხეში ყოფნისა.
"ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, სისტემურ ოპოზიციად იქცევა, რომელიც დიქტატურულ ძალას დემოკრატიული პროცესების იმიტაციაში დაეხმარება - წინააღმდეგობა შესუსტდება",- აცხადებენ ენმ-ში.
"ბოიკოტი მკვდრადშობილი იდეაა. არ მჯერა ისეთი იდეის, რომლის საბოლოო შედეგადაც „ქართული ოცნება" საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში იქნება უფრო ძლიერი, უფრო მეტი წვდომით საბიუჯეტო სახსრებზე, უფრო მეტი წარმომადგენლობით",- მიაჩნიათ "ლელოში".
რომელ ფლანგს ექნება უფრო მეტი მხარდაჭერა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბოიკოტის მომხრეებს მეტი მხარდაჭერა ექნებათ, ვიდრე არჩევნებში მონაწილე ოპოზიციას.
"უფრო მეტი მხარდაჭერა ექნებათ იმათ, ვინც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, რადგან მაგალითად, წინა არჩევნებში "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე "ლელომ" და გახარიას პარტიამ, თან "ლელოს" გადაწყვეტილებას ემიჯნება ამ პარტიის მომხრეთა გარკვეული ნაწილი, მათ სორის პოლიტიკური ელიტაც, რომლებმაც პოლიტიკური საბჭო დატოვეს.
"რეგიონებში გასვლა კარგია, უნდა შეხვდნენ არა მარტო თავიანთ მომხრეებს, არამედ ნეიტრალურად განწყობილ ადამიანებსაც. არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციას არაფერს არ მოუტანს, რადგან ძალიან ბევრი არ წავა არცევნებზე",-განაცხადა ჩიტაძემ.
ნიკა ჩიტაძის პროგნოზით, 4 ოქტომბერს ბოიკოტის მომხრეებისგან შესაძლოა დიდი აქცია დაიგეგმოს.
"წესით, ძალიან ბევრი ხალხი უნდა შეიკრიბოს, ვინც გააპროტესტებს, მათ შორის საარჩევნო უბნებთან და შემდგომში თუნდაც რუსთაველზე და აჩვენონ, რომ უმრავლესობა არჩევნების წინააღმდეგია",- განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ არჩევნების მომხრე ოპოზიციურ ფლანგს უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება, ვიდრე ბოიკოტის მომხრეებს.
"თუ ზოგადად ელექტორატი ნორმალურად აზროვნებს, მაგათ რა მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ? ოპოზიციურ ელექტორატს რაც შეეხება, ისინი მხარს როგორ უნდა უჭერდნენ იმ ხალხს, რომლებიც პირდაპირ მოწოდებულები არიან იმისთვის, რომ მოლოტოვის კოქტეილები ისროლონ და ქართველო პოლიციელები ცოცხლად დაწვან.
"ვფიქრობ არჩევნების მომხრეებს უფრო მეტი ელექტოლარული მხარდაჭერა ექნებათ, ანუ "ლელოს" და "გახარია საქართველოსთვის". ბოიკოტის მომხრეები არიან სახლმწიფო გადატრიალების პოტენციური მომხრეები, მათ გეგმაში აქვთ გადატრიალება, სისხლისღვრა. უბედურება, შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლოა და საქართველოს ომში ჩაბმა.
"იარონ რეგიონებში რამდენიც უნდათ. მაგათ ჰგონიათ, რომ რეგიონის ხალხი ბრიყვია, აზროვნება არ აქვთ და მათ საქართველოს ომში ჩართვა უნდათ. მე მაგ უბედურებს ასეთ რამეს შევახსენებდი, მთაწმინდაზე ნახონ რამდენი ქალაქელია დაკრძალული და რამდენია რეგიონიდან",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ "რეზონანსთან".
რას ამბობენ არჩევნების მოწინააღმდეგეებში
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას ეხმაურება, მისი თქმით, იმ პარტიებმა, რომლებიც 4 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობის მიღების მზაობა გამოთქვეს, 19 ივლისის აქციაზე დაინახეს, თუ რა იყო საპროტესტო ელექტორატის მოთხოვნა და დაკვეთა.
„4 ოქტომბერს რომ არჩევნები იყოს, ყველა პოლიტიკოსი დიდი სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ ქვეყანაში არჩევნები აღარ ტარდება, ამიტომ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. ორი მთავარი მიზეზია, ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, სისტემურ ოპოზიციად იქცევა, რომელიც დიქტატურულ ძალას, ივანიშვილის ბანდის სახით, დემოკრატიული პროცესების იმიტაციაში დაეხმარება.
"მეორე: წინააღმდეგობა შესუსტდება, ის რაც მთავარ დაბრკოლებას უქმნის რეჟიმს, რაც შიდა დაპირისპირებებსა და რყევებს იწვევს, ასევე საერთაშორისო ზეწოლას, რაც ერთადერთი გზაა მსგავსი რეჟიმების წინააღმდეგ საბრძოლველად. მონაწილეობის მიღებით ამ ბრძოლას დააზიანებს პოლიტიკური აქტორი. ერთადერთი, რაც უნდა შეცვალოს არის პოლიტიკური აქტორების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, 19 ივლისს აქციაზე კარგად დაინახეს, თუ რა არის საპროტესტო ელექტორატის დაკვეთა",- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებიც სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობის არ მიღებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ, „ქოცი" იყო, რომლებიც კვლავ „ქოცურ" ნარატივს მიყვებიან".
„მათი დიდი ნაწილი [„ლელო-ძლიერი საქართველო" და „გახარია-საქართველოსთვის"] „ქოცი" იყო ცოტა ხნის წინ და ახლაც შესაძლოა „ქოცურ" ნარატივს მიჰყვებიან ხოლმე, სინამდვილეში ვისაც უნდა რომ პროტესტში და წინააღმდეგობაში ნიჰილიზმი დათესოს, არის ივანიშვილი და მისი ბანდა. ამ ქვეყანაში ყველამ იცის, რომ დიქტატურული რეჟიმები მარცხდება არა სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებით, არამედ ბრძოლით, წინააღმდეგობით, საპროტესტო გამოსვლებითა და არ თანამშრომლობით.
"ერთადერთი გზა ივანიშვილის ბანდის დემონტაჟის არის ეს და არა ისეთ პროცესში შესვლა, რომელშიც თავიდანვე განწირულები არიან პოლიტიკური ძალები მარცხისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ. თუ ეს ხალხი საპროტესტო ელექტორატის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას არ დაჰყვება, მათთვისვე იქნება ცუდი, რადგან მათ მხარს უჭერენ ივანიშვილს მოწინააღმდეგეები და არა ის ხალხი, ვინც სტატუს-კვოს შენარჩუნებას უჭერენ მხარს",- განაცხადა ფავლენიშვილმა.
არჩევნებში ჩართვის მომხრეთა პოზიცია
ბოიკოტი არის მკვდარი თემა, მკვდარი სტრატეგიაა. მკვდარია ბოიკოტი, ეს გულწრფელად უნდა ვთქვათ, როგორც არ უნდა ეწყინოთ ჩვენს კოლეგებს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა. კუპრაძის თქმით, ბოიკოტი მკვდრადშობილი იდეაა.
„პატივს ვცემთ მათ არჩევანს, არ ვაკრიტიკებთ, არ ვლანძღავთ, არ ვეძახით რაღაც საშინელ სიტყვებს, როგორც გვეძახინ, მაგრამ ბოიკოტი მკვდრადშობილი იდეაა. არ მჯერა ისეთი იდეის, რომლის საბოლოო შედეგადაც „ქართული ოცნება" საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში იქნება უფრო ძლიერი, უფრო მეტი წვდომით საბიუჯეტო სახსრებზე, უფრო მეტი წარმომადგენლობით. პლუს, ამ ყველაფერს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიითვის გამოიყენებს", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.