
ახლა პოლიტიკური ველი ფაქტიურად სამადაა გაყოფილი - ერთის მხრივ ხელისუფლება, მეორეს მხრივ კი ორ ფლანგად გაშლილი ოპოზიცია. ბოიკოტის მომხრეები აგვისტოში პროტესტის უწყვეტად გაგრძელებას და წინააღმდეგობის კერების შექმნას აანონსებენ, სექტემბერში კი პროტესტის დიდ ტალღას ელოდებიან. ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი არჩევნებისთვის ემზადებიან.
დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ კონკრეტული გეგმა აქვთ.
„რვა პარტიას გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ გავაფართოოთ წინააღმდეგობა, რომელიც რუსთაველზეა - უწყვეტი და ძალიან დასაფასებელი. ამიტომ ჩვენ წინააღმდეგობის კერებს შევქმნით, გვაქვს ამის კონკრეტული გეგმა.
ამაზე გვექნება საუბარი რუსთაველზეც, ეთერებშიც. კონკრეტული წინააღმდეგობის კერები მთელი საქართველოს მასშტაბით. აგვისტოში უწყვეტი პროტესტი უნდა გავაგრძელოთ და სექტემბერში ვიზალიბერალიზაციაზე საქართველომ უნდა დაიხუვლოს. რაოდენობითაც, მასშტაბითაც, სიდიდითაც, ყველაფრით უნდა დაიხუვლოს და მთლიანად საქართველომ უნდა თქვას - არა. ირაკლი კობახიძეს არავინ ჰკითხავს ჩემი შვილის მომავლის წართმევას", - განაცხადა ხოშტარიამ.
როგორ გამოიყენებს ხელისუფლება ორთვიან პერიდს
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებისთვის მოემზადება.
"ხელისუფლება იმუშავებს, როგორც ახლა მუშაობს - შესაბამისი სტრუქტურები არჩევნებისთვის მოემზადებიან, ცესკო, თუ ადგილობრივი დონეზე სტრუქტურები და მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ხელისუფლების ორგანიზებით, რადგან მას ეს ევალება.
"ოცნება" როგორც პარტია საარჩევნო კამპანიასაც ჩაატარებს, მთლად ისეთი შეიძლება არ იყოს, როგორიც 2024 წელს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებში აქტივობა. შარშან არჩევნებში მოსახლეობის 58%-მა მიიღო მონაწილეობა, რომ არა ამომრჩევლის განწყობა და ცნობილი სინდრომი, რომ "ესენი ხომ მაინც გაიმარჯვებენ", უფრო მეტი აქტივობა იქნებოდა. მეტი ადამიანი რომ მისულიყო - 70-75% ,"ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას ნამდვილად აიღებდა.
"ახლა "ოცნებისთვის" მნიშვნელოვანია დააჯეროს მოსახლეობა, ის კი არა, რომ მაინცდამაინც მე მომეცით ხმაო, არა - მიდით და გამოიყენეთ ბიულეტენი, დასწრება დიდი უნდა იყოს, იმის ნდობა არ შეიძლება, რომ მაინც მივლენ და ა.შ. ადამიანებში ეს აზრი სუფევს, რომ აი, როგორც 2024-ში გაიმარჯვეს, ახლაც გაიმარჯვებენ და რატომ მივიდე",-განაცხადა პეტრე მამრაძემ.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილ "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნებას" ახლა სანერვიულო აქვს, რადგან ბოიკოტის თემა ჯერ გაურკვეველია.
"ოცნება" მშვიდად არის, თუმცა სანერვიულო ბევრი აქვს, რადგან ელოდება ბოიკოტის თემა როგორ ჩამოყალიბდება, ვიდრე საბოლოოდ არ გაირკვევა არჩევნებში ვინ მონაწილეობს და ვინ არა. ეს ხელისუფლებისთვის ყოველთვის დილემა და შფოთვა იქნება - უნდა გააყალბოს არჩევნები, თუ არა.
"ურჩევნია, რომ არ გააყალბოს, თუმცა, თუ მოუწია, ამისთვის მზად უნდა იყოს. რაღაც მექანიზმები მუშაობს, რათა აუცილებლობის შემთხვევაში, გაყალბების მანქანა ჩაერთოს. გაყალბების მანქანა ჩაერთობა მაშინ, თუ აღმოჩნდება, რომ "ნაცმოძრაობა" და "ახალი" არჩევნების მონაწილეობას გადაწყვეტს. აი მაშინ გააძლიერებს "ოცნებისთვის" საფრთხეს და დიდ ქალაქებში ოპოზიციის შანსები მაღლა იწევა, რომ მერების არჩევნები მოიგოს.
"ეს ყველაფერი აგვისტოში უნდა გაირკვეს, თუ აღმოჩნდება, რომ ენმ გარანტირებულად არ მიდის არჩევნებში, "ოცნება" დამშვიდდება, რადგან ბოიკოტი აწყობს, მისი ამომრჩევლები არ მივლენ და დიდ ქალაქებში მეორე ტურები არ გაიმართება და გაყალბება არ დასჭირდება.
"მეორე მომენტია, ჯერ კიდევ არ ვიცით და "ოცნებას" მკაფიოდ არ უთქვამს, რომ ვადამდელ არჩევნებს არ ჩაატარებს და არ დაამთხვევს ადგილობრივი არჩევნების დღეზე. ეს 4 აგვისტოს გაირკვევა, თუ ისინი საპარლამენტი არჩევნებზე წასვლას აპირებენ, ეს იქნება არა ქუჩის და ოპოზიციის, არამედ რუსეთის მოთხოვნა.
რუსეთს სჭირდება "ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს და კონსტიტუციიდან ამოიღოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების 78-ე პარაგრაფი. თუ რუსეთისგან სერიოზული წნეხია და ეს საჯაროდ არ ჩანს, მაშინ ისინი საპარლამენტო არჩევნებზეც წავლენ.
"ამას ბოლომდე იმიტომ ინახავენ, რომ ამომრჩეველი დააბნიონ და ბოიკოტის მომხრეები გონს ვეღარ მოეგონ. 4 აგვისტო იმიტომ, რომ თუ ვადამდელი არჩევნები ინიშნება, მაშინ არსებული პარლამენტი უნდა დაითხოვონ არჩევნებამდე 2 თვით ადრე.
ვინაიდან ვიცით ადგილობრივი არჩევნების დღე, შესაძლოა დაამთხვიოს ორის ერთად ჩატარება. თუ "ოცნება" ვადამდელზე წავა, ცალკე თარიღზე არ წავა, მათთვის ყველაზე იოლი და ოპოზიციისთვის დამანგრეველი იქნება ის, რომ ერთსა და იმავე დღეს დაამთხვიოს. ამომრჩევლის დიდი ნაწილი, რომელიც ბოიკოტზეა ორიენტირებული, დაიბნევა, ანუ "ოცნება" სრულ ქაოსს შექმნის ბოიკოტში მყოფ ოპოზიციაში.
"თუ პარლამენტის დაშლას არ გამოაცხადებს, ესე იგი ის 2028 წლამდე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ აპირებს",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
არჩევნებში მონაწილე ოპოზიცია და აგვისტო-სექტემბერი
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ამბობს, რომ პერიოდს გამოყენებს "ლელო" და "გახარია საქართველოსთვის", მაგრამ მათ რესურსი არ აქვთ წინასაარჩევნო კამპანიის.
"ეს პერიოდი მათ შეიძლება გამოიყენონ, მაგრამ ანტიეროვნულ ძალებს, მათ შორის ვინც უკვე აცხადებს, რომ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, მათ შანსი მეტ-ნაკლებად აქვთ, მაგრამ ძალიან მცირე, მით უმეტეს, თუ მაღალი აქტივობა იქნება, სამწუხაროდ თვითმმართველობის არჩევნებზე აქტივობა ბევრად ნაკლებია ხოლმე, ვიდრე საპარლამენტო, ან საპრეზიდენტოზე. ეს მთელს მსოფლიოში ასეა.
"ესენი "ოცნებას" სერიოზულ მეტოქეობას ვერ გაუწევენ. ეს პერიოდი რომ გამოიყენონ, მათ ამის რესურსი არ აქვთ, თავიანთ ტელევიზიაბში გამოვლენ ხოლმე, გამოიყენებენ კანონით დაწესებულ დროს, მაგრამ მოსახლეობისთვის სათქმელი ძალიან ცოტა აქვთ. რა უნდა უთხრან ძალიან მაინტერესებს, რეალური შეთავაზება რა არის? ევროკავშირში შესვლა?ეს მოსახლეობას არ სჯერა, რომ ესენი შეიყვანენ.
"მე საარჩევნო გეგმის რესურსს ვერ ვხედავ. რომ იყო საქართველოში რაღაცა თემა, რომელსაც ქარიზმატული და პოპულისტი ადამიანი მის აგორებას შეძლებდა, ეგეთი თემა არ არის. რომ ყოფილიყო, ამოგრებელიც გამოჩნდებოდა და პოპულისტიც, ისეთი, რომლის სახელიც კი არ ვიცით, ეს არაა და რა უნდა შეთავაზონ, სოციალურ-ეკონომიკური საკითხები, ჯანდაცვა და განათლება? კიდევ რა? რა შეიძლება შესთავაზონ, როცა მათადმი ნდობა არაა",- განაცხადა მამრაძემ.
"რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ყველაზე ნაკლები სანერვიულო ახლა გახარია-ხაზრაძის პარტიებს აქვთ, თუმცა ბულინგის ქვეშ არიან.
"ყველაზე ნაკლებად სანერვიულო აქვს გახარიას და "ლელოს". ისინი "დახვრეტაზე" მიდიან, ყველა მათ ლანძღავს, რასაც უკვე მიეჩვივნენ. მათ იციან, რომ ძალიან დიდ დარტყმებს მიიღებენ ენმ-სა და "ოცნებიდან", რომლებიც პრაქტიკულად გახარიასა და "ლელოს" წინააღმდეგ ერთიანდებიან, ასევე მათ წინააღმდეგ, ვინც არჩევნებში ერთვება.
"თუ მათ რაღაც შედეგი მაინც დადეს, სანერვიულო არ აქვთ. თუ წარმატებას ვერ მიაღწიეს, ყველაფერი ბოიკოტის ბრალი იქნება. ბოიკოტი თავის მიზანს ვერ მიაღწევს, "ოცნებას" ვერაფერს ვერ უზამს და ამით უფრო წარმატებული იქნება, მაგრამ ოპოზიციას დაანგრევს, ასეთი წინდაუხედავობა და უგნურება არ გამიგია.
"არც "ნაციონალური" მოძრაობა და არც "ქართული ოცნება" საქართველოზე არ ფიქრობენ, "ოცნებას" ძალაუფლების, ენმ-ს კი საყვარელი ოპოზიციის როლის შენარჩუნება უნდა. ენმ-ს მთავარი მიზანია შეასრულოს ბიძინა ივანიშვილის ამოცანა - შუის გაკრეფა, რაც ივანიშვილს არ გამოუვიდა და საბოლოო ჯამში, მივიღეთ ორი თვითკმარი არანაციონალურ მოძრაობის პარტიათა ნიმუში.
"ოპოზიციაში გაყოფა კარგი არაა, მაგრამ ამ გახლეჩვამ კარგი ის მოიტანა, რომ ენმ-სთან ჭიპლარი ჩაწყდა. ახლა ძნელი იქნება "ოცნებამ" მისი მიამიტი ამომრჩეველი დააჯეროს, რომ "ლელო" და გახარია არიან "ნაცმოძრაობა", იმედია ენმ-ს დიდი შეცდომა ძვირად დაუჯდება და საბოლოო ჯამში პოლიტიკური სივრციდან აორთქლდება",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
როგორ გამოიყენებენ ბოიკოტის მომხრეები ორ თვეს
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბოიკოტის მომხრეები "უფრო ჩაიძირებიან".
"ბოიკოტის მომხრეები ამ პერიოდში კიდევ უფრო ჩაიძირებიან, უკვე რა დღეში არიან. ის მომენტი, რომ "ნაცები" შარშან არჩევნებზე ჩაფლავდნენ, როცა იმის წინა არჩევნებზე მარტო სააკაშვილმა ბუბა კიკაბიძე დააყენა და 36 ადგილი აიღო, ყველა დანარჩენმა ერთად აღებულმა 24 ადგილი, ახლა კი ეს ყველაფერი აყირავდა. გვარამიაც და მელიაც კი "ნაცები" არიან, მაგრამ ახლა არ "ნაცობდნენ", გვარამია მხრებს იჩეჩავდა, ამბობდნენ რა დროს სააკაშვილიაო.
"მათი ბოიკოტი სწორედ ამითაა ნაკარნახევი - რომ მიიღონ მონაწილოება არჩევნებში, ეს იქნება მათთვის უარსი კრახი, შესაბამისად არ მიკვირს გვარამია როცა ბოიკოტს აცხადებს, როცა შესაბამისი პოლიტიკური ალღო აქვს და მიიჩნევენ, რომ მაინც ბოიკოტი სჯობს, ამით მაინც დასავლეთის პარტნიორებთან ურთიერთობას შეინარჩუნებენ, რომ აი არ ვცნობთ ამ ხელისუფლების ლეგიტიმურობას და არც ცესკო-ს. ახლა უკვე წამოვა ის მომენტი, რომ ვინც მონაწილეობას მიიღებს, ის იქნება სისტემური ოპოზიცია", -განაცხადა პეტრე მამრაძემ.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გვეუბნება, რომ ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას სანერვიულო აქვს.
"ნაციონალურ მოძრაობას" და "ახლებს" სანერვიულო აქვთ, რადგან თუ გახარია და ხაზარაძის პარტიები არჩევნებში შედიან, ესენი დილემის წინაშე დგებიან. არჩევნების მომხრე ოპოზიცია მაინც ქმნის კონსტრუქციული ოპოზიციის განცდას და მათი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი და მემგონი კიდევ უფრო მეტიც არჩევნებზე მივლენ. მეორეც, არ გამოვრიცხავ, რომ შუაში მყოფებმაც და "ოცნების" ამომრჩევლებმაც კი მათ მისცენ ხმა, რადგან არც ხელისუფლება მოსწონთ და არც "ნაცმოძრაობისთვის" უნდათ ხმის მიცემა.
"ახლა ბარიერი 4% იქნება და ხვიჩიას "გირჩს" მაღალი შანსი აქვს, შეიძლება ამ დღეებში ანა დოლიძის პოზიციაც გაირკვეს, თუ ეს პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, ყველას აქვს შანსი და ენმ-სთვის განკუთვნილი ადგილები შეიძლება ამ პარტიებმა დაიკავონ, ამ ფონზე "ნაცმოძრაობას" სანერვიულო აქვს, ბოლოს და ბოლოს მთლიანად კარგავს პოლიტიკურ გავლენებს და რჩება ქუჩაში და საკრებულოებში შედიან გახარიას პარტია, "ლელო", გირჩი" დოლიძე, შეიძლება სხვებიც და ესენი განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოში და რაიონებიდან მოემზადებიან მორიგ, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის",- განაცხადა ზაქარეიშვილმა "რეზონანსთან".