
მთავარი ამოცანა რაც დგას 15 აგვისტოსთვის, ეს გახლავთ ის, რომ 15 აგვისტოდან უქმდება ე.წ. კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტები, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“.
მისივე თქმით, ახლო მომავალში საზოგადოებისთვის გაკეთდება განცხადება და დაინტერესებულ ადამიანებს ინფორმაციას მიაწვდიან.
„რეალურად, მუშაობა რომელიც დაწყებულია, საბოლოო ჯამში, მთავარი თვისება, რაც გაუჩნდა ამ მუშაობას, ეს გახლავთ შედეგზე ორიენტირება. შედეგზე ორიენტირებაში იგულისხმება ის, რომ თუკი ადრე გარკვეული მანკიერი ლიბერალური მიდგომები [იყო], ე.წ. ლიბერალური მიდგომები, თუმცა სულ არ ვთვლი, რომ ეს ლიბერალურია, რეალურად ფუნქცია ჰქონდა დაკარგული ძალიან ბევრ პროგრამას და რეალურად, ის ფუნქციონირებდა არა იმ მიზნით, რომ განკურნებულიყო წამალდამოკიდებული ადამიანი. ამ თვალსაზრისით გვექნება ბევრი რამ შესაცვლელი და ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით, რომ თითოეული კომპონენტი და თითოეული ნაწილი მთლიანად ამ მოზაიკის, თითოეული ფრაგმენტი გახდეს ორიენტირებული შედეგზე. ამ შემთხვევაში, ეს გულისხმობს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს ადამიანი, რომელიც რაღაც მომენტში მკურნალობის პროცესის გავლის შემდეგ შეძლებს, რომ აღარ იყოს დამოკიდებული სულ მცირე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში. რაც უფრო მეტხანს გასტანს ეს მდგომარეობა, მით უკეთესი.
ამისთვის, რა თქმა უნდა, მოხდება ყველა რესურსის გამოყენება და აქ, რასაკვირველია არც საზოგადოება იქნება განწყობილი არც სახელმწიფო და ბუნებრივია, არც ჩვენი სამინისტრო, რომ სადმე რამე დაზოგოს რესურსი და ენერგია იმ თვალსაზრისით, რომ იყოს შედეგიანი ჩვენი ძალისხმევა.
ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ ფართო მასშტაბით მუშაობა, დაწყებული ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებთ, რომელიც ასევე აუცილებელია და ესეც ემსახურება თავის მხრივ მკურნალობის ეფექტიანობას და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, თვითონ პროცედურები, პროგრამები, გაზომვა, ამის ყველაფრის შემუშავება, ფსიქოლოგის სადღაც ჩართვა, ბევრი კომპონენტისგან შემდგარი, მაგრამ მთლიანობაში, საბოლოო ჯამში ეს უნდა იყოს ჩვენი სამიზნე ამოცანა. მე არ მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ ამ თვალსაზრისით ამ დრომდე ბევრი რამ სწორად კეთდებოდა. პირიქით, ბევრი რამ უსწოროდ კეთდებოდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ მიმართულებით ძირითადი შემოტრიალების განხორციელებას და 15 აგვისტოდან რეალურად სრულიად ახალ მოცემულობას ვიხილავთ.
მთავარი ამოცანა რაც დგას 15 აგვისტოსთვის, ეს გახლავთ ის, რომ 15 აგვისტოდან უქმდება ე.წ. კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტები. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ახლო მომავალში გავაკეთებთ განცხადებას საზოგადოებისთვის, სადაც მივაწვდით ინფორმაციას დაინტერესებულ ადამიანებს, ვისაც ექნებათ სურვილი, რომ გააგრძელონ იგივე სერვისის მიღება სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში და ბუნებრივია, მიმართვიანობის მართის პირობებში მისამართის შერჩევა, ბევრი ფაქტორი იქნება მხედველობაში მისაღები, შევეცდებით, რომ მაქსიმალურად მოვარგოთ ეს თვითონ პაციენტების, ბენეფიციარების ინტერესებს, თუმცა, რასაკვირველია მათაც მოუწევთ გარკვეული სიახლეების მიღება და ამასთან ადაპტაცია“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.